Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  დიდი ბრიტანეთი

მეთ მერფი

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ადანაშაულებს რუსეთს, რომ ეს უკანასკნელი, ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურით – „შანტაჟს ეწევა“.

რუსეთმა აღნიშნული სადგური ხელში მარტის თვეში ჩაიგდო. მას ბრალად სდებენ, რომ  ეს ობიექტი სამხედრო ბაზად აქცია, საიდანაც ცეცხლს უშენენ ახლომდებარე ქალაქებს

ბოლო დღეების განმავლობაში, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა აეს-ის დაბომბვაში, რასაც მოჰყვა გაეროს გაფრთხილება – შესაძლო ბირთვული კატასტროფის შესახებ.

ზელენსკი ამბობს, რომ ნებისმიერი რუსი ჯარისკაცი, რომელიც გაისვრის სადგურის ტერიტორიიდან, „განსაკუთრებულ სამიზნედ“ ჩაითვლება.

ზაპოროჟიეს სადგური, 6 ბირთვული რეაქტორით, განლაგებულია ქალაქ ენერგოდარში – მდინარე დნეპრის ( უკრაინულად – დნიპრო) მარჯვენა ნაპირზე, უკრაინის სამხრეთ ნაწილში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სადგური რამდენიმე დღეში დაიკავა. მოსკოვმა, ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით, უკრაინული პერსონალი ადგილზე დატოვა.

გაერომ განაცხადა, რომ სადგურის ირგვლივ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ბირთვული კატასტროფა, რომელიც ევროპის დიდ ნაწილს დააზარალებს.

რუსეთმა არერთხელ  უარყო რაიმე სახის დარღვევა სადგურის მუშაობაში.

მის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან სადგურზე კონტროლი  დააწესა იმ მიზნით, რომ აღეკვეთა საბრძოლო მოქმედებების შედეგად რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა.

შაბათ საღამოს, თავის რადიომიმართვაში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სწორედ რუსეთის ხელი ურევია „გამუდმებულ პროვოკაციებში“ და რომ სადგურზე განლაგებული ძალები, მას იყენებენ ბაზად, საიდანაც იბომბება მეორე ნაპირზე განლაგებული ნიკოპოლი და მარგანეცი.

პრეზიდენტის თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ მოხდეს „ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი თავისუფალი სამყაროს დაშანტაჟება.“ თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ „რუსული შანტაჟი – კიდევ უფრო აძლიერებს გლობალურ ძალიხმევას – მიმართულს ტერორის წინაააღმდეგ.“

„ყოველ რუს ჯარისკაცს, რომელიც სადგურს ესვრის ან ამ ადგილს გამოიყენებს, როგორც თავშესაფარს ცეცხლის გასახსნელად, უნდა ესმოდეს, რომ ის ჩვენი დაზვერვის, სპეციალური სამსახურებისა და ჩვენი არმიის სამიზნედ იქცევა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ რუსული ოკუპაციის „ყოველი დღე“, ზრდის რადიაციულ საფრთხეს  ევროპისთვის.“

უკრაინის თავდაცვის უწყების სადაზვერვო განყოფილება, ასევე ბრალს სდებს რუსეთს პროვოკაციაში – ამ უკანასკნელმა,  მძიმე თვითმავალი საარტილერიო იარაღი –  „პიონი“, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა და მას მოწინააღმდეგის  დისკრედიტაციის მიზნით, უკრაინული დროშა მიახატა.

BBC – ის გამოძიებამ გასულ კვირაში დაადგინა, რომ უკრაინული სამუშაო ჯგუფი, შეიარაღებული დაცვის ქვეშ იმყოფება და მძიმე პირობებში საქმიანობს.

გასულ ხუთშაბათს ეკონომიკურად განვითარებულმა ქვეყნების ( ე.წ. G7-ის) შეხვედრაზე მოითხოვეს, რომ რუსეთს დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ეს ობიექტი.

მათი განცხადება ეხმიანება, ბირთვული უსაფრთხოების ზედამხედველის – გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს – პოზიციას. გაერომ მხარეებს მოუწოდა: შეწყვიტონ ყოველგვარი სამხედრო მოქმედება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ბირთვულ უსაფრთხოება“. გაეროს გენერალურმა მდივანმა – ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა, რომ სადგურზე შექმნილმა ვითარებამ, შეიძლება „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.

 

 

By admin