Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

სარედაქციო წერილი           

 

  საქართველო-იტალიის სარაგბო რკენიდან ორიოდე დღე გავიდა და ახლა, როცა ბრწყინვალე გამარჯვებით გამოწვეული ეიფორია შედარებით ჩაცხრა, დგება დრო მომხდარის უფრო რაციონალურად განსჯისთვის

ის რომ, ეს არ იყო რიგითი გამარჯვება, ამას  უცხოური პრესის გამოხმაურება და ის აღმატებითი შეფასებები ასახავს (ისტორიული, ტრიუმფალური, შთამბეჭდავი და ა.შ ), რომლებიც უხვად არის დატანილი ავტორიტეტული ევროპული, ამერიკული თუ აფრიკული სარაგბო გამოცემების ბეჭდვითი თუ ელექტრონული ვერსიების ფურცლებზე.  ჩვენ გაცილებით მოზომილად ვიტყვით: ეს იყო საეტაპო გამარჯვება – ამ მოგებით საუკეთესო პერსპექტივა იშლება ქართული რაგბის წინაშე. რა გვაძლევს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს? შევეცდებით ამ კითხვას დასაბუთებულად ვუპასუხოთ: არგუმენტი № 1: პირველად ისტორიაში შევძელით თიერ-1 გუნდის დამარცხება. მეორე – ეს გამარჯვება იყო დამსახურებული და ლოგიკური – ძნელია თქვა, რომელ კომპონენტში გამოიყურებოდა მეტოქე ჩვენზე უკეთ. მესამე: მეტოქის ძალიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს აქამდე არ ჩაუტარებია შეხვედრა, როცა ასე ზუსტად იყო დაცული  შეტევისა და დაცვის ბალანსი. გავიხსენოთ, რომ სარაგბო გოლიათებთან ყველაზე წარმატებულ თამაშებშიც, ჩვენ ფონს გავდიოდით ძლიერი პირველი ხაზის ანუ შერკინების და მოლის, პლუს თავდადების ხარჯზე. ამ მატჩში ჩვენი ნაკრების პირველ ხაზს, ვერ იტყვი, რომ თვალშისაცემი უპირატესობა ჰქონდა.  ბევრისთვის მოულოდნელად, გადამწყვეტი აღმოჩნდა  ორი ფაქტორი – საქართველომ საუკეთესოდ გამოიყურებოდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა ჰაერში  თამაში და ბურთის სწრაფად ატანა. ანუ ჩვენი მოთამაშეები დამაჯერებლად მოქმედებდნენ იმ სათამაშო ელემენტებში, რომელიც ტრადიციულად ჩვენი აქილევსის ქუსლს წარმოადგენს: ამ კუთხით გაცილებით სუსტად გამოვიყურებოდით არა მარტო თიერ-1-ის გუნდებთან, არამედ მეორე ეშელონის ნაკრებებთან  შედარებითაც.   მართლაც ძნელი ასასხნელი იყო – მეტოქის მიერ ჩვენს ნახევარზე გადმოკიდებული ბურთის შემდეგ, თავისუფალი სივრცისკენ სწრაფად გაჭრის ნაცვლად, რატომ იწყებდა უკანა ხაზი ადგილზე ბურთაობას (უფრო ზუსტად ბურთის ერთმანეთისთვის ხელში შეჩეჩებას), რაც  მეტოქეს საშუალებას აძლევდა, ხაზი ამოეწია, გადაეკეტა თავისუფალი ზონები – ჩვენს ნახევარზე გამართული  ძიძგილაობის და უაზროდ მოგერიებული ბურთის შემდეგ კი,  იწყებოდა მეტოქის ახალი იერიში. მას შემდეგ, რაც ეს ხარვეზი გამოსწორდა  და ჰაერში  ბრძოლის მოგებასაც ვახერხებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები თავდაცვაში, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ  შერკინებას კიდევ სჭირდება გაძლიერება, ისე, როგორც გვმართებს აუტის კომპონენტის დახვეწა. ის, რომ ჩვენი ნაკრები საუკეთესოდ იცავდა თავს, ამის შესახებ შეგვიძლია არა მარტო შესრულებული ბოჭვების ხარისხით ვიმსჯელოთ, არამედ იმ შეცდომებითაც, რომელიც დავუშვით ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა გამონაკლისი წესს ადასტურებს. რას ვგულისხმობთ:   იტალიელთა პირველ და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამ თამაშის ყველაზე შთამბეჭდავ ლელოს. მისი შემოქმედი ერთპიროვნულად გახლდათ 19 იტალიელი ტალანტი – ტომაზო მენონჩელო. მან დრიბლინგით აუარა გვერდი  ოთხ მეტოქეს, საოცრად შეინარჩუნა წონასწორობა ჩვენი მორკინალის ლამის შუბური ბოჭვის შემდეგ და  ოვალი ხაზს იქით გადადო. თითქოს   როგორ შეიძლება, ამის მერე  ისაუბრო კარგ დაცვაზე, მაგრამ სწორედ ამაშია საქმე.  აი რატომ! ამ შთამბეჭდავი ეპიზოდის შემდეგ, ასეთი ძლიერი მოთამაშე საერთოდ ჩაიკარგა საბრძოლო პერიპეტიებში და მთელი თამაშის განმავლობაში, პრაქტიკულად აღარ ჩანდა.   დაცვის სწორი სტრატეგის გარეშე, ეს უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა.

საპირისპირო მაგალითია ნინიაშვილი. იტალიელებმა მისი ნეიტრალიზება ვერაფრით მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას ყოველთვის მრავალი შემოქმედი ჰყავს, მაინც უნდა ითქვას: ნინიაშვილის სახით საქართველოს ეზრდება  მორაგბე, რომელსაც  სათამაშო აზროვნებისა და ტექნიკურ-ტაქტიკური უნარების გათვალისწინებით, შეუძლია ისეთ სიმაღლეზე ასვლა, რომელიც არცერთ ქართველ მორაგბეს არ ღირსებია. მთავარია არ დაავიწყდეს, რომ ბუნებით მომადლებული ნიჭის ბოლომდე რეალიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.  ერთადერთი ნაკლი, რაც ნინიშვილის თამაშში შეიძლება მოიძიო,  ესაა ზედმეტი თავგანწირვა. ვინც „ლიონში“  მის გამოსვლებს თვალს ადევნებს, შეამჩნევდა, რომ  თანაგუნდელებს ხშირად ძალით გამოჰყავთ მორკინალთა ჯახის ადგილიდან, რაც ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ტრამვა, რაც  გავლენას იქონიებს  მის შემდგომ კარიერაზე.  ეს ნაკლოვანება, უდაოდ  ახალგაზრდობით აიხსნება და   იმედია, ენერგიის სწორად განაწილების ცოდნა  და წინდახედულება, ასაკთან  ერთად  მოვა.

მივუბრუნდეთ მთავარს: ამ გამარჯვებით საქართველოს სარაგბო სამყარომ პრაქტიკულად წალეკა  6 ერის არისტოკრატიული კლუბის  მიერ დაწესებული  ანაქრონისტული მოდელი. მათ მოუწევთ თავისი ხელით მოშალონ მათივე დაწესებული, ასე ვთქვათ – ფეისკონტროლის მექანიზმი და რევოლუციური ცვლილებები გაატარონ. ანუ შეიქმნა ვითარება, როცა ზემოთ აღარ შეუძლიათ და  ქვემოთ აღარ სურთ. რა სახის იქნება ეს ცვლილებები: ამოქმედდება გავარდნის სისტემა ( ამა თუ იმ მოდიფიკაციით) თუ მოხდება თიერ-1-ის შემადგენლობის გაფართოება, ამაზე 6 ერის კუდაბზიკა მამებმა იმტვრიონ თავი. რაციონალური არგუმენტი სტატუს კვოს შენარჩუნებისა, მათ უბრალოდ აღარ დარჩათ. ასე რომ, ახლო მომავალში, საქართველო გახდება ამ კლუბის წევრი, მაგრამ როცა ეს მოხდება, ნურავინ იფიქრებს, რომ   გზა ია-ვარდით იქნება ფენილი.

გავიხსენოთ: წლების განმავლობაში, რამდენჯერ ერგო „ხის კოვზი“  იტალიას, როგორც 6 ერის „მაჩანჩალას“, მაგრამ მისი ოცწლამდელები დღეს უკვე  დიდი ანგარიშით ამარცხებენ ბრიტანელ თანატოლებს და ეს თაობა  2-3 წელიწადში მოზრდილებშიც იტყვის თავის სათქმელს. იგივე გზის გავლა მოგვიწევს ჩვენც. იმედია ქართველები, ამას უფრო სწრაფად შევძლებთ.

ცალკე უნდა აღინიშნოს გულშემატკივრის როლი 2 დღის წინანდელ დღესასწაულში – ბათუმის შთამბეჭდავ არენაზე, ეს ნათლად გამოჩნდა. მაგრამ რაგბის    ევროპული კულტურის დანერგვა, არც ქომაგებს გვაწყენდა. საკმარისია თვალი გადავავლოთ სოციალურ ქსელებში ერთი და იგივე მომხმარებლის, მატჩის წინა პერიოდისა და მის შემდომ კომენტარებს.   შეფასების ასეთი დიაპაზონი –  უკიდურეს პესიმიზმიდან, უკიდურეს ოპტიმიზმამდე – არ არის ევროპული ტრადიცია. აქ აღტაცებას როდი ვგულისხმობ. დროა უფრო  არგუმენტირებულად წარმოვადგინოთ ჩვენი დასკვნები თუ შეფასებები. არც წარმატების რომელიმე მოთამაშემდე დაყვანაა სწორი. ამ გამარჯვებაში არანაკლებია გულშემატკივრების, სამწრთნელო შტაბის,  რაგბის ფედერაციის მენეჯმენტის როლი და მისი უგულებელყოფა არას გვარგებს, არც ჩვენ და არც ქართულ რაგბის. იგივე მწვრთნელებისა და რაგბის ფედერაციის შრომის დაფასება, სულაც არ არის მოვეტონი . ყველაზე  ზუსტი საზომი ხომ შედეგია, ის კი ისეთი დაიდო, როგორიც აქამდე საოცნებო გვქონდა.

               როცა გულშემატკივრობაზე ვსაუბრობ, აქ ბუნებრივია არ ვგულისხმობ ბოტებისა და ტროლების არმიას, რომელიც დღენიადაგ გესლის ნთხევითა და სიბილწით არის დაკავებული.  ამ ამქრის  შემხედვარეს, ბუნებრივად გიჩნდება კითხვა: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ „აუმ შინრიკიუმდე“ (ტოტალიტარული სექტა იაპონიაში, რომელმაც მომწავლელი გაზი გაუშვა ტოკიოს მეტროში  და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა), ერთი ხელის გაწვდენაზე ხართ და  თქვენს მიერ ქვეყნის ნებისმიერი წარმატება, უკვე  პირად ტრაგედიად აღიქმება?. ზოგადად, ამ ნაწილის გამორჩეული ნიშანია ისტერიულობა, ისე „გლახუნების“, „ლაღიძეების“ და მათი სულიერი ნათესავების გასაგონად მინდა ვთქვა: ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ  ისტერიას საშვილოსნოს დაავადებები იწვევდა. წესით „თქვენი სახეობის“ მამრ ეგზემპლარებს  ეს ორგანო არ უნდა გქონდეთ, თუმცა, როგორც ფილმის პერსონაჟი იტყოდა, თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი.

By admin