THE WASHINGTON TIMES აშშ
ედუარდ ლოზანსკი
შიდა პრობლემებისა და მეორე მსოფლიო ომის საფრთხის თანხვედრა, კარგს არაფერს გვიქადის.
„დიდი შვიდეულის“ და ნატოს ამასწინანდელი შეხვედრების შემდეგ, სამყარომ მთვარეულივით აუჩქარა ნაბიჯს ბირთვული კატასტროფისკენ. ამის მთავარი მიზეზი – პრეზიდენტი ბაიდენია.
შიდა პრობლემები დახვავდა, მისი რეიტინგი კი სულ უფრო ეცემა, ამიტომ ის აქტიურად ცდილობს თემა შეცვალოს – ამწვავებს კონფლიქტს უკრაინაში და პრეზიდენტ პუტინის დემონიზაციას განაგრძობს
ერთი შეხედვით, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მას ეს წარმატებით გამოსდის. ორივე კრების მონაწილეები შეთანხმდნენ: კიევს ფული და იარაღი გაორმაგებული ძალით მიაყარონ, ხოლო პუტინის განმაქიქებელი ეპითეტები, ამ შეხვედრებზე უფრო ხშირად ისმოდა, ვიდრე მაღალფარდოვანი დაპირებები თავისუფლებისა და დემოკრატიის შესახებ.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაც ბრძოლის ველზე ხდება, არა მარტო უკრაინელი ხალხის ტანჯვა გრძელდება, არამედ მესამე მსოფლიო ომიც გვიახლოვდება და თუ აშშ -მ პოლიტიკა არ შეცვალა, დიდი დრო არ დაგვრჩება.
გელაპის ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვით, ამერიკელები ნამდვილად არ არიან აღფრთოვანებული იმით, რაც მათ გარშემო ხდება. კმაყოფილია მხოლოდ 13%, უკმაყოფილო კი მთელი 87%. იგივე განწყობაა კონგრესის მიმართ: მისი მუშაობა მოსწონს 13%-ს, არ მოსწონს 82%-ს. ვერ არის სახარბიელო შედეგი ქვეყნისა და პრეზიდენტისთვის, რომელთაც თავისუფალი სამყაროს წინამძღოლობაზე პრეტენზია აქვთ.
ჟურნალი NEWSWEEK-ი წერს, რომ ასეთი განწყობა ამომრჩეველში, ბოლოს 1974 წლის შუალედურ არჩევნებზე აღინიშნა, როცა რიჩარდ ნიქსონი უოთერგეითის სკანდალის შემდეგ გადადგა.
თუ სწორად მესმის, ეს მკაფიო მინიშნებაა ბატონ ბაიდენისთვის. თუ მიხვდება კი?
ნიქსონს კუთვნილი უნდა მივაგოთ: ის გადადგა, რათა ქვეყნისთვის აერიდებინა არეულობა და მას მომხდარი, არც შიდა და არც გარე ძალებისთვის არ გადაუბრალებია. ნიქსონმა თქვა: „მე დავაჩქარე განკურნების პროცესი, რადგან ეს ამერიკას სასიცოცხლოდ სჭირდება“. მან მოინანია კიდეც: „უაღრესად ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რაც ზოგიერთებს მიადგათ ამ ვითარებაში და ამითაა გამოწვეული ჩემი გადაწყვეტილება“.
მრავალი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა მიჰყვეს ბაიდენი ნიქსონის კვალს. გადაცდომებისა და სამარცხვინო სკანდალების ჩამონათვალი, დაკავშირებული მასთან და მისი ოჯახის წევრებთან, ვრცელია და ყველასათვის ცნობილია. თუმცა ერთი პრობლემა განსაკუთრებით საყურადღებოა, ესააა ომისა და მშვიდობის საკითხი, კერძოდ, ბირთვული ომის საფრთხე. ზესახელმწიფოების კონფრონტაცია უკრაინის მიზეზით, შეიძლება იქცეს ნაპერწკლად, რომელმაც მესამე მსოფლიო ომის ცეცხლი დაანთოს, როგორც ეს მოხდა სერბეთში – პირველი, პოლონეთში კი მეორე მსოფლიო ომის წინ.
ბაიდენი ცდილობს ყველა ამქვეყნიური ცოდვა უკრაინის ტრაგედიასა და რუსეთის პრეზიდენტს მიაწეროს, მაგრამ იქნებ ღირდეს სარკეში ჩახედვა და ბრალის ნაწილის მაინც საკუთარ თავზე აღება. სწორედ ბაიდენის ხელში იყო (ვიცე-პრეზიდენტობის დროს) უკრაინის პორტფელი და ის ხელმძღვანელობდა უკანონო გადატრიალებას 2014 წლის 22 თებერვალს, რომლის შედეგად – დაემხო დემოკრატიულად არჩეული ვიკტორ იანუკოვიჩი. გადატრიალების კოორდინაციას კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ყბადაღებული ვიქტორია ნულანდი და აშშ-ს ელჩი ჯეფრი პაიეტი ახორციელებდნენ, რასაც მოწმობს, მათი 4 თებერვლის სატელეფონო დიალოგი – გადატრიალებამდე 18 დღით ადრე, როცა ისინი უკრაინის ხელისუფლების ახალ შემადგენლობაზე საუბრობენ. საუბარში ნულანდი ირწმუნება, რომ ბაიდენი (იმხანად ვიცე- პრეზიდენტი) და მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯეიკ სალივანი, საქმის კურსში არიან.
ასე რომ გადატრიალებას, ყოველთვის მოსდევს ნეგატიური შედეგები და სწორედ ამას ვუყურებთ ახლა უკრაინაში. შეთქმულები აპირებდნენ უკრაინის ნატოში შეთრევას და მისი ტერიტორიების (ყირიმის ჩათვლით) სამხედრო ბაზებისთვის გამოყენებას. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რას იზამდა აშშ, რუსეთს რაიმე მსგავსი რომ ექნა – მაგალითად დასავლეთ ნახევარსფეროს რომელიმე ქვეყანაში, რეჟიმი შეეცვალა და შემდეგ ეს ქვეყანა პრორუსულ სამხედრო ბლოკში შეეყვანა. ან წარმოიდგინეთ ამერიკელების ემოციები, რუსი პოლიტიკოსები რომ შერეულიყვნენ კაპიტოლიუმის ბორცვზე შეკრებილ მასაში და ამბოხებულთათვის მხარდაჭერა გაეწიათ. ასე რომ, ვაშინგტონის ის ნაწილი, რომელიც აზროვნებს „კანონზე დამყარებული წასრიგის“ კატეგორიებით, როგორც ჩანს, თვლის, რომ ეს წესები, მათ უფლებას აძლევს აკეთონ ის, რაც მოეპრიანებათ და ანგარიში არ გაუწიონ დამანგრეველ შედეგებს.
არ გამართლდა ბაიდენის ოცნება რუსული ეკონომიკის კრახზეც. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ, სანქციებს მხარი არ დაუჭირა. მეტიც, გაცილებით ბევრი სახელმწიფო ამჟღავნებს შანხაის ორგანიზაციასა და BRICS-თან თანამშრომლობის სურვილს, ინდოეთი და ჩინეთი კი, ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნები მძლავრი ეკონომიკებით, პირიქით, აძლიერებენ რუსეთთან ვაჭრობას, მიუხედავად ვაშინგტონის წნეხისა. არც ერთ ლათინოამერიკული სახელმწიფო, არ მიერთებია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, არგენტინამ კი BRICS-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, ანუ სურს იქ, სადაც ბრაზილიაა.
კიდევ უფრო დამამცირებელია, რომ ახლა ბაიდენი დახმარებას სთხოვს საუდის არაბეთს, ირანს და ვენესუელასაც კი, სადაც ცოტა ხნის წინ გადატრიალებას აწყობდა იმ იმედით, რომ გაზრდიდა ნავთობისა და გაზის მოპოვებას და შეამცირებდა ენერგომატარებლების ღირებულებას.
დასასრულ, 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ბაიდენმა დაიფიცა, რომ გააერთიანებდა ამერიკას, რომელიც თითქოსდა მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა გახლიჩა. მან კი განხეთქილება კიდევ უფრო გააღრმავა, მეტიც, მთელი მსოფლიო დაყო, ვითომ დემოკრატიებად და ავტოკრატიებად. თუ ყოველივეს შევაჯამებთ, ბაიდენი მარცხდება ყველა ფრონტზე. ამიტომ დროა, გადაიკითხოს ნიქსონის გამოსამშვიდობებელი სიტყვა და ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. ღირსება უნდა იქონიო, ჯო!