Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

   BBC / დიდი ბრიტანეთი

 

 უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არ დათანხმდება რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტას – ტერიტორიული დათმობების ხარჯზე.

უკრაინის პოზიციის მორიგი გამკაცრება, მოხდა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ზელენსკიმ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ომი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ დიპლომატიური გზით

პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ დათმობა გამოიწვევს კიდევ უფრო მასშტაბურ და სისხლისმღვრელ შეტევას რუსეთის მხრიდან.

მისი კომენტარები გახმიანდა იმ დროს, როცა რუსეთი ცდილობს ალყაში მოაქციოს უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე სევეროდონეცკს იცავენ.

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ პოლონეთის  პრეზიდენტი ანჟეი დუდა, აღმოჩნდა პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც კიევში პირდაპირ მიმართა პარლამენტს.

მას ფეხზე მდგომი უკრავდნენ ტაშს, როცა განაცხადა, რომ უკრაინელებმა თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

დუდამ დასძინა, რომ პოლონეთი იღონებს ყველაფერს – უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

თუმცა საფრანგეთის მინისტრმა კლემან ბონემ კვირას რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას, ევროგაერთიანებაში გასაწევრიანებლად, დასჭირდება „15 ან 20 წელი“.

BBC-იმ ვერ მოახერხა ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება.

მიმდინარე ბრძოლების ფონზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა თავის ყოველდღიურ ანგარიშში გვამცნო, რომ რუსი მეომრები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინული დაცვა და მიაღწიონ  ქვეყნის უკიდურესი აღმოსავლეთი რეგიონის, ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა – სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთი, სევეროდონეცკში შეჭრას, 4 სხვადასხვა მიმართულებიდან ცდილობს.

Telegram-ისთვის მიწოდებულ დამატებით ცნობებში, მან აღნიშნა, რომ რუსების მცდელობები ჯერჯერობით წარუმატებელია, მაგრამ საცხოვრებელი რაიონების დაბომბვა გრძელდება.

მან დასძინა, რომ დაინგრა ხიდი, რომელიც სევეროდონეცკს ლისიჩანსკთან აკავშირებდა.

ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში, ისმის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებები, რომელთა თანახმად, აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, რუსეთი უნდა დაუბრუნდეს 24 თებერვლის ანუ შეჭრამდელ მდგომარეობას.

ახალახან იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგამ, თავისი ქვეყნის სენატის წინაშე, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „რაც შეიძლება  მალე უნდა მოხდეს“.

მაგრამ ბ-ნ პოდოლიაკის თქმით, ასეთი ნაბიჯი საპირისპირო შედეგს გამოიღებს.

„ომი არ შეწყდება, უბრალოდ რაღაც პერიოდით, დადგება პაუზა“- თქვა მან. „ შემდეგ, ისინი დაიწყებენ ახალ შეტევას, უფრო სისხლიანსა და მასშტაბურს“.

ჯო ინვუდი, BBC-ის კორესპონდენტი კიევში, ამბობს, რომ ამჟამად ვერ გამოიძებნება ოქროს შუალედი რუსების სურვილსა და უკრაინელების მოთხოვნებს შორის. ჩვენი კორესპონდენტი აღნიშნავს: სანამ ორივე მხარე თვლის, რომ  აქვს წარმატების შანსი, მოლაპარაკებები ნაკლებსავარაუდოა.

 

 

By admin