Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  დიდი ბრიტანეთი

ჯონ სიმფსონი

 

            ზოგიერთი კომენტატორი დასავლეთში, თვლის, რომ უკრაინულმა არმიამ პრაქტიკულად გაიმარჯვა. ერთი ამერიკელი სამხედრო ისტორიკოსი ამბობს, რომ მან არ იცის ანალოგი,  როცა ასეთი დიდი სახელმწიფო იჭრება ამა თუ იმ ქვეყანაში –  მისთვის სასურველ დროს – და ასეთ მარცხს განიცდის.

თუმცა აქ, უკრაინაში, ხალხი ასე დარწმუნებული არ არის. ისინი თვლიან, რომ წინ გრძელი გზა უდევთ, რომელიც დასრულდება, ან რუსეთის აშკარა მარცხით, ან ალტერნატივის სახით: პუტინი მიხვდება, რომ მან მიიტაცა უკრაინის საკმარისი ტერიტორია და თავისი გამარჯვების თაობაზე გვამცნობს

ამდენად, უკრაინელები ფიქრობენ, რომ ხანგრძლივი და მძიმე ომი მოელით. უკრაინელი პოლიტიკოსები, პრეზიდენტ ზელენსკით დაწყებული, ბრაზობენ, რომ ნატო საცოდავად ითრევს ფეხს იარაღის მიწოდების საქმეში.

ლვოვის გუბერნატორი მაკსიმ კოჟიცკი, პრეზიდენტის ახლო მოკავშირე ამბობს: „ჩემი აზრით, დასავლეთი ატარებს ორმაგი სტანდარტებისა და ლაჩრობის პოლიტიკას. ეს ხომ სიმხდალეა – ნიჩაბს ნიჩაბი ვერ უწოდო. ლაჩრობაა, როცა ვერ გამოხატავ რაიმე პოზიციას. სიმხდალეს კი ტრაგედიამდე მივყავართ“.

                                                                  აკეთებს თუ არა ნატო საკმარისს?

აქ, არსებობს მკაფიო შეხედულება, რომ ნატო დროს წელავს. უკრაინელები თვლიან, რომ დასავლეთი შიშობს: თუ ის უკრაინას მიაწვდის ბევრ და  მაღალეფექტურ იარაღს, პრეზიდენტი პუტინი, ამას გამოიყენებს ნატოს ტერიტორიაზე იერიშის საბაბად – დაიწყება უფრო მასშტაბური და გამანადგურებელი ომი. აშშ-ს  რწმუნებული უკრაინაში – ქრისთინა ქვაიენი, რომელიც ახლა პოლონეთში იმყოფება, ირწმუნება, რომ აშშ და მოკავშირეები, უკრაინას,  იარაღს შეძლებისდაგვარად სწრაფად აწვდიან. მაგრამ ის ამბობს, რომ კიევის ხელისუფლება, გასაგებია, მოითხოვს სულ უფრო მეტს და სულ უფრო სწრაფად.

ახლა უკრაინისკენ, ტანკები მიემართება ჩეხეთიდან – თუმცა ამ ომის ერთ-ერთი გაკვეთილია ის, რომ ტანკები მოწყვლადია უპილოტოებისა და სამხრე რაკეტების გამოყენების შემთხვევაში. აშშ განიხილავს ხომალდ საწინააღმდეგო იარაღის მიწოდების საკითხს, როგორც საპირწონეს, ქალაქებისა და დასახლებების დაბომბვისა – ოდესიდან აღმოსავლეთ რეგიონების გასწვრივ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი – ალეკსეი რეზნიკოვი, დასავლეთს მოუწოდებს, მიაწოდონ მძიმე შეიარაღება რუსულ ძალებთან უფრო ეფექტიანად საბრძოლველად – ომმა კიევის ფრონტიდან დონბასში, ქვეყნის აღმოსავლეთში გადაინაცვლა.  სამხედრო მოქმედებების ეს ახალი ეტაპი, გაცილებით რთული იქნება უკრაინელებისთვის, რადგან მომარაგების ხაზი უფრო გრძელია, ვიდრე ეს დედაქალაქამდე იყო.

კერძო საუბრებში, მაღალი რანგის პოლიტიკოსები შიშობენ, რომ უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორია აღმოჩნდება რუსეთის ხელში. ისინი, ისე როგორც ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი, მიიჩნევენ, რომ ეს ომი დიდხანს გასტანს.

ამის პარალელურად, მსოფლიო, სავარაუდოდ, სულ უფრო და უფრო მეტ და საზარელ ნგრევას იხილავს, როგორც ამას რუსული არმია სჩადიოდა კიევის შემოგარენში.

მრავლისმნახველი კორესპონდენტები, ისეთი, როგორიცაა ჯერემი ბოუენი BBC-დან, ამბობენ, რომ ნგრევა ქალაქ ბოროდიანკაში, მასშტაბებით აღემატება ირპენსა და ბუჩაში მომხდარს.

ელიან, რომ უახლოეს დღეებში გახმაურდება კიდევ მეტი წამებისა და მკვლელობის ფაქტი.

სამხედრო დანაშაულის მაგალითები, უკრაინას უფრო მედგარი წინააღმდეგობისკენ უბიძგებს – ეს ასევე ზრდის ნატოს გაბედულებას, რომელში შემავალ ქვეყნებშიც, ხალხის უმეტესობა გმობს რუსეთის თავდასხმას.

უკრაინელი პოლიტიკოსები, მაგალითად ბ.-ნი ზელენსკი და მისი კოლეგები, ალბათ მიხვდნენ, რომ დასავლეთის მიმართ გამოთქმული საყვედურები, აიძულებს ამ ქვეყნების მოქალაქეებს, თავიანთი ხელისუფლებებისგან მოითხოვონ უკრაინის მეტი დახმარება.

                                                                ჯერჯერობით – არავითარი გამარჯვების აღლუმები

ამასობაში სანქციები, რომელიც უკვე მოქმედებს, სხვადასხვა შეფასებებით, რუსეთის ეკონომიკას უკან გადაისვრის – დაახლოებით 15 წლით, თანაც, წინ კიდევ ბევრი აკრძალვაა.

„ეს იყო ქრესთომატიული მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა აწარმოო ომი“- ამბობს ერთ-ერთი ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსი… და ეს სრული ჭეშმარიტებაა.

26 თებერვალს, თავდასხმიდან 2 დღის შემდეგ, რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ – Риа Новости, გამოაქვეყნა სტატია, რომელიც აღწერდა უკრაინის წარმატებულ დაბრუნებას რუსეთის წიაღში. პუბლიკაცია სასწრაფოდ გააქრეს, რადგან მალევე შეიქნა ნათელი, რომ ომი, როგორც საჭიროა, ისე არ მიდიოდა.

ამასწინათ, დმიტრი მედვედევმა, რომელსაც საპრეზიდენტო სავარძელი ეკავა 2008-12 წლებში, განაცხადა, რომ რუსეთი აყალიბებს ძალოვან ბაზას, რომელიც ვლადივასტოკიდან – შორეული აღმოსავლეთიდან, პორტუგალიამდე – დასავლეთამდე გადაიჭიმება.

მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ, ასეთი ბაქიბუქი სასაცილოდ მოჩანს,  ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა გამარჯვების აღლუმისთვის ემზადება. ალბათ აქამდე, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

By admin