Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Guardian დიდი ბრიტანეთი

სარედაქციო წერილი

 

 ამ თვეში მიცემულ ინტერვიუში, რომელიც სსრკ-ს დაშლის ოცდამეათე წლისთავს მიეძღვნა, ვლადიმირ პუტინმა გვიამბო, რომ დაშლის შემდგომი ეკონომიკური ქაოსის დროს, იძულებული იყო, შეთავსებით ტაქსისტად ემუშავა, რადგან КГБ-ს ხელფასი არ ჰყოფნიდა. რუსეთის პრეზიდენტის 1990-იანი წლების ძნელბედობა, წარმოდგენილ იქნა, როგორც განსახიერება იმ დამამცირებელი შედეგებისა, რაც „XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას“ მოჰყვა – მისის აზრით, ასე უნდა მიიჩნეოდეს საბჭოთა კავშირის კრახი

სხვა პირობებში, დასავლეთის ლიდერები ალბათ სახტად დარჩებოდნენ, რომ გაეგოთ, როგორ ასაღებდა მსხვერპლად თავს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ხულიგანი. მაგრამ საბჭოეთის კრახის 30 წლის თავზე, პუტინის მოგონებები, სრულად შეესაბამება მოსკოვში არსებულ აგრესიულ, რევანშისტულ განწყობილებას – რუსეთ-უკრაინის საზღვართან კი დაძაბულობა სულ უფრო იზრდება.

უკრაინის აღმოსავლეთ ზღურბლზე, თავმოყრილია 100 ათასი რუსი სამხედრო – მძიმე შეიარაღებითა და სხვა დანარჩენი ტექნიკით, რომლებიც ამ ადგილას, ათასობით კილომეტრის სიშორიდან გადმოისროლეს. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები ფიქრობენ, რომ ოპერაციის ჩატარების საბოლოო გადაწყვეტილება, კრემლს ჯერ არ მიუღია, თუმცა 2014 წლიდან, ის ეხმარება პრორუს სეპარატისტებს დონბასში. ერთი რამ ცხადია: ამგვარი სამხედრო ისტერია, ასახავს მოსკოვის გადაწყვეტილებას, განამტკიცოს შესუსტებული ავტორიტეტი და ძალაუფლება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც პუტინს რუსეთის კანონიერი გავლენის სფეროდ მიაჩნია.

პარასკევს კრემლმა რიგი მოთხოვნები წაუყენა ვაშინგტონსა და ნატოს, რომელთა თანახმად, უნდა მოხდეს უსაფრთხოების ყველა წესისა და ნორმის გადაწერა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და სახელმწიფო-სატელიტებში. რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არასდროს მიიღონ ნატოში, ასევე ნატოს ძალები და შეიარაღება გატანილ იქნას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც ალიანსში 1997 წლიდან გაწევრიანდნენ. არ არსებობს არავითარი შანსი, რომ მოსკოვი მიიღებს ვეტოს უფლებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შენაერთებისა და რაკეტების განთავსებაზე ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა, თქვათ პოლონეთი ან რუმინეთი. ამას გარდა, ნატომ დაარწმუნა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომ ალიანსის კარი ღიაა კიევისათვის (თუმცა გაწევრიანების ვადები არ დაუსახელებია). ასეა თუ ისე, ჯარების თავმოყრა უკრაინის საზღვართან და პუტინის მზაობა – მოითხოვოს შეუსრულებლის შესრულება, მთლიანობაში ავისმომასწავებლად მოჩანს.

ამ კვირაში კრემლმა ფსონები კიდევ უფრო გაზარდა და მოითხოვა ნატომ და ვაშინგტონმა „დაუყოვნებლივ“ გასცენ პასუხი მის მოთხოვნებზე. შეეჯახა რა ამგვარ ბალანსს ომის ზღვარზე, როცა სიტუაცია დღითი დღე მწვავდება, დასავლეთი თთქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ სურს დიალოგის გაგრძელება და იმავდროულად, უნდა დაანახოს პუტინს, რომ სამხედრო შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს მოუწევს დიდი საფასურის გადახდა (სანქციების სახით). დასავლეთის სოლიდარობამ უკრაინის მიმართ, უზრუნველყო გერმანიის ახალი მთავრობის გადაწყვეტილება – დაებლოკა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის ექსპლუატაციაში შესვლა. გასულ კვირაში გაჩნდა ცნობა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს უკრაინას სამხედრო ვერტმფრენები გადასცეს, რომლებიც თავდაპირველად ავღანეთისთვის იყო განკუთვნილი. ასევე მოსალოდნელია, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ნატოს სამხედრო სწავლებების გამართვასა და რაკეტების განთავსებაზე, თუ მოსკოვი შესაბამის დათმობებზე წავა.

მთლიანობაში უკრაინა და მისი დასავლეთ მოკავშირეები არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვინაიდან მათ უწევთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, ვიდრე გაირკვევა კრემლის ჭეშმარიტი მიზანი. პუტინმა, ათწლეულების განმავლობაში, რუსულ საზოგადოებაში ჩამოაყალიბა ღრმა უკმაყოფილება – მოსკოვის რეგიონული გავლენისა და ავტორიტეტის კლების მიმართ, ახლა კი შექმნა კრიზისი. იმედია, მოხერხდება მისი დარწმუნება იმაში, რომ სამხედრო ქმედებებს მოჰყვება ისეთი ღრმა იზოლაცია და ეკონომიკური ზიანი, რომ ამგვარი ნაბიჯის უაღრეს კონტრპროდუქტიულობას – მოსკოვიც გააცნობიერებს.

By admin