THE TIMES დიდი ბრიტანეთი
კატერინა მალოფეევა, მარკ ბენერსი
„ჩვენ პოზიციებს გამუდმებით ესვრიან“- ამბობს უკრაინული ნაწილის მეთაური – ვადიმი, თან აკვირდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, რომლებიც ფრონტის ხაზის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებიან, ასე 250 მეტრის მანძილზე
ეს ხდებოდა შუადღით. სამხედროება ისხდნენ ჭუჭყიან სანგარში, ავდეევკასთან მდებარე ქვანახშირის მაღაროს – ბუტოვკას ნანგრევებში. ეს უკრაინის აღმოსავლეთია, სამთავრობო ძალების კონტროლირებადი ტერიტორია.
„რუსეთი ომისთვის ემზადება – ამბობს ვადიმი – მიდის ესკალაცია. ნატომ უკრაინელ ჯარისკაცებს მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს და დაგვეხმაროს, რომ დავძლიოთ რუსული აგრესია. არ ვფიქრობ, რომ მარტო შევძლებთ ამ ომში გამარჯვებას“. მან აგდებულად აიქნია ხელი, როცა ვახსენეთ, რომ ამ ომს გაყინულ კონფლიქტს უწოდებენ და დააყოლა: „აქ ადამიანები ისევ კვდებიან“.
მძიმე ომი უკრაინის აღმოსავლეთში, აგერ უკვე 8 წელია, გრძელდება. მას 14 ათასზე მეტი კაცი შეეწირა, მილიონზე მეტი კი დევნილია. 2015 წლიდან აღარ ხდებოდა დიდი შეტაკებები, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმება ჩაფლავდა. კონფლიქტის შეჩერება ვერ მოხერხდა, პირიქით, აშკარაა ესკალაცია.
მეორე ჯარისკაცი, ბოგდანი გვეუბნება, რომ სეპარატისტები მათ დარტყმებს აყენებენ უპილოტოებითა და ნაღმტყორცნებით. ავდეევკის რაიონებს ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს აგვისტოში – ქალაქის მაცხოვრებლები სროლებს დიდი ხანია შეეჩვივნენ.
პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა უშუალოდ უკრაინის სიახლოვეს, თავი მოუყარა 100 ათასამდე სამხედროს. ბრიგადის გენერალი კირილ ბუდანოვი, რომელიც უკრაინაში სამხედრო დაზვერვას მეთაურობს, ყველას აფრთხილებს, რომ მოსკოვმა უკრაინაში შეჭრა, შეიძლება უკვე იანვარში დაიწყოს.
მან სთხოვა აშშ-ს, გაზარდოს სამხედრო დახმარება. „არცერთი ქვეყანა, გარდა უკრაინისა, არ ეწევა ღია ომს რუსეთთან – უთხრა ბუდანოვმა The Military Times-ს – ამდენად, მჯერა, რომ ის მოგვცემს ყველაფერ იმას, რასაც ადრე არ გვაძლევდა“.
ამბობენ, რომ თეთრი სახლი განიხილავს უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და ახალი შეიარაღების გაგზავნას.
69 წლის პუტინი ყველას აფრთხილებს, რომ რუსეთი ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში შექმნას, განიხილავს ნაციონალური უსაფრთხოების პრობლემად. მან ასევე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ამერიკული სამხედრო ხომალდების ყოფნა რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსთან და ნატოს თვიღმფრინავების მიახლოება რუსეთის საზღვართან – 20 კილომეტრის მანძილზე.
ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით, CNN-ი იტყობინება, რომ განიხილება უკრაინაში გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების – „ სტინგერის“, ვერტმფრენების – Ми-17-ების, „ჯაველინების“ და ნაღმმტყორცნების გაგზავნის საკითხი.
2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-მ კიევს 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. კრემლმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკელი მრჩევლებისა და იარაღის გაგზავნა, გაზრდიდა დაძაბულობას.
„აშშ-ს მთელი ძალისხმევა უკრაინის დახმარებისა, ამ ქვეყანას უფსკრულში მიაქანებს“ – თქვა ანდრეი კარტაპოლოვმა, რომელიც რუსეთის პარლამენტში თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს. მან კიევის ხელისუფლებას ურჩია, არ დაივიწყოს, რით დამთავრდა ამერიკის „ბრიყვული ავანტიურა“ ავღანეთში. მიმდინარე კვირაში, ოფიციალურმა ხელისუფლებამ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინამ განახორციელა რაკეტა „ ჯაველინის“ გაშვება პრორუსული ძალების მიმართულებით.
ანლიტიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ რუსეთი ძნელად თუ დაიწყებს ფართომასშტაბიან შეტევას და რომ მისი ჭეშმარიტი მიზანია – დათმობა აიძულოს ნატოსა და უკრაინას, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის. ივნისში პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, ალიანსის ბირთული რაკეტების მოსკოვამდე ფრენის ხანგრძლივობა – 7-10 წუთამდე შემცირდება.
მოსკოვი ასევე განარისხა, კიევის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატის „ბაირახტარის“ გამოყენებამ. რუსეთი აცხადებს, რომ ეს არის ცეხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა, რომელსაც ხელი მოეწერა 2015 წელს და რომელიც მალევე დაირღვა.
კრემლი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმას და ამბობს, რომ აქვს თავისი შენაერთების საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების სრული უფლება. პუტინის პრესმდივანმა – დმიტრი პესკოვმა, დასავლეთის ქვეყნები დაძაბულობის ესკალაციაში ამხილა.
ავდევკაში – ყველას ეშინია ფართომასშტაბიანი ომის დაწყების. „იცით, რა საზარელი გრძნობაა, როცა სახლში ზიხარ და არ იცი რა მიმართულებით მოფრინავს რაკეტა?- გვეკითხება გენადი გოლოვატიუკი, რომლის სახლის ნაწილი დაინგრა 2015 წლის სამხედრო მოქმედებების შედეგად.
„თუ ომი ხელახლა დაიწყო, აქაურობიდან არაფერი დარჩება. ჩვენ არ გვქონდა ბანკი, მაღაზია, გათბობა, წყალი, დენი… ეს იყო სრული კატასტროფა“
გუშინ მოსკოვმა აშშ დაადანაშაულა იმაში, რომ მათი ბომბდამშენები ამ თვეში ამუშავებდნენ რუსეთისთვის ბირთვული დარტყმებს. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ თვითმფრინავები ამგვარ დარტყმებზე ვარჯიშობდნენ სამხედრო სწავლება – „გლობლური ჭექა-ქუხილის“ დროს.