ABC ესპანეთი
ისრაელ ვიანა
იმ ამბიდან, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ხუთი წლის შემდეგ, მთავარმა გმირმა – ანატოლი ლუნაჩარსკიმ, განაცხადა: „რელიგია ლურსმანივითაა, როცა მას ქუდზე დაკრავ, ის უფრო ღრმად ერჭობა“. ლენინის ეპოქის განათლების კომისარი, ხუთი წლის განმავლობაში, მგზნებარედ ებრძოდა ეკლესიას, რაკიღა სწამდა, რომ კალმის ერთი მოსმით შეგიძლია გაანადგურო ეკლესიის ორიათასწლოვანი ისტორია. რუსული რევოლუციის ტრიუმფიდან მოყოლებული (1917 წელი), ახლადწარმოქმნილი კომუნისტური სახელმწიფოს მხარდაჭერით, ლუნაჩარსკი დაკავებული იყო მონასტრების ნგრევით, პომპეზური საჯარო გამოსვლებისას – რომის პაპის, ბენედიქტე მეთხუთმეტის გამოსახულებათა თავის კვეთითა და დაწვით, საეკლესიო ქონების კონფისკაციით, სიმბოლური მსვლელობებისას – მოციქულთა განქიქებით
ყველაზე უჩვეულო და დაუჯერებელი შეტევა განხორციელდა 1918 წელს – ლაპარაკია ე.წ. პროცესზე – „საბჭოთა სახელმწიფოს სასამართლო ღმერთის წინააღმდეგ“. მას ადგილი ჰქონდა სსრკ-ს საწყის – ხატმებრძოლეობის პერიოდში. მეფე ნიკოლოზ მეორე – ერთი წლის დამხობილი იყო და 6 თვე რჩებოდა მისი და მისი ოჯახის დახვრეტამდე.
ამგვარ ორომტრიალში, მოსკოვში ჩამოყალიბდა სახალხო ტრიბუნალი, რომელსაც პირველი ბოლშევიკური მთავრობის აზრით, უნდა გაესამართლებინა ყოვლისშემძლე ღმერთი – „დანაშაულისთვის კაცობრიობის წინაშე“ და „გენოციდისთვის“. ტრიბუნალის თავჯდომარე იყო თავად ლუნაჩარსკი, სწორედ ის კაცი, რომელმაც თავის წიგნში „რელიგია და სოციალიზმი“ განაცხადა, რომ „კარლ მარქსი მსოფლიოში უდიდესი წინასწარმეტყველია“. იგივე ლუნაჩარსკი ამბობდა : „ახლა უკვე უსარგებლოა ღმერთისთვის მიმართვა, რადგან ახალი საზოგადოება, მასთან ხელშეკრულებას არ ეფუძნება“
„ღვთიური“ სამსჯავრო
ეს უპრეცედენტო მოვლენა მოხდა 1918 წლის 16 იანვარს. სხდომა მიმდინარეობდა 5 საათს და მას ესწრებოდა მრავალრიცხოვანი აუდიტორია. ერთი შეხედვით – „ღვთიური“ სამსჯავრო, არაფრით განსხვავდებოდა საეროსგან. პროცედურა დაცულ იქნა უნაკლოდ, როგორც ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის დროს. პროკურორებმა წარადგინეს უამრავი ბრალდება, რომლებიც ეფუძნებოდა ისტორიულ ფაქტებს. მთავრი ბრალდება იყო ასეთი: „ღმერთი დამნაშავეა“. სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა ვექილებმა, თავის მხრივ, წარადგინეს დასაბუთება, რატომ არ არის უფალი დამნაშავე. მათ მისი შეწყალებაც კი ითხოვეს – ამტკიცებდნენ, რომ უფალი იტანჯებოდა „ღრმა დემენციითა და ფსკიკური აშლილობით“, ამდენად ის პასუხს ვერ აგებდა იმ ქმედებებზე, რომლებსაც ის სჩადიოდა.
ლუნაჩარსკი ნამდვილად არ იყო უბირი იმ საკითხებში, რაც რელიგიას ეხებოდა. პირიქით, პარიზსა და საპატიმროებში ხანგრძლივად ყოფნის პერიოდები, მან რელიგიის ისტორიის შესწავლას მიუძღვნა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი წიგნი „რელიგია და სოციალიზმი“, რომლის მთავარი დანიშნულება იყო – არც მეტი, არც ნაკლები – მარქსიზმის გამდიდრება იმ დებულებებით, რაც მან ქრისტიანობაში მოიძია. ამან თანაპარტიელი ამხანაგების მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, რომელთა ნაწილიც მის დაუძინებელ მტრად იქცა.
ხუთსაათიანი სასამართლო განხილვა
ხუთსაათიან სასამართლო პროცესში არგუმენტების, აპელაციებიას და პროტესტების გაცნობის შემდეგ, ტრიბუნალმა ღმერთი დამნაშავედ ცნო იმ ბრალდებებში, რაც მას წარედგინა. საბოლოოდ ლუნაჩარსკიმ წაიკითხა განაჩენი: უფალს მიესაჯა სიკვდილით დასჯა და ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულებილიყო მეორე დილას. მანამდე მსჯავრდებულის დამცველებს არ ჰქონდათ უფლება სასამართლოსთვის – აპელაციის ან მსჯავრის გადავადების მოთხოვნით მიემართათ. გამთენიისას აღსრულების ჯფუფმა სასამართლოს განაჩენი აღასრულა და მოსკოვის ცაში რამდენჯერმე გაისროლა.
რამდენიმე წლის შემდეგ, 1923-29 წლებში, ბოლშევიკებს გაქნილმა გონებამ უკარნახათ, რომ მსგავსი რამ არ გაემეორებინათ და ხელი აეღოთ ეკლესიის ღია დევნაზე, რაც მათ პირველ წლებში სჩვეოდათ. თავად ლუნაჩარსკიმ გაკიცხა ის წრეგადასულობა, რაც ბოლშევიკებს ახასიათებდათ. ეს მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა. ლუნაჩარსკი დაიღუპა 1933 წლის 26 დეკემბერს, ესპანეთისკენ მიმავალი – მეორე რესპუბლიკის დროს, ის საბჭოთა ელჩის პოსტზე იყო გამწესებული.