The Telegraph დიდი ბრიტანეთი
ჯეიმს ქრისფი, როლანდ ოლიფანტი
ვლადიმირ პუტინმა უკვე დაამტკიცა, რომ ჰიბრიდული ომის დიდოსტატია.
რუსეთის პრეზიდენტმა იცის, როგორ მოახდინოს ოპონენტების დესტაბილიზაცია. საქმეში ჩართულია კიბერშეტევები, გაზის ფასი და უჩინარი „პატარა მწვანე კაცუნების“ დაჯგუფებები, რომლებმაც გადაავსეს ომით გაწამებული უკრაინა.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, კაგებეს ყოფილ აგენტს სჩვევია, დამაჯერებლად უარყოს დასავლეთზე თავდასხმებში საკუთარი მონაწილეობა
მტრებზე პირდაპირი იერიშის ნაცვლად, ამჯერად პუტინი იყენებს ერაყელ მიგრანტებს, რომლებიც ბელორუსის გავლით მიემართებიან „აღთქმული მიწისკენ“, რასაც წარმოადგენს ევროკავშირის რომელიმე მდიდარი ქვეყანა, ვთქვათ გერმანია.
ევროპის ბოლო დიქტატორად წოდებულ ალექსანდრე ლუკაშენკოს, ერაყელები თვითმფრინავით მინსკში ჩაჰყავს, შემდეგ კი მათ პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საზღვრებისკენ გზავნის.
მას იმედი აქვს, რომ ევროპის ციტადელი შეტორტმანდება ახალი ფრონტის შედეგად და ევროგაერთიანება იძულებით გააუქმებს სანქციებს ბელორუსის წინააღმდეგ.
სანქციები შემოიღეს მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ აიძულა Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკში დაშვებულიყო და მის ბორტზე მყოფი ბელორუსი დისიდენტი და ჟურნალისტი გაიტაცა. პოლონელი, ლიეტუველი და ლატვიელი მესაზღვრეებიб იმავე თვეშიб გადააწყდნენ ერაყელების მკვეთრ ზრდას, რომლებიც საზღრებს კვეთდნენ. მაგრამ უქმეებზე მომხდარმა უეცარმა ესკალაციამ, მინავლული კრიზისის ხელეხლა აალება გამოიწვია. საზღვართან, ასე, ათ-ათ კაციანი ჯგუფების ნაცვლად, ასობით ერაყელმა მოიყარა თავი.
პოლონეთი აცხადებს, რომ ისინი ბელორუსი მესაზღვრეებისგან იმართებიან, რომლებიც ახდენენ სასაზღვრო ღობეთა გარღვევის ორგანიზებას.
ეს უკვე პოლონეთის სუვერენшტეტის ხელყოფაა.
ევროპის ქვეყნებში ფიქრობენ, რომ ტაქტიკის ამგვარი ცვლილება, არა მინსკიდან, არამედ მოსკოვიდან მოდის. პუტინი აშკარად უჭერს მხარს ამგვარ მეთოდებს და იყენებს მომენტს, როცა პოლონეთის ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა მინიმუმამდეა დასული, ამდენად რუსეთის პრეზიდენტი მორიგ იერიშს ახორციელებს.
მიგრაცია მართლაც დიდ უთანხმოებას წარმოშობს ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის, რომელთაც ვერა და ვერ შეათანხმეს თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკა.
2015 წლის მიგრაციული კრიზისის დროს, ეს ქვეყნები დავობდნენ და ქიშპობდნენ ერთმანეთთან, ცდილობდნენ ლტოლვილთა ნაკადები მიემართათ ხან სამხრეთისკენ, ხან ჩრდილოეთისკენ, ხან დასავლეთისკენ, ხანაც აღმოსავლეთისკენ. ემოციები დღემდე არ დამცხრალა.
ოცდაშვიდივე ქვეყანა თანხმდება მხოლოდ ერთ რამეზე, რაც შეიძლება მეტი მიგრანტი შეაჩეროს და რაც შეიძლება შორს ევროკავშირის საზღვრებიდან.
პუტინი ხელიდან არ უშვებს შანსს, რომ განხეთქილება ჩამოაგდოს ევროპის ქვეყნებს შორის, რომელთაც მოახერხეს და იშვიათი ერთსულოვნებით დაუჭირეს მხარი უკრაინის გამო, მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას.
ახალახან პუტინმა იქედნური ღიმილით განაცხადა, რომ თუ გერმანია დაჩქარებული ტემპით დაამტკიცებდა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს, მაშინ ევროკავშირში ენერგეტიკული კრიზისი სწრაფად დაცხრებოდა.
აქვე უნებურად გახსენდება გასული წლების მოვლენები, როცა რუსეთის პრეზიდენტმა გაზი გადაკეტა უკრაინული კრიზისის ფონზე იმისთვის, რომ ევროკავშირზე წნეხი განეხორციელებინა.
პუტინმა დაადასტურა, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ნებისმიერ საშუალებას, რათა მტრებს წონასწორობა დააკარგვინოს.
მაგრამ ათასობთ სასოწარკვეთილი მიგრანტის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებს შორის შუღლის ჩამოსაგდებად, იშვიათი სიმდაბლეა – რუსეთის მზაკვარი პრეზიდენტის მხრიდანაც კი.