CBC კანადა
მიურეი ბრუსტერი
იმ პირობებში, როცა ამერიკის ხელისუფლება სულ უფრო მეტს ფიქრობს საკითხზე, ხომ არ ატარებს რუსეთი მორიგ ბლეფს უკრაინის ირგვლივ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მოუწოდებს კანადას, უფრო აქტიურად ჩაერთოს მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საქმეში
პეტრო პოროშენკომ ტელეარხ CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების თავმოყრა უკრაინის საზღვრებთან, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის უკრაინის დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას, რისი მცდელობები, აგერ უკვე 13 წელია გრძელდება.
ის მოუწოდებს ნატოს წევრ-ქვეყნებს, წარმოადგინონ უკრაინის ალიანსში სრულუფლებიანი გაწევრიანების გეგმა – ამ ორგანიზაციის ლიდერთა მომავალ სამიტზე, რომელიც 2022 წლის ივნისს, მადრიდში გაიმართება. ის თვლის, რომ კანადამ, რომელიც თავიდანვე ემხრობოდა უკრაინის ამბიციას, ამ მხრივ, განსაკუთრებული როლი უნდა შესარულოს.
ნატოს პირობაც კი, რომლის თანახმად ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ცალკეული კრიტერიუმები, რაც აბრკოლებს უკრაინის სრულფასოვან წევრად მიღებას, ძლიერი სიგნალი იქნება რუსეთისთვის, განაცხადა პოროშენკომ ჰალიფაკის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე.
კანადის თავდაცვის ახალ მინისტრ ანატუ ანანდს (მან 19 ნოემბერს განაცხადა, რომ ფიქრობს უკრაინელ ხალხზე) ჰკითხეს: ჩაერთვება თუ არა კანადა იმ 30 ქვეყნის კოალიციაში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას.
„თქვენ წამოჭერით საკითხი, რომელსაც ახლა განვიხილავ ჩვენ მთავრობასთან და პარტნიორებთან“- უპასუხა მან.
სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი, გასცეს ცალსახა დაპირება, რომ დაიცავენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ანადმა აღნიშნა, რომ კანადამ, რომელიც დიდი ხანია წვრთნის უკრაინელ სამხედროებს, უკვე გამოხატა ამგვარი მზადყოფნა.
უკრაინის ახლანდელი მთავრობა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მეთაურობით, მომავალი სამიტის წინ, აქტიურად ავითარებს ნატოში გაწევრიანების გეგმას.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინამ ჯერ კორუფციასთან ბრძოლის გრძელი გზა უნდა განვლოს.
დრო შეზღუდულია
ნატოს მოკავშირეებს სულ უფრო აშფოთებთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედება.
19 ნოემბერს, გაზეთმა The New York Times-მა აღნიშნა: ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლებმა გააკეთეს გაფრთხილება, რომ რჩება შეზღუდული დრო საიმისოდ, რათა მოხერდეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედების თავიდან აცილება. ვაშინგტონი აშკარად მუშაობს რიგი ზომების მიღებაზე, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო ღონისძიებები, რომ უზრუნველყოს რუსეთის შეკავება.
პოროშენკომ თქვა, რომ ის მიესალმება რესპუბლიკელების მცდელობას კონგრესში, რომლებიც განიხილავენ რუსეთიდან გერმანიაში შემავალი გაზსადენის – „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესების საკითხს. მისი თქმით, რუსეთის შემაკავებელ ნებისმიერ პაკეტში, უნდა მოხდეს უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გათვალისწინება.
მიუხედავად ამისა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც, როგორც ბევრი ფიქრობს, ისევ იყრის კენჭს ამ თანამდბობაზე, აღიარებს, რომ მისმა ქვეყანამ დღემდე ვერ მოახერხა კორუფციისგან და საბჭოთა ეპოქის დროინდელი ბიუროკრატიისგან გათავისუფლება და ის ჯერ არ არის მზად დასავლეთის სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად.
თუმცა პოროშენკოს მოსაზრებით, უკრაინამ უკვე გაიარა „ნათელი გზის“ დასაწყისი და ახლა უნდა მოხდეს რეფორმათა იმ მკაცრი პროგრამის რეალიზაცია, რომელიც მისი ხელმძრღვანელობის დროს ტარდებოდა.
„მაშველი რგოლი“
პოროშენკომ განაცხდა, რომ საზღვართან 100 000 რუსი ჯარისკაცის თავმოყრის პირობებში და ქვეყნის აღმოსავლეთ 2 რეგიონში „კვაზი-ომის გაძლიერების გამო, ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია უკრაინის ნატოში გაწევრიანება – ეს არის მაშველი რგოლი რეფორმებისთვის“- თქვა მან და დაამატა: მისი ქვეყნის მეზობლები უეჭველად ხვდებიან პოლიტიკური ფსონების მნიშვნელობას.
„ევროპას სჭირდება დემოკრატიული უკრაინა, ევროპას სჭირდება ევროპული უკრაინა, ევროპას სჭირდება უსაფრთხო უკრაინა, ევროპას სჭირდება რუსეთისგან დამოუკიდებელი უკრაინა“.
ბოლო კვირეების განმავლობაში, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების წნეხმა – დარწმუნებინათ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაეყვანა ჯარები არასტაბილური სასაზღვრო რეგიონიდან, შედეგი ვერ მოიტანა.
უკრაინის ნატოში გაწევრიანება – ეს ე.წ. „წითელი ხაზია“ რუსეთისთვის.
პუტინმა დასავლეთს ბრალად დასდო მოსკოვის პროვოცირების გამუდმებული მცდელობა. რუსეთმა ახალახან დახურა თავისი წარმომადგენლობა ალიანსის შტაბ-ბინაში, ბრიუსელში.
პოროშენკო აღაშფოთა ჟურნალისტის მოსაზრებამ, რომ პუტინი არ დაუშვებს უკრაინის ნატოში უპრობლემოდ გაწევრიანებას.
„ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, ყველაზე დიდი ტერიტორიით ევროპაში“ – თქვა მან.
„თქვენ ფიქრობთ, რომ პუტინს უნდა დავეკითხოთ, შეგვიძლია თუ არა ნატოში გაერთიანება? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დემოკრატიული არჩევანია? მე გეუბნებით, რომ -„არა.“