The Telegraph დიდი ბრიტანეთი
სოფია იანი
ტაივანი ფართობით სამჯერ პატარაა ინგლისზე, მაგრამ ჩინეთის აგრესიამ ამ მწვანე ტროპიკული კუნძულის მიმართ, შეიძლება მსოფლიო ქაოსში გაახვიოს და განმეორდეს 2014 წლის მოვლენები, როცა რუსეთმა, (ვლადიმირ პუტინის მეთაურობით), ყირიმი ძალით მიიერთა
პუტინის მსგავსად, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა სი ძინპინმა ჩათვალა, რომ უტიფარი გამოხდომები გამოძახილს პოვებდა ქვეყნის შიგნით, გაამძაფრებდა ნაციონალისტურ განწყობებს და ამით, ის, კიდევ ხუთი წლით (ან უფრო ხანგრძლივად), შეინარჩუნებდა მართვის სადავეებს.
უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე მთელი ათი წლის მანძილზე ყოფნისას, სი ახდენდა ძალაუფლების კონსოლიდაციას, ციხეში სვამდა პოლიტიკურ ოპონენტებს და სხვაგავარად მოაზროვნეებს. ასე რომ, მის მიერ ცენტრალური სამხედრო კომისიის თავჯდომარის რანგში გაცემული ამასწინანდელი ბრძანება – 150 თვითმფრინავს მაქსიმალურად დაბალ სიჩქარეზე გადაეფრინა ტაივანის თავზე – ძალის გამოყენების მუქარად აღიქმება.
თუმცა, ისე როგორც პუტინს 2014 წელს, ჩინეთის ლიდერს პრობლემები აქვს შინ და ამდენად, ყურადღების გადატანის მცდელობა სავსებით ლოგიკური იყო. ჩინეთის ეკონომიკა სწრაფი ზრდისათვის დამახასიათებელი დაავადებებით, დემოგრაფიული პრობლემებითა და თავსდამტყდარი პანდემიით არის შეპყრობილი.
საყოველთაო მოსაზრებით, ტაივანი მისთვის რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ დაბოღმილი ჩინეთი ასე არ თვლის. სის აზრით, რენეგატები ძირს უთხრიან კომუნისტური პარტიის ლეგიტიმურობას, ამდენად, ისინი ერთი ხელის დაკვრით უნდა გასრისო. ამის ნათელი მაგალითია ჰონგ-კონგი.
პეკინისთვის ტაივანზე თავდასხმა და კუნძულის მიტაცება (მისი 23 მილიონიანი მაცხოვრებლით) უმნიშვნელოვნესი საკითხია. თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, მან უნდა იბრძოლოს სრულ გამარჯვებამდე. სხვა შედეგი სის საჩოთირო მდგომარეობაში ჩააგდებს, რადგან მან „გაერთიანების“ პირობა არაერთხელ დადო.
„დასავლეთის – ბლეფზე გამოჭერა“
კონფლიქტი ტაივანის გამო, ჩინეთსა და დასავლეთს შორის არსებული კონფლიქტის გაშუალებული გამოვლინებაა. თუმცა გაურკვეველია, ჩაებმებიან თუ არა მასში სხვა ქვეყნები და და დაიჭერს თუ არა მათ სი „ბლეფზე“, როგორც ეს პუტინმა 7 წლის წინ უკრაინაში შეძლო.
არსებითად ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ტაივანის მდგომარეობა მსოფლიო არენაზე სრულიად გაურკვეველია.
სხვადასხვა ქვეყნები ამ კუნძულს ცალკე წარმონაქმნად მიიჩნევენ, მაგრამ არ აღიარებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. კუნძული ვერ დაიკვეხნის მდიდარი დიპლომატიური ურთიერთობებით და არც გაეროს წევრად მიიჩნევა ჩინეთის მუქარის გამო.
რას ნიშნავს ეს? ჩინეთის მოქმედებას ძნელად უწოდებ უკანონობასა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას. მართალია, კუნძულის საზღვრები ტაიბეისგან პრაქტიკულად არის დაცული, მაგრამ ეს საზღვრები საკამათოა პოლიტიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით – ის ამით განსხვავდება უკრაინის საზღვრებისაგან.
მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ნელ-ნელა წინ მიიწევს. სის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – მისი კიდევ უფრო განვითარებაა. ათწლეულების განმავლობაში 1.4 მილიარდიანი ნაცია, აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ მზად იყო პიროვნული თავისუფლებები – კეთილდღეობაზე გაეცვალა.
ასე რომ ტაივანის მიმართ აგრესია, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს. ნაციონალისტმა სიმ,უბრალოდ უნდა დარაზმოს ერი კუნძულთან საბრძოლველად, ვიდრე ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ის დამატებით ბონუსს მიიღებს, თუ ქვეყანას მისცემს დასავლეთის შერცხვენის კიდევ ერთ საშუალებას.
ამგვარივე აზროვნება ედო საფუძვლად ჩინეთ-ინდოეთის დაპირისპირებას სასაზღვრო რეგიონში და მზარდ ექსპანსიას სამხრეთ კორეის ზღვაზე. იზეიმა რა ასწლოვანი იუბილე, სი მომავალი 100 წლის გეგემას სახავს.
ზოგოერთი ქსპერტი ჩინეთის საკითხებში ფიქრობს, რომ სის სურს ტიანანმენის მოედნის კარიბჭეზე, მაოს პორტრეტი თავისით სურათით ჩაანაცვლოს.
ტაივანი არ არის ყირიმი. კუბძულზე ამბობენ, რომ მთელი ძალით შეეწინააღმდეგებიან ჩინეთის აგრესიას. როცა რუსულმა სამხედრო შენაერთებმა დაიპყრეს უკრაინის ნახევარკუბძული, მათ საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, მართალია, შემდეგ ეს განწყობა მიინავლა.
მაგრამ შედეგები ამ ავტორიტარული ლიდერებისთვის, შესაძლოა იდენტური იყოს. ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინის რეიტინგი ცაში აიჭრა და ამგვარი „მკვდარი ჩავლების“ წყალობით, მან ძალაუფლება შეიძლება კიდევ ათწლეულის განმავლობაში შეინარჩუნოს.
სისთვის არ არსებობს უკეთესი შესაძლებლობა ისტორიაში ჩაწერისა, ვიდრე ეს „ტაივანის დამბრუნებლის“ სტატუსია.