DAILY EXPRESS დიდი ბრიტანეთი
სებასტიან ქითლი
უკრაინამ და უნგრეთმა ხმლები იშიშვლეს – ევროპაში გაღრმავებული გაზის კრიზისის გამო. ამ ორი ქვეყნის ელჩები საგარეო უწყებებში გამოიძახეს, რათა განეხილათ წინააღმდეგობრივი შეთანხმება, რომელიც ბუდაპეშტმა რუსეთთან დადო
კიევში, ოფიციალური პირები შიშობენ, რომ უნგრეთის მიერ გაფორმებული გარიგება რუსული გაზის მიწოდების შესახებ, უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. უნგრეთი შეუთანხმდა რუსეთს გაზის „თურქული ნაკადით“ მიწოდების შესახებ, რაც გვერდს უვლის უკრაინას. მრავალჯერ გაკრიტიკებული „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მსგავსად,რომელიც გერმანიამ და რუსეთმა გააფორმეს, ამ გარიგებასაც – უნგრეთსა და რუსეთს შორის – მგზნებარე, ნეგატიური რეაქცია მოჰყვა უკრაინის მხრიდან.
სამშაბათს, 28 სექტემბერს, უნგრეთისა და უკრაინის საგარეო უწყებებში გამოიძახეს, შესაბამისად, უკრაინელი და უნგრელი ელჩები, რათა ემსჯელათ გაღრმავებული განხეთქილების შესახებ. ამ სიტუაციამ აირეკლა ბუნებრივი აირის გარშემო დაწყებული უფრო მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც ევროპაში გაჩაღდა.
დღითი დღე იზრდება შეშფოთება ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების გამო. დარგის წარმომადგენლები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა განგებ შეამციროს გაზის მიწოდება ევროპაში.
ამასთან, რუსეთმა და უნგრეთმა უპასუხეს კიევს და ეს უკანასკნელი გააფრთხილეს – თავი შეიკავოს ორმხრივ ურთიერთობებში ჩარევისგან.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ, სამშაბათს, 28 სექტემბერს, განაცხადა, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული უკრაინის შეშფოთების გამო, გამოიძახეს უკრაინის ელჩი: „ჩვენ ვთვლით, რომ უკრაინის სურვილი – მოახდინოს საიმედო მიწოდების ბლოკირება- არის ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა“ – თქვა სიიარტომ.
უკრაინული მხარის მოსაზრებით, ბუდაპეშტისა და კრემლის 15 წლიანი კონტრაქტი – ეს არის „პოლიტიკურად და ეკონომიკურად სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება“. კიევმა განაცხადა, რომ მოითხოვს, ევროკომისიამ განიხილოს საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება ევროპის ენერგეტიკული სამართლის ნორმებს. სიიორტომ დაამატა, რომ ამ ინფორმაციამ ის „აღაშფოთა“.
კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა, ასევე უკუაგდო უკრაინის პრეტენზია. „არავის უფლება არ ირღვევა, საერთაშორისო ვაჭრობის არავითარი ნორმა არ დარღვეულა“ – განაცხადა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ის გადადგამს „მკვეთრ ნაბიჯებს“, რათა დაიცვას თავისი ქვეყნის ნაციონალური ინტერესები. სამშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინის საგარეო უწყებამ გააკეთა შემდეგი განცხადება: „გაზის ტრანსპორტირება უკრაინის გვერდის ავლით, ძირს უთხრის ქვეყნის ეროვნულ და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უკრაინის მხარე – გადადგამს მკვეთრ ნაბიჯებს ეროვნული ინტერესების დასაცავად“.
ევროკავშირის ნორმების თანახმად, ამ გაერთიანების წევრებს შეუძლიათ გააფორმონ ორმხრივი შეთანხმებები გაზის მიწოდების შესახებ, მაგრამ მხარეებმა ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ შეთანხმებით განსაზღვრული მოცულობა წლიური მოხმარების 28%-ს აღემატება.
ევროკავშირის მონაცემებით, რუსულ-უნგრული შეთანხმების მოცულობა – ამ დონეს აჭარბებს. კონტრაქტის მიხედვით გაზპრომი უნგრეთს ყოველწლიურად მიაწვდს 4.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. აქედან, დიდი ნაწილი – 3.5 მილიარდი კუბური მეტრი, უნგრეთს მიეწოდება სერბეთის გავლით, დანარჩენი კი ავსტრიიდან. შეთანხმება ძალაში – 1 ოქტომბერს შედის.
ბოლო თვეებია ევროკავშირში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება და იწვევს ფართომასშტაბიანი კრიზისის შიშს, რომელიც შეიძლება ამ ზამთარს გაჩაღდეს. რუსეთს ადანაშულებენ იმაში, რომ ის განგებ ამცირებს გაზის მიწოდებას ევროზონაში, თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ მზადაა გაზარდოს მიწოდების მოცულობა.
გასული წლიდან მოყოლებული, გაზი 500%-ით გაძვირდა.