Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Project syndicate აშშ

ჰაროლდ ჯეიმსი

 

                  პრინსტონი – წელს აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები საერთაშორისო სავალუტო წესრიგის ისტორიაში: 15 აგვისტოს შესრულდა 50 წელი მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა “დახურა ოქროს ფანჯარა“. 21 სექტემბერს – 90 წელი გადის იმ დღიდან, როცა ბრიტანეთის მთავრობამ ფუნტი სტერლინგს გამოაცალა ოქროს სტანდარტი. მართალია, ორივე ეს მოვლენა ფულის ისტორიას უკავშირდება, მაგრამ მათი შედეგები არ შემოიფარგლება ფინანსური სფეროთი. ამ მოვლენებმა გვაუწყა საერთაშორისო უსაფრთხოების მთელი რეჟიმის დასრულების შესახებაც

xix საუკუნის მსოფლიო წესრიგი შეიკრა ბრიტანული იმპერიის ირგვლივ. ოქროს სტანდარტი ემყარებოდა მოლოდინს, რომ ომის  დასრულებისთანავე, ის, დაუბრუნდებოდა ომამდელ ღირებულებას.  დათქმა, რომ ფუნტის ღირებულება ოქროს მიმართ უცვლელი იქნებოდა, აჩენდა ნდობას, რაც ეხმარებოდა საომარ ვითარებაში მყოფ მთავრობას ესესხა ფული და შესაბამისად, გაეწია ხარჯები, რომლებიც კონფლიქტებს უკავშირდებოდა.

ვინაიდან ოქროს სტანდარტი დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა ბრიტანეთის იმპერიის ფინანსურ საფუძველს, ქვეყანა მას მიუბრუნდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, მაგრამ საფასური მეტად მაღალი აღმოჩნდა. 1931 წელს აშკარა გახდა, რომ ოქროს სტანდარტზე უარი გარდაუვალი იყო, რათა გამონთავისუფლებულიყო სივრცე „მსუბუქი ფულის“ პოლიტიკის წარმართვისათვის, რამაც ძრავის ფუნქცია შეასრულა ეკონომიკის აღდგენაში დიდი დეპრესიის შემდეგ.

ამას გარდა, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, ბრიტანეთმა აღმოაჩინა, რომ აღარ შეეძლო ცენტრალური პოზიციის შენარჩუნება გლობალური უსაფრთხოების სისტემაში. მან სცადა შეენარჩუნებინა თავისი  გავლენა და შექმნა ახალი ორგანიზაცია – ერთა ლიგა. ბევრი ბრიტანელი – გაეროს ამ წინამორბედს, განიხილავდა ძველ სისტემაში ძალთა ბალანსის გაუმჯობესების საშუალებად. დადგინდა საერთაშორისო ქცევის სამართლებრივი კოდექსი, დაწესდა შეზღუდვები აგრესიის გამოყენებისთვის, მაგრამ სხვა ქვეყნების თვალში, ერთა ლიგა გამოიყურებოდა სქემად, რომელიც შემუშავებული იყო ბრიტანეთის ინტერესების შესაბამისად.

1931 წლის 18 სექტემბერს (მას შემდეგ, რაც სტერლინგის ოქროსთან ბმა გაუქმდა) იაპონურმა არმიამ გაანადგურა ერთა ლიგის ავტორიტეტი, როგორც აგრესიის საწინააღმდეგო ბასტიონისა. მოახდინა რა ინციდენტის ინსცენირება „სხვისი დროშის ქვეშ“, სტრატეგიულ გზაზე მუკდენში (ახლა ჩინური ქალაქი შენიანი) და წარმოაჩინა რა ის ჩინურ საბოტაჟად, იაპონია  მანჯურიაში შეიჭრა და  დაიპყრო. ერთა ლიგა  – უსუსური აღმოჩნდა ამ მაქინაციების წინაშე. იაპომიის პროვოკაციამ უბრალოდ დაადასტურა არგუმენტი, რომელსაც ერთა ლიგის  სკეპტიკოსები გამოთქვამდნენ,  აგრესია  – ფარდობითი კონცეფციაა.

„ნიქსონის შოკი“, ასევე უნდა განვიხილოთ, როგორც ნაწილი ფართო სისტემური ცვლილებებისა გლობალური უსაფრთხოების წესრიგში. ეს იყო საზღაური აშშ-ს ჩავარდნისა ვიეტნამში, რომელიც წნეხს წარმოადგენდა ქვეყნის ბიუჯეტისთვის და ასტიმულირებდა სვლას ინფლაციური ფინანსირებისკენ, რაც იწვევდა სხვა ქვეყნების აღშფოთებას. ამერიკის ახლანდელი  ფიასკო  ქაბულში, თითქოსდა გამოძახილია წინა, იმპერიული კოლაფსებისა. ერთა ლიგის პერიოდის მსოფლიო წესრიგის დეზინტეგრაციისა და ამერიკელთა ვიეტნამში კრახის გათვალისწინებით,  თალიბების ხელმეორედ მოსვლა ავღანეთის სათავეში არ იყო გასაკვირი. ყოველი კატაკლიზმი, რომლითაც სრულდებოდა ესა თუ ის მოვლენა, მწიფდებოდა წლების განმავლობაში.

… და ეს არის ის, რაც აერთიანებს სავალუტო წესრიგსა და უსაფრთხოების სისტემას. ნებისმიერს შეუძლია აღმოაჩინოს ბზარები ამ სისტემებში  იმაზე ადრე, ვიდრე ამას ახერხებენ ეკონომიკური ხელმძღვანელობა და მმართველები, რომლებიც პასუხს აგებენ უსაფრთხოებაზე. ისინი ბოლო წუთამდე ცდილობენ სტატუს კვოს შენარჩუნებას (რადგან არ ეტყობა, რომ კოლაფსისთვის ვინმე ემზადებოდა). დომინანტი სახელმწიფოს ავტორიტეტი უეცრად იფანტება და იწყება პანიკური გაქცევა სავალუტო სისტემიდან თუ ქვეყნიდან.

ახლა მოვლენები  უფრო ქაოსურად ვითარდება, ვიდრე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში იყო. სისტემური კოლაფსის ერთ-ერთი მახასიათებელია ის,  რომ პარალელურად ხდება მოკავშირე ალიანსის მთელი ქსელის დისკრედიტაცია. სწორედ ამიტომ, ავღანეთი –   არის არა მხოლოდ აშშ-ს ფიასკო, არამედ იმ მთავრობებისაც, რომლების ამაში იყვნენ ჩართულნი. იზრდება იმის ალბათობა, რომ  უსაფრთხოების ძველი სისტემა გადააწყდება ისეთ წინააღმდეგობებს, რასაც ადრე, ვერავინ წარმოიდგენდა. დღევანდელ სიტუაციაში მთელი ყურადღება გადავა ბალტიის ქვეყნებსა და ტაივანზე.

ასეთი გაურკვევლობა ააშკარავებს ახალი,  უფრო ქმედუნარიანი და მყარი პოლიტიკური წესრიგის აუცილებლობას, რომელიც არ იქნება დამოკიდებული „დაღლილ“ ჰეგემონზე. სისულელეა იმის ფიქრი, რომ იქნება ერთოლუსიანი გლობალური უსაფრთხოება, ისე, როგორც ეს იყო მე-19 საუკუნეში და ბრიტანეთის ადგილს დაიკავებს აშშ, ან ის მოსაზრება, რომ აუცილებლად ჩინეთი ჩაიგდებს ხელში იმ პოზიციებს, რომლებიც აშშ-მ დათმო. ყოველთვის არსებობს ალტერნატივები და წინააღმდეგობები ამ ალტერნატივებს შორის, ხდება მიზეზი არასტაბულურობისა. ამის მაგალითია რევიზიონისტული ქვეყნების ბრძოლა ჰეგემონიისთვის  – იაპონიის, რუსეთის და გერმანიის ურთიერთობა მსოფლიო ომებს შორის პერიოდში.

მეტიც, ახალი აზროვნების წყაროდ შეიძლება მოგვევლინონ ახალი მოთამაშეები. ამ დღეებში, კოვიდ -19 -ის კრიზისის გავლენით, ყველგან იცვლება პოლიტიკური სიტუაცია. მიუხედავად ექსპერტთა გაუთავებელი საუბრისა იმის შესახებ, რომ აშშ-ს ამ დამცირებით, სარგებელს ნახავენ მაინცდამაინც რუსეთი და ჩინეთი, ის არც მთლად დამაჯერებელია. მაგალითად ინდოეთმა შეიძლება ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში.

ევროკავშირში, დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდგომ, ასევე იცვლება დინამიკა. საფრანგეთი და გერმანია, ომის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული – ღერძი ევროპული პოლიტიკისა, დაღლილად გამოიყურება და საკუთარ პრობლემებშია ჩაფლული. ორივე ქვეყანა ემზადება არჩევნებისთვის და ამ დროს დომინირებს შიდა საკითხები (ან საერთოდაც არ ჩანს რაიმე პრობლემაზე მსჯელობა, როგორც ეს არის მთვლემარე წინასაარჩევნო კამპანიისას ხდება გერმანიაში). ამასობაში, იტალია, ახალი პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ხელმძღვანელობით, გამოთქვამს ახალ იდეებს ისეთ გლობალურ საფრთხეებზე, როგორიცაა პანდემია და კლიმატის ცვლილება.

ახალი გამოსავლის ძიებისას, უნდა გავითვალისწინოთ 1931 და 1971 წლების გაკვეთილები. ქაოსური ფინანსური ცვლილებები – ეს უსაფრთხოების პრობლემაცაა. მხოლოდ მმართველობის სანდო სისტემის ხელახლა შექმნითაა შესაძლებელი ფინანსური სტაბილურობის მიღწევა…ხოლო სტაბილური საერთაშორისო პოლიტიკა, აუცილებელი  პირობაა  – ახალი ფინანსური წესრიგის ჩამოყალიბებისთვის.

By admin