Daily Express დიდი ბრიტანეთი
ჯონ ვარგა
რუსი და ბელორუსი სამხედროები, ევროპის საზღვრებთან ახლოს, მასშტაბურ სამხედრო სწავლებას ატარებენ, რომლის დასრულება ხუთშაბათს არის დაგეგმილი. „დასავლეთი-2021“-ის მანევრებში მონაწილეობს 200 000 ჯარისკაცი, 80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 15-მდე ხომალდი და თითქმის 300 ტანკი, რის შესახებ იტყობინებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მოსკოვმა, ამ სწავლებაზე, პირველად მოახდინა რობოტიზებული კომპლექსის „Платформа-М“-ისა და ახალი საომარი მანქანის „სარმატ-2“-ის დემონსტრირება, როგორც ამას რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან
საბრძოლო რობოტი „Платформа-М“-ი – ეს მძლავრი მანქანაა, რომელიც შეიარაღებულია ნაღმმტყორცნებითა და ტყვიამფრქვევით. მისი მართვა დისტანციურად ხორციელდება.
ბელორუსი დიქტატორი ალექსანდრ ლუკაშენკო კვირას სწავლების მიმდინარეობას აკვირდებოდა და სრულ საბრძოლო მაზდყოფნაში იმყოფებოდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „БЕЛТА“-მ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პრეზიდენტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ლუკაშენკო ყურადღებით აკვირდება ობუზ-ლესნოვსკის პოლიგონზე მიმდინარე სწავლებას.
მოგვიანებით მან განაცხადა: „ეს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელიც მიმდინარეობს დასავლეთის მხრიდან ხანგრძლივი ჰიბრიდული აგრესიის ფონზე – რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ“.
ელიან, რომ პუტინი მომავალ კვირაში სწავლების ისპექტირებას მოახდენს, რომლის ჩატარებას ის მიზანშეწონილად მიიჩნევს რეგიონში ნატოს მზარდი აქტიურობის გათვალისწინებით.
თუმცა „დასავლეთი- 2021“-ის მანევრებმა ნატოს იმ წევრების შეშფოთება გამოიწვია, რომლებსაც ბელორუსთან საერთო საზღვარი აქვთ. კერძოდ, ესტონეთმა გამოთქვა წუხილი, რომ ეს მანევრები შესაძლოა, ახლო მომავალში, რუსეთის ქვეყანაში შეჭრის მომასწავებელი იყოს.
პარასკევს მიცემულ ინტერვიუში, ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა მარტინ ჰერემმა განაცხადა: „ უნდა გვესმოდეს, რომ ეს (რუსეთის თავდასხმა ესტონეთზე) შესაძლოა, მოხდეს უახლოეს მომავალში“.
„სავარაუდოდ, რუსეთის მიზანი არ უნდა იყოს ჩვენი ოკუპაცია. მას არ სჭირდება ოკუპაციით მიღებული კონტროლი, მაგრამ მას მოსწონს არასტაბილურობა და გავლენა, რომელსაც ის ამ არასტაბილურობით იღებს“.
ესტონეთი საბჭოეთის შემადგენლობაში შედიოდა და ქვეყნის აღმოსავლეთში დღემდე მრავალრიცხოვანი რუსული მოსახლეობა ცხოვრობს.
2014 წელს, უკრაინაში კრიზისის დროს, პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ნებისმიერ საშუალებას, იმ რუსების დასაცავად, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
„მინდა, ყველამ იცოდეს: ჩვენი ქვეყანა მომავალშიც ენერგიულად დაიცავს რუსების უფლებებს, ჩვენ თანამოძმეებს საზღვარგარეთ და საამისოდ გამოვიყენებთ ჩვენ არსენალში არსებულ საშუალებებს: პოლიტიკურითა და ეკონომიკურით დაწყებულს, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ – ჰუმანიტარულით დამთავრებულს, მათ შორის, თავდაცვის უფლებას“ – განაცხადა მან 2014 წელს, რუსი ელჩების სხდომაზე.
პუტინმა დასძინა: „როცა ვლაპარაკობ რუსულენოვან მოქალაქეებზე, მხედველობაში მაქვს ხალხი, რომელიც თავს გრძნობს, აღიქვამს ე.წ. დიდი რუსული სამყაროს ნაწილად და არა აუცილებლად ეთნიკურად რუს ადამიანებს, ყველას, ვინც თავს რუსად მიიჩნევს.“