Сегодня უკრაინა
ვიკტორია ბარანოვსკაია
ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2021-22 წლებში ბუნებრივ აირზე ფასი გაიზრდება. წლის დასაწყისში საშუალო ფასი ათას კუბურ მეტრზე 338 დოლარს შეადგენდა, ახლა ის გაცილებით მეტია
ბირჟაზე გაზის ფასმა ორშაბათს, 13 სექტემბერს, ათას კუბურ მეტრზე 730 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო სამწლინახევრის განმავლობაში რეკორდულია- 2018 წელს, ძლიერი ყინვების გამო, გაზი 555 დოლარი ღირდა.
ICE ბირჟის მონაცემით, ოქტომბრის ფიუჩერსით TTF ჰაბზე -ნიდერლანდებში, ის უკვე ათას კუბურ მეტრზე 727 დოლარს აღწევს.
გაზის საფასური უსწრაფესად იზრდება. ჯერ კიდევ აგვისტოში, კონტრაქტით „ერთი დღით ადრე“ – ბუნებრივი აირის ფასი 553 დოლარს აღწევდა, სექტემბრის დამდეგს კი 639 დოლარი შეადგინა. წლის დასაწყისში საშუალო ფასი 338 დოლარი იყო.
რატომ იზრდება ფასი
ექსპერტების აზრით, ამ ეტაპზე ევროპაში გაზის ფასზე გავლენას არ ახდენს გაზპრომის ცნობა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის დასრულების შესახებ. სადღეისოდ, მთავარ მიზეზად ასახელებენ ევროპის მიწისქვესა გაზსაცავებში მარაგების დაბალ დონეს. ექსპერტების გაანგარიშებით, გაზის საცავების შევსებამდე რჩება ერთ თვეზე მეტი, ხოლო მარაგების ახლანდელი დონე 70%-ს ოდნავ აღემატება.
აღვნიშნავთ, რომ გასულ კვირაში გაზის საფასურმა ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გადააჭარბა რეკორდულ 700 დოლარს ათას კუბურ მეტრზე. აგვისტოში კი ფასმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია.
ექსპერტთა პროგნოზი
სააგენტო Fitch Ratings-ი, 2021-22 წლებში, ვარაუდობს ევროპაში გაზის ფასის შემდგომ ზრდას. ექსპერტების მოსაზრებით ფასის ზრდის მიზეზებია: ცუდი კლიმატური პირობები, 2020 წლიდან თხევადი გაზის მიწოდების კლება და გაზსაცავებში მარაგების შემცირება – 2019-20 წლებთან შედარებით.
მათი მტკიცებით, 2021 წლის ბოლომდე არ არის მოსალოდნელი რუსეთიდან გაზის მიწოდების ზრდა, რადგან იანვარ-აგვისტოში გაზპრომმა 19%-ით ისედაც გაზარდა ექსპორტის მაჩვენებელი ევროპაში. მძაფრი კონკურენცია თხევად გაზზე აზიისა და ამერიკის რეგიონებში, ასევე შეუძლებელს ხდის მოკლევადიან პერსპექტივაში საწვავის მიწოდების ზრდას ევროპაში.
„ველით, რომ მიმდინარე პრობლემები შენარჩუნდება 2022 წელსაც, მაგრამ მომავალ წელს ზრდა არ იქნება ადრინდელივით სწრაფი, რადგან გაუმჯობესდება ამინდი და გაიზრდება გაზპრომის ექსპორტი“ – ნათქვამია განცხადებაში.
НАК Нафтогаз-ის მმართველი საბჭოს მეთაურმა იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ ევროპაში ადგილებზე გაზის საფასურის რეკორდული ზრდა, დაკავშირებულია გაზპრომის მხრიდან მიწოდების შეზღუდვასთან.
„მიგვაჩნია, რომ ფასების ზრდა, რასაც დღეს ბაზარზე ვხედავთ, არის შედეგი გაზპრომის სპეციალური კამპანიისა, რომელიც უბრალოდ ამცირებს გაზის ექსპორტს ევროპაში“ – ამბობს ვიტრენკო.
მისი აზრით, იმისთვის, რომ ფასებმ დაიწიოს, ევროკავშირის წარმომადგენლებმა უნდა მიაღწიონ ბლოკადის გარღვევას სხვა კომპანიებისთვის და უნდა მოხერხდეს უკრაინის გავლით ცენტრალური აზიიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირება.