Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

  Politico   აშშ

პოლ დალისონი

 

          მოსკოვში მოლაპარაკებების დროს მერკელი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა მის ტელეფონზე დარეკეს.

ახლა ამ ამბავს ყველა განიხილავს: ვის შეეძლო  გაებედა ვლადიმერ პუტინთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დროს, ტელეფონზე დაერეკა ევროპის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსისთვის?

ტელეფონზე უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას დარეკეს, ეს მოხდა პარასკევს,  20 აგვისტოს, როცა ლიდერები განიხილავდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა სიტუაცია ავღანეთში და გაზსადენი ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2.’’ მერკელი უკმაყოფილო ჩანდა, მან ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, გაღიზიანებულმა დახედა და თითი ეკრანს დააჭირა, რომ ზარი გამორთულიყო. (ან პაემანი გადაედო, თუკი ეს მართლაც იყო Tinder-ი, რაც შეუძლებელია ასე ყოფილიყო. ახლა ჩვენ უკვე ისიც ვიცით, რომ მერკელს ტელეფონზე დაყენებული აქვს სტანდარტული რინგტონი და არა, ვთქვათ, დევიდ ჰასელჰოფის ,, Looking for freedom’’ ან მეგან თი სტალიონის ,,ShoT shit”-ი.

უეჭველია, რომ პუტინს, რომელმაც ერთხელ  მერკელთან შეხვედრაზე თავისი ძაღლი მიიყვანა, რათა კანცლერი უხერხულ სიტუაციაში ჩაეგდო, ამ ამბავმა  ძლიერ გაახალისა.

მაშ ასე, მაინც ვინ დარეკა? არის რამდენიმე ვარიანტი:

არმინ ლაშეტი

კონსერვატორი კანდიდატი, რომელიც აპირებს მოახლოებულ არჩევნებზე მერკელის ადგილი მოიპოვოს, მას ახლა არც თუ ისე კარგი პერიოდი აქვს. ის ფაქტი, რომ მან წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქში ვიზიტისას გადაიხარხარა და თანაც ამ დროს კამერების  ობიექტივში მოხვდა, ძლიერ დააზარალა მისი რეპუტაცია, შემდეგ კი ლაშეტი აღმოჩნდა მეტად უხერხულ სიტუაციაში, როცა მას ღიად დასცინა ილონ მასკმა – თუ დაგავიწყდათ შეგახსენებთ, ლაპარაკია კაცზე, რომელმაც თავის პირმშოს -X Æ A-12- დაარქვა. შესაძლოა, ლაშეტს სურდა რჩევა მიეღო იმის თაობაზე, როგორ აერიდებინა თავი კიდევ ერთი წინასაარჩევნო ლაფსუსისთვის.

იქნებ გგონიათ, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეეძლო დაერეკა მერკელისთვის. არადა, მას ახლა ნამდვილად  სჭირდება  რაიმე დახმარება, თუკი ვინმე ამას აღმოუჩენს.

დღეს ის განიცდის მზარდ წნეხს, რაც მას აიძულებს იფიქროს გადადგომაზე, როგორც ცნობილია, მან ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტელეფონით გასაუბრება, საკუთარი უწყების უმცროს თანამშრომელს დაავალა,  თვითონ კი ამ დროს კრეტაზე ისვენებდა. მინისტრი როგორმე რომ გაემართლებინათ,  გამოაქვეყნეს რააბის ფოტო, სადაც ის სამუშაო მაგიდას უზის და ყურადღებით საუბრობს ტელეფონით. ( ვინ იცის, იქნებ უბრალოდ პიცის შეკვეთას აძლევდა, ან უბრალოდ ვარჯიშობდა მერკელთან დარეკვამდე).

ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტს, შეიძლებოდა  მერკელისთვის პუტინთან შეხვედრამდე დაერეკა (დილა მშვიდობის ანგელა! მინდოდა დამეზუსტებინა  ძალაში თუ რჩება ჩვენი შეთანხმება…), ან იქნებ უნდოდა მის დაუძინებელ მტერ პუტინთან მერკელს წარმატებისთვის არ  მიეღწია – როგორც მაგალითად თქვენ რეკავთ   საყვარელთან, როცა იცით, რომ ის ამ დროს სხვა თქვენთვის საძულველ კაცს ხვდება.

ჟან-კლოდ იუნკერი

შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ევროპული კომისიის თავმჯდომარე. 2017 წელს ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციის დროს, უეცრად დაირეკა მის ძველ ,,ნოკიაზე,’’ მაშინ იუნკერმა თქვა, რომ ეს მისი მეუღლე იყო, თუმცა რუდი ჯულიანისგან განსხვავებით, რომელმაც შუა კონფერენციის დროს გააბა მეუღლესთან სატელეფონო საუბარი, იუნკერმა ზარს არ უპასუხა, თუმცა მალევე მიხვდა, ამით ცოლს კი არა, მერკელს აწყენინა., იქნებ ეს შურისძიება იყო.

გერჰარდ შრედერი

მერკელის წინამორბედმა, ცხადია მშვენივრად იცის, როგორ ელაპარაკოს რუსებს, იქნებ მას სურდა ანგელასთვის ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ის დირექტორთა საბჭოში მისთვის სამუშაო შეეთავაზებინა.

რუსეთის საიდუმლო სამსახური

არა, ისინი ამას როგორ ჩაიდენდნენ, ასე არ არის? ბოლოსდაბოლოს, იმ დროს, მერკელი მოლაპარაკებების დარბაზში პუტინთან ერთად იმყოფებოდა.

By admin