Главред უკრაინა
ილია კუსა
პრეზიდენტმა აშრაფ განიმ ავღანეთი დატოვა. ქვეყანას გაეცალა ვიცე- პრეზიდენტი ამრულა სალეჰიც.
თავს გაქცევით უშველეს ყოფილმა „ვარსკვლავებმა“, 1990-იანი წლების მივიწყებულმა ლეგენდებმა – აბდელ-რაშიდ დუსტუმმა და ატტა მუჰამედ ნურმა.
არანაკლებ ცნობილი „ჰერათის ლომი“, სახალხო ლაშქრის ლიდერი ისმაილ ხანი, პირადმა დაცვამ თალიბებს გადასცა და მანაც უმალვე მოაწერა ხელი ბოევიკთა მხარდამჭერ განცხადებას
ახალი აჰმად შაჰ მასუდი, რომელიც ანტითალიბური კოალიციის მობილიზაციას მოახდენდა, ვერ მოიძებნა. ასეთი კაცი თავიდანვე არ ჩანდა – ესაა მიზეზი ქალაქების დაცვის ცუდი ორგანიზაციისა.
აშრაფ განი ამ როლისთვის არ გამოდგა. ის არ უყვართ ავღანეთში, ხოლო მის სურვილს, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა ძალაუფლება, ხშირად თან სდევდა ღია კონფლიქტები რეგიონულ ელიტებთან, სახელისუფლებო პარტნიორებთან და ნაციონალურ უმცირესობებთან. როდესაც განგაშის ზარმა ჩამოკრა, მათ სრულიად კანონზომიერად უღალატეს ხანს და ის თალიბების პირისპირ დატოვეს.
ქაბულის უსისხლოდ ხელში ჩაგდება, მეტად მნიშვნელოვანია თალიბებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. ასე, მათ (თუნდაც ფორმალურად) შეასრულეს შეთანხმება დასავლეთთან – არ მიეტანათ იერიში ქაბულზე.
მთავრობის მეთაურად აშშ-ს მოქალაქე აჰმად-ალი-ჯალილის არჩევა – მოქნილი და ეშმაკური მანევრია, რომლითაც უნდა შეიქმნას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შთაბეჭდილება. ამით ლეგიტიმურობის საფუძველი მიეცემა „თალიბანის“ ადმინისტრაციას – აბდელ-განი-ბარადარის მეთაურობით, რომელიც „თალიბანის“ ზომიერ ფრთას წარმოადგენს და რომელსაც მიჰყავდა ყველა მოლაპარაკება საგარეო აქტორებთან ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, რუსეთთნ, ჩინეთთან, აშშ-სთან, ირანთან, პაკისტანთან და თურქეთთან.
აი, ასე გადათამაშდა სიტუაცია ავღანეთში, რათა ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად წარმოჩენილიყო.
ვერ ვიტყვი, რომ აშშ-მ სტრატეგიული პერსპექტივაში რაიმე დათმო, მაგრამ ვაშინგტონმა მიიღო ძლიერი რეპუტაციული და საიმიჯო დარტყმა, როგორც ქვეყანა-პარტნიორმა – მისი ჯარების დაუფიქრებელი გაყვანისა და „თალიბანის“ სამხედრო ძლიერების შეუფასებლობის მიზეზით.
აი, რეალური დანაკარგი გლობალური მასშტაბით, სამომავლო ანალიზის საგანია, როცა გაირკვევა ვინ და როგორ შევა პოსტამერიკულ ავღანეთში და როცა, რაც მთავარია, შეძლებს ადგილზე ფეხის მოკიდებას.
ჯერჯერობით, ყველაზე მომგებიანი სასტარტო პოზიციები აქვთ – ჩინეთს, პაკისტანსა და ირანს. რუსეთი და თურქეთი ზღურბლთან დგანან – მათ ჯერ კიდევ უნდა გაარკვიონ თალიბების ახალ მთავრობასთან საკუთარი კავშირების კონფიგურაცია. ინდოეთსა და შუა აზიას დალხენილი დრო არ უდგათ, რადგან უამრავი რისკი და გაურკვევლობა იკვეთება უსაფრთხოების სფეროში.ეს მათ უბიძგებს ძალის ცენტრებისკენ (მოსკოვი, ვაშინგტონი, პეკინი, ანკარა და თეირანი), რომელთაც რეალურად შეუძლიათ იქცნენ უსაფრთხოების ეფექტიან გარანტორებად და კავშირის არხებად „თალიბანის“ ხელმძღვანელობასთან.