Türkiye თურქეთი
ისმაილ ქაფანი
ერთი მხრივ, გაუსაძლისი სიცხე და ამით გამოწვეული ხანძრები… მეორე მხრივ, უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილი წყალდიდობები. მსოფლიოს ნახევარი ებრძვის სიცხესა და ცეცხლს, დანარჩენი – წყალს!
ათეულობით ხანძარი, რომელმაც ივლისის მიწურულს იფეთქა თურქეთში და ჩვენ სულებშიც დაიფერფლა, უდიდესი ძალისხმევით, როგორც იქნა, ჩააქრეს… ზოგან იგივე ბოლომდე ვერ მოხერხდა და ამიერიდან ეს ადგილები კონტროლზეა აყვანილი. ახლა ხანძრებით მიყენებული ზიანის შეფასების დრო დგება. წელს ჩვენმა ქვეყანამ დიდ გამოცდას გაუძლო – უპრეცედენტო რაოდენობისა და მასშტაბების ხანძრების სახით… დაგვეღუპა, სულ ცოტა, 8 თანამემამულე. წლის ამ პერიოდში, ტყის ხანძრები ჩვეულებრივი მოვლენაა, ადრე – სხვაგვარად იყო. იმედია, მოსახლეობას დაუყოვნებლად მიაწვდიან სარწმუნო ინფორმაციას ხანძრების მიზეზთა შესახებ. ასე რომ შევიტყობთ, როდის იყო ეს დივერსიის შედეგი და როდის ტრადიციული მიზეზებით გამოწვეული. სამწუხაროდ ჩვენი მეზობელი საბერძნეთი უძლურია ხანძრების წინაშე, ევროკავშირის დახმარების მიუხედავად ცეცეხლმა უკვე შეაღწია ათენის სიღრმეში. კუნძული ევბეა სრულად გადაიწვა. არის დიდი ადამიანური მსხვერპლი! ამჟამად ხანძრებს ებრძვის არა მარტო საბერძნეთი, არამედ მთელი სამხრეთ ევროპა.
შესაძლოა, ამას არც ისე ხშირად განიხილავენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, როგორც სიტუაციას ევროპასი, მაგრამ კატასტროფული მასშტაბის ხანძრები მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც მძვინვარებს… რუსეთში აალდა 2 მილიონი ჰექტარი ფართობის ტერიტორია… ჩრდილოეთ ციმბირში ჯერ კიდევ რჩება ხანძრის 150 კერა. აშშ-ს ბევრ შტატში ვერ ხერხდება ხანძრების ჩაქრობა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ცეცხლი ბობოქრობდა კალიფორნიაში და ეს ხანძარი სიდიდით მეორეა მის ისტორიაში. იქ დაუდგენელია ბიოსამყაროსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. იგივე ითქმის სამხრეთ ამერიკაზე. კუსკოში, პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთში, ცეცხლი მძვინვარებს, მათზე რეაგირების შესაძლებლობები კი მეტად შეზღუდულია. ავსტრალიაში რამდენიმე თვეა ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ხანძრები, მათთან ბრძოლა ამ უზარმაზარ ქვეყანა-მატერიკზე კი, ცხელი კლიმატის გათვალისწინებით, უკიდურესად ძნელია. ამგვარად, ბუნებრივი ბალანსი ირღვევა. უბრალოდ, დაითვალეთ სითბოს ოდენობა, რომელიც ატმოსფეროში ხანძრების შედეგად გაიფრქვა… შედეგად დედამიწაზე ტემპერატურა იზრდება და ის ანადგურებს ყველაფერს! გუშინ მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი და უცხოური სააგენტოები ლაპარაკობდნენ კლიმატის ცვლილებებზე. კლიმატის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა სამთავრობათაშორისო ჯგუფის მიერ მომზადებული ბოლო ანგარიშში აღნიშნულია ის ფაქტი, რომ კლიმატური ცვლილებები დაჩქარდა, უფრო განივრცო და მეტი ინტენსივობა შეიძინა. გამოთქმულია გაფრთხილება, რომ ამ ტემპით, საუკეთესო შემთხვევაში 10 წელში, ადგილი ექნება უფრო სერიოზულ ეკოლოგიურ კატასტროფებს. სხვაგავარად რომ ვთქვათ, მსოფლიოს ბზარები უჩნდება.
იმ დროს, როცა მსოფლიოს ნახევარი პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლში იწრთობა, მეორე ნახევარი ძალას არ იშურებს, რომ წყალში არ დაიძიროს… ჩინეთისა და იაპონიის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონები უკვე რამდენიმე კვირაა ებრძვიან თავსხმა წვიმებსა და წყალდიდობებს. ტაიფუნმა „ლუპატმა“ იაპონიას ძლიერად დაარტყა. ათასობით ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრისი აფრიკაში. სუდანის 8 პროვინცია მძიმედ დაზარალდა უხვი ნალექის გამო… წყალდიდობა უტევს, არა მარტო აზია-აფრიკას, არამედ ევროპის კონტინენტსაც. ივლისის შუაწელში გერმანია ებრძოდა ყველაზე დიდი წყალდიდობას უახლეს ისტორიაში…ზოგიერთ დასახლებულ პუნქტთან მისვლა დღემდე შეუძლებელია დატბორილი გზების გამო. 200-მდე ადამიანი დაიღუპა. ასევე მაღალია დაკარგულთა რიცხვიც. გერმანიის მსგავსად დაზარალდა ბელგია, ასევე ნიდერლანდები. ბელგიაში 30-ზე მეტი კაცი დაიღუპა. იმავდროულად ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ-შავიზღვისპირა რეგიონში, კერძოდ რიზეში, მოვარდა წყალდიდობა და მეწყერი. სამწუხაროდ დავკარგეთ 8 თანამემამულე. მთლიანობაში, 2021 წელს ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობებმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის რეგიონებს, ყველაზე მეტად შავიზღვისპირეთს. მსგავსი რამ ხდებოდა წინა წლებშიც… შედეგები დღითიდღე მძიმდება.
დიახ, თქვენთვის მოკლედ წარმოდგენილი მაგალითებიც ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე. სამწუხაროდ, ბუნებრივი წონასწორობა იცვლება რადიკალურად, თანაც უარყოფითი მიმართულებით. მეცნიერები გაფრთხილებას გაფრთხილებაზე აკეთებენ და ცდილობენ გაგვაგებინონ, რომ კაცობრიობას საშიშროება ელის. რამდენად აცნობიერებს კაცობრიობა მომავალ საფრთხეს? გაერო ოფიციალურად რეკავს განგაშის ზარს – სიტუაცია უაღრესად კრიტიკულია.