The Wall Street Journal აშშ
ჯეისონ დუგლასი, ერიკ სილვერსი
კორონავირუსთან ბრძოლა ევროპაში – დაბალი ინტენსივობის ხანგრძლივ რეჟიმში გადადის. ქვეყნებმა, როგორიცაა: გერმანია, იტალია და საფრანგეთი, ხელი ჩაიქნიეს პანდემიის დასრულებაზე და მასთან თანაცხოვრებას სწავლობენ.
მთავრობები, ამუშავებენ კომპლექსური ვაქცინაციის გეგმებს და გვირჩევენ ნიღბების ტარებას, რეგულარულ ტესტირებას და სოციალურ დისტანციას, რათა მოახლოებული მესამე პანდემიური ზამთრის წინ, ვირუსის გაკონტროლება მოახერხონ
მათ ეხმარებიან საზოგადოებები, რომელნიც საკმაოდ მომთმენნი აღმოჩნდნენ სოციალური შეზღუდვების მიმართ. აშშ-სგან განსხვავებით, სადაც ზოგიერთ შტატში ნაჩქარევად გააუქმეს შეზღუდვები ოპტიმისტურ ფონზე, რომ ვირუსი უკან იხევდა, ევროპა არ ელოდებოდა პანდემიის დასრულებას – გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში აქ დროდადრო ხდებოდა ინფექციის აფეთქებები.
გერმანიამ, რომელსაც არც უცდია შეზღუდვების გაუქმება, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდებოდა, რესტორნებში, საავადმყოფოებსა და სხვა დახურულ დაწესებულებებში, მოხვდებოდნენ მხოლოდ აცრილები და გამოჯანმრთელებულები, ან ტესტირების უარყოფითი პასუხის მქონე პირები, გაურკვეველი ვადით გახანგრძლივდებოდა ნიღბის ტარების მოთხოვნა შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ეს შეეხებოდა ვაქცინირებულებსაც.
ბერლინში, სადაც სასწავლო წელი აგვისტოში დაიწყო, ბავშვები ნიღბებით იმყოფებიან ყველა სასკოლო დაწესებულებაში და ანალიზებს კვირაში რამდენჯერმე აბარებენ. ამ კვირაში მთავრობამ ბავშვიან ოჯახებს ვაქცინაციაზე მოსაწვევები დაუგზავნა.
სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საფრანგეთმა და იტალიამ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეწობისთვის, მოქალაქეებს ვაქცინაციის მოთხოვნა ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა წაუყენეს. ფრანგულ რესტორნებს, რომლებიც არ შეამოწმებენ კლიენტებს, 9 ათასი ევროთი დააჯარიმებენ, მათ ასევე ემუქრებათ 1 წლიანი პატიმრობა.
აშშ-ს ზოგიერთ ქალაქმა და შტატმა, მაგალითად კალიფორნიამ, ანალოგიური შეზღუდვები დააწესა.
ვაქცინებით მოხერხდა ვითარების გარდატეხა და მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირება, მაგრამ ძლიერ გადამდებმა „დელტა“ შტამმა, ყველას გადაუწურა კორონავირუსის საბოლოოდ დამარცხებისა და პანდემიამდელ ცხოვრებაში დაბრუნების იმედი. მეცნიერები ამბობენ, რომ ქვეყნების ბოლო გეგმები, მიუთითებს რეალობის გაცნობიერებაზე, რომ კორონავირუსი არ გაქრება ისე სწრაფად, როგორც გაჩნდა და კუთვნილ ადგილს დაიკავებს რესპირატორული დაავადებების რიგში, რომლებსაც ახლავს გართულება და სიკვდილიანობა ისე, როგორც გრიპს.
რა დრო დასჭირდება ამას, მეცნიერები ვერ ამბობენ, მაგრამ ვაქცინების წყალობით პანდემიის ყველაზე მომაკვდინებებლი სტადია სავარაუდოდო უკან დარჩა და მთავრობებს აღარ მოუწევთ, ვირუსის შესაკავებლად, მკაცრი საერთოეროვნული შეზღუდვების დაწესება.
„პანდემია ვითარდება“ – ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროფესორი ჯიმი ვითვორსი.
„დელტა“ შტამით დაავადებულთა რაოდენობა ევროპაში, ხან მატულობს, ხან იკლებს და ჯანდაცვის მოხელეები იღებენ ზომებს მის შესაჩერებლად. კორონავირუსის ახალი შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი 7 დღის განმავლობაში, ევროკავშირსა და ბრიტანეთში 95 000-სს შეადგენდა, ანუ დაახლოებით – 186 შემთხვევას მილიონ კაცზე, რაც 14%-ით ნაკლებია ივლისის პიკურ მონაცემზე – 110 000, როგორც ამას, დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ევროპული ცენტრისა და ბრიტანეთის მთავრობის მონაცემები მოწმობს.
აშშ-ში მილიონ მოქალაქეზე შეფარდება – 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამ ზაფხულს მკვეთრი ზრდის დროს იყო.
ევროპაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიის წინა ტალღების დროს, რაც ადასტურებს ვაქცინების ეფექტიანობას. დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, 2-8 აგვისტოს პერიოდში, საფრანგეთში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა – მილიონ მოსახლეზე – 65 კაცს შეადგენდა , ეს 2/3-ით ნაკლებია, მარტის პიკურ მონაცემზე. გერმანიასა და იტალიაში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა ამ კვირაში 90%-ით შემცირდა, დიდ ბრიტანეთში იგივე მაცვენებელი 80%-ია.
კორონავირუსით სიკვდილიანობა ევროპასა და ამერიკაში, ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო.
სტარტზე წაფორხილების შემდგომ, ევროპამ მაინც მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას ვაქცინაციის კუთხით. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტის „ჩვენი სამყარო – მონაცემებში“ მიხედვით, ევროკავშირში ბოლომდე ვაქცინირებულების დონე 53% -ია, რაც ოდნავ მეტია აშშ-ს მაჩვენებელზე (50%), ესპანეთი გავიდა 63%-ზე, გერმანია და იტალია 55%-ზე, საფრანგეთი 50 პროცენტით, მათ მცირედით ჩამორჩება.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ კოლექტიურ იმუნიტეტამდე, მდგომარეობამდე, როცა პოპულაცია იძენს საკმარის დაცვას, რათა შეაჩეროს ვირუსის გავრცელება, იქნება ეს ვაქცინაციით თუ ვირუსისგან გამოჯანმრთელებით – ჯერ შორია, თუკი ამის მიღწევა საერთოდ არის შესაძლებელი. არ არის გამორიცხული, გაჩნდეს შტამები, რომლებიც გადალახავს ამგვარ დაცვას.
„სავარაუდოდ – მიიჩნევს აღმოსავლეთ ინგლისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ჰანტერი – გველოდება ერთგვარი წონასწორობა, რასაც ადგილი აქვს სხვა კოროვირუსების შემთხვევაში, როცა ავადობის წყარო „კარგავს ძალას“ ვაქცინის გამო, მაგრამ მაინც იწვევს განმეორებით შეტევას და სიკვდილს. ჯანდაცვის მუშაკები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში დაწესებულებები და ეკონომიკა ადაპტირდება ახალ პირობებთან“
მოგზაურობის შეზღუდვა და დაავადებულთა იზოლაცია, ალბათ დარჩება საყოველთაოდ გავრცელებულ ფორმად დიდი ხნის განმავლობაში. ევროპულმა ქვეყნებმა გააძლიერეს გენეტიკური კონტროლი, რათა უკეთ მიადევნონ თვალი კორონავირუსის ახალ შტამებს. დამატებითი ინექციები ხანდაზმულებისათვის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის იგეგმება, მიუხედავად ჯანმო-ს მოწოდებისა, მეტი ყურადღება მიაქციონ ღარიბ ქვეყნებს. ბევრი მთავრობა აფართოებს ტესტირებას და კი არ აუქმებს, არამედ აძლიერებს კონტაქტების გამოსავლენ სისტემებს.
ბრიტანელმა ჯანდაცვის მუშაკებმა სხვა მიდგომა აირჩიეს, მათ გადაწყვიტეს მოეხსნათ შეზღუდვათა უმეტესობა და მეტი ნდობა გამოეჩინათ ვაქცინებისა და საზოგადოების დისციპლინირებულობის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოუწოდა ბრიტანელებს ისწავლონ ვირუსთან თანაცხოვრება ისევე, როგორც ეს სხვა რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში ხდება.
მონაცემები ადასტურებს, რომ ბრიტანული საზოგადოება სიფრთხილეს იჩენს, მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, რაც მიუთითებს ქცევის როლზე ვირუსის გავრცელებაში. YouGov-ის გამოკითხვით, ივლისის ბოლოს, ბრიტანელთა 70% აცხადებდა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდგომაც, აგრძელებდა ნიღბის ტარებას საზოგადოებრივ ადგილებში – ნიშანდობლივია, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წლის შემდეგ, პრაქტიკულად არ შეცვლილა. ბევრი მაღაზია და სატრანსპორტო კომპანია კვლავინდებურად მოითხოვს კლიენტებისგან ნიღბის ტარებას, მაგრამ ეს მოთხოვნა, ყოველთვის არ არის დაცული.
Google Alphabet Inc.-ის მონაცემებით, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებსა და გასართობ დაწესებულებებში, მაგალითად კინოთეატრებში, ვიზიტები აგვისტოს დასაწყისში 35-ით ნაკლები იყო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება შემცირებულია მესამედით, ხოლო სამუშაო ადგილებზე დასწრებამ, იკლო 42%-ით.
ადრე, ძლიერდაზიანებული იტალია, ემზადება კორონავირუსთან ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ქვეყანამ შემოიღო კოდირების ფერთა სისტემა, რომლის მიხედვით, საფღთხისა და შეზღუდვების სერიოზულობა განისაზღვრება რიგი პარამეტრებით – ყველაზე მეტი შეზღუდვა „წითელ“ ზონებშია, მერე მოდის „ყვითელი“, „მწვანე“ და „თეთრი“ ფერები, როცა შეზღუდვები თითქმის არაა, თუ დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის ტარებას არ ჩავთვლით. დღეს ყველა რეგიონი „თეთრია“, მაგრამ სავარაუდოდ მალე, გაყვითლდება – სიცილია და სარდინია – 2 პოპულარული ტურისტული მიმართულება და მათ დანარჩენიც მიჰყვება, თუ „დელტა“ შტამმა საზეიმო სვლა გააგრძელა.
„მოქალაქეები მიხვდნენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლა არ დამთავრებულა და ის კიდევ დიდხანს გასტანს“ – ამბობს ნემბროს მერი კლაუდიო კანჩელი. ეს ქალაქი, 11 000 მაცხოვრებლით, მდებარეობს პანდემიის პირველი ტალღის ეპიცენტრში. კანჩელის თქმით, ბევრი ახლაც პირბადით დადის, თუმცა ეს სავალდებულო არაა. ამას გარდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მზად არიან მესამე დოზით აიცრან, თუ ხელისუფლება ასე გადაწყვეტს.
„ხალხი არ კარგავს სიფხიზლეს, რადგან იცის, რომ ჯერ ყველაფერი წინაა და დიდი დრო გავა, ვიდრე ბოლოში გავალთ“ – ამბობს ის.