Die Zeit გერმანია
ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური შეტევის წლისთავზე, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამიტი – ანგელა მერკელი ხვდება რუსეთის პრეზიდენტს. ნავალნისთან დაკავშირებული შემთხვევა, უზარმაზარ ტვირთად აწევს ორმხრივ ურთიერთობებს – ისე, როგორც სხვა კონფლიქტები
ბუნდესკანცლერის რანგში, ეს მერკელის მე-20 ვიზიტია რუსეთში და სავარაუდოდ არა უკანასკნელი.
ანგელა მერკელი, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის დაძაბულობისა, მაინც ჩადის კრემლში. აგერ, მოკლე სია არსებული კონფლიქტებისა:
ალექსეი ნავალნი. ფრაუ კანცლერის ვიზიტი დაემთხვა რუსი ოპოზიციონერის – ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ მიმართული ქიმიური შეტევის წლისთავს. ეს 45 წლის მამაკაცი, ახლა კოლონიაში ზის და პირადად პუტინს დებს ბრალს – 2020 წლის 20 აგვისტოს მასზე მიტანილ თავდასხმაში. მერკელმა ადრეც მოითხოვა რუსეთისგან, გაერკვია, როგორ მოხდა ქიმიური იარაღის ,,ნოვიჩოკის’’ გამოყენება. ის ასევე ცდილობს ნავალნის გათავისუფლებას. რუსეთი უარს ამბობს საკუთარ ტერიტორიაზე უცხოელების მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე და დასავლეთს ცილისწამების კამპანიაში დებს ბრალს.
უკრაინა. პუტინთან ვიზიტის შემდეგ მერკელი კვირას კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდება. დიდი ხანია დაგეგმილია უკრაინის კონფლიქტის თაობაზე უმაღლესი დონის შეხვედრა ბერლინში, თუმცა ზუსტი თარიღი არ სახელდება.
,,ჩრდილოეთ ნაკადი – 2.’’ პროექტი უკვე ამ თვეში უნდა დასრულდეს, მაგრამ გერმანია ცდილობს, რომ ამ პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც, რუსეთმა განაგრძოს ევროპისთვის გაზის უკრაინის გავლით მიწოდება. ჯერჯერობით კონტრაქტი 2024 წლამდეა დადებული და გაურკვეველია ექნება თუ არა ამ დავას, რაიმე გადაწყვეტა.
ასევე განიხილავენ სიტუაციას ბელორუსში, ვითარებას ავღანეთში, საპარლამენტო არჩევნებს რუსეთსა და გერმანიაში, რომლებიც სექტემბრის მეორე ნახევარშია დანიშნული. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს არჩევნებში ჩარევაში. გერმანია, ევროკავშირის ექსპერტთა შეფასებით, წარმოადგენს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის უმნიშვნელოვანეს სამიზნეს. ამასთან, გფრ-ში 26 სექტემბერს ირჩევენ ახალ ბუნდესტაგს. რუსეთში კი ერთი კვირით ადრე – ახალ სახელმწიფო დუმას…რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ,,უცხოეთის აგენტების’’ იარლიყს აწებებენ, რის გამოც ისინი განიცდიან დევნას. ეს შეეხო სამ გერმანულ ენჯეოს, რომლებიც რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებად გამოაცხადეს.