Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Observador  პორტუგალია

 ჟოზე მილიაზეში

 

ქაბული დაემხო თალიბების წინაშე – იმაზე სწრაფად, ვიდრე ბევრი ელოდა. ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლა, უფრო მეტად ჰგავდა გაქცევას ვიეტნამიდან, ვიდრე დაგეგმილ და ორგანიზებულ გასვლას. ეს არის დათვური სამსახური, გაწეული ტერორიზმთან ბრძოლაში და არასტაბილური კერის შექმნა ცენტრალურ აზიაში, რამაც შეიძლება  იქონიოს გავლენა პლანეტის სხვა რეგიონებზე

ფაქტი ისაა, რომ ექსტრემისტების ჯგუფმა აიძულა შეერთებული შტატები და ნატო ნაჩქარევად დაეტოვებინათ ავღანეთი. თუკი ეს მოახერხა თალიბანმა, რატომ ვერ მოახერხებენ იგივეს სხვა რადიკალური მოძრაობები  ისლამურ ქვეყნებში? ეს მაგალითი ბევრად უფრო გადამდები იქნება ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდები ხომ ყველაზე მეტად იტანჯებიან უმუშევრობით, კორუფციითა და უპერსპექტივობით თავიანთ ქვეყნებში.

რაც შეეხება ევროკავშირს –  აშშ-ს და ნატოს სტრატეგიულმა შეცდომამ – აქ, შესაძლოა გამოიწვიოს ტერაქტების ტალღები და უკანონო იმიგრაცია.

თავად ავღანეთში კი აშშ-მ და ნატო-მ უღალატეს ყველას, ვინც კი მათ პოლიტიკას ენდო, ახლა ისინი ბედის ანაბარა დარჩნენ, ბედისა, რომელიც სახარბიელო ნამდვილად არ ჩანს. მიუხედავად დაპირებისა, თალიბებმა უკვე მოგვცეს ფანატიზმის, შეუწყნარებლობისა და შუასაუკუნეობრივი შურისძიების საკმარისი მაგალითი.

ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს შეეძლოთ მიეღოთ ზომები, რათა თალიბები ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყვნენ: ეიძულებინათ პაკისტანი, ეს ქვეყანა არ ქცეულიყო ავღანელი ტერორისტების საწვრთნელ ბანაკად და მას ხელი აეღო „თალიბანის“ ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე; შეექმნა ელიტა და სამხედრო-პოლიტიკური ინსტიტუტები, რომელთაც შეეძლებოდათ ქვეყნის მართვა, ამერიკელებს 20 წელი ჰქონდათ, მაგრამ მათ საამისოდ არაფერი ან თითქმის არაფერი იღონეს.

აშშ-სა და ნატოს სამხედრო კატასტროფა ავღანეთში ახალ არგუმენტებს აძლევს იმ ქვეყნებს, რომლებიც არ ეპუებიან აშშ-ს ძალმოსილებას საერთაშორისო არენაზე, მაგალითად რუსეთსა და ჩინეთს. მოსკოვს აქვს მიზეზი იქილიკოს და ის არც ცდილობს თავისი განწყობის დამალვას. მიზეზი კი ორია: ჯერ ერთი, აშშ-მ ძლიერ დაასუსტა მისი პოზიციები ცენტრალურ აზიაში, რუსეთი კი განიხილავს შესაძლებლობას ეს რეგიონი თავის გავლენის სფეროდ აქციოს. და მეორე: რუსი ლიდერების აზრით, ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლა – კიდევ ერთი მაგალითია ,,მონო პოლარული“ პოლიტიკის კრახისა და დასტური იმისა, რომ რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავისი პოლიტიკა და დასწრება საერთაშორისო არენაზე.

ჩინეთის დასკვნები დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს კრემლის შეხედულებებისგან, ანალოგიურია შიშიც სიტუაციის არასასურველი მიმართულებით განვითარებისა. არც ჩინელები და არც რუსები არ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ ,,თალიბანი’’ და სხვა ავღანური ტერორისტული დაჯგუფებები არ აპირებენ კონფლიქტის ავღანეთის გარეთ გავრცელებას. პეკინი უფრთხის, რომ ავღანელმა ექსტრემისტებმა შესაძლოა გააღვივონ სეპარატიზმი და შეიარაღებული ბრძოლა სინძიანში, რეგიონში, რომელიც უპირატესად მუსულმანებით არის დასახლებული და სერიოზულ დევნას განიცდის ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლებისგან.

რუსეთი მთელ თავის ძალისხმევას მოახმარს იმას, რომ შეიარაღებული რადიკალური მოძრაობა არ შეიჭრას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა – ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი – იქიდან კი რუსეთის ფედერაციის მუსულმანურ რეგიონებში. მოვლენათა ასეთი განვითარება რომ არ დაუშვან, მოსკოველი და პეკინელი დიპლომატები დიდი ხანია ფლირტს ეწევიან თალიბებთან, რომლის მაღალი რანგის წევრები სტუმრობენ მოსკოვს, არადა, მათი ვინაობის მოხსენიება, მხოლოდ ისეთ სიტყვათწყობაში შეიძლება, როგორიცაა ,,ტერორისტული ორგანიზაცია.“ ასე ახდენენ რუსები და ჩინელები ,,წვეროსანი ავღანელების“ ლეგიტიმაციას, იმ იმედით, რომ ისინი გააკონტროლებენ სიტუაციას ავღანეთში და ხელს შეუწყობენ ტერორიზმთან და ნარკოვაჭრობასთან ბრძოლას.

თუმცა ამოცანა კოლოსალურია, თუ გავითვალისწინებთ ეთნიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს. ზოგი ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თვით ,,თალიბანის“ გულში არ არის ერთიანობა. თუკი ,,მხცოვან თალიბებს“, რომლებიც დაიღალნენ ათწლეულობით ომით, შესაძლოა სურდეთ რუსების და ჩინელების წინადადების მიღება, ,,ახალი თალიბები“ აპირებენ გააგრძელონ ომი ურჯულოებთან და  გაავრცელონ ის ახალ ტერიტორიებზე. თანაც, ,,თალიბანი“ არ არის ერთადერთი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის ავღანეთში.

რუსეთში ბევრს ეშინია, რომ მათი ქვეყანა შეიძლება გახვეული აღმოჩნდეს შეიარაღებულ კონფლიქტში და იხსენებს კომუნისტური პარტიის სამწუხარო და კატასტროფულ გამოცდილებას, რომელმაც გადაწყვიტა სამხედრო გზით ავღანეთის ოკუპაცია, ათი წლის შემდეგ კი, იძულებული შეიქნა, იქიდან წასულიყო.

არ შეიძლება დემონური ალბათობის გამორიცხვაც: აშშ-მ ასე სწრაფად იმიტომ დატოვა ავღანეთი, რომ თავსატეხი შეეჩეჩებინა რუსებისა და ჩინელებისთვის. სწორედ მათ მოუწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რომლებსაც აშშ-მ თავი ვერ გაართვა.

მეეჭვება, რომ ამერიკელ ლიდერებს – ჯორჯ ბუშ უმცროსს, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს წაკითხული ჰქონდეთ ესა დე კეირუშის – ,,წერილები ინგლისიდან.’’ ის წერდა, რომ ,,ისტორია – ესაა ბებრუხანა, რომელიც თავის თავს მუდმივად იმეორებს.’’ ვურჩევ რუსეთისა და ჩინეთის საელჩოებს უსწრაფესად თარგმნონ ეს წიგნი და გადაუგზავნონ საკუთარ ლიდერებს. წერილი ავღანეთზე – მომცროა, მაგრამ ჭკუისსასწავლებელი.

By admin