Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE SPECTATOR დიდი ბრიტანეთი

ვოლფგანგ მიუნჰაუ

 

გერმანიის პოლიტიკაში წყალდიდობას საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც შეიძლება განმეორდეს. დღეს დილით დაღუპულთა ოფიციალური ციფრი 93-მდე გაიზარდა, ხოლო 1300 კაცი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ქვეყნის დასავლეთ რაიონ არვაილერში. ეს უდავოდ ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურებაა მათ მეხსიერებაში, ვინც მას ცოცხალი გადარჩა. ჯერჯერობით არ ღირს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს წყალდიდობა გერმანულ პოლიტიკაზე. შესაძლოა, ეს წაადგეთ მწვანეებს, რადგან კლიმატური ცვლილებების საკითხი პოლიტიკის დღის წესრიგში დაბრუნდა. ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ წყალდიდობიდან მოგებული, ჩვეულებრივ, მოქმედი ხელისუფლება გამოდის

1062 წელს დიდი შტორმის გამო, რომელმაც ჩრდილოეთ ზღვას გადაუარა და კაშხალი გაარღვია, დაიტბორა ჰამბურგი. იმხანად მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია, რადგან სატელეფონო ხაზები დაზიანებული აღმოჩნდა, მთავრობამ კი ვერ გათვალა, რომ ჩრდილოეთ ზღვაზე შტორმი მისწვდებოდა ჰამბურგს, რომელიც სანაპიროდან 60 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

წყალდიდობა დაეხმარა ჰელმუტ შმიდტს პოლიტიკურ აღზევებაში. მაშინ ის ჰამბურგის სენატორი იყო შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში. კატასტროფას რომ გამკლავებოდა, მან დაარღვია კონსტიტუციური კანონი და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, დაეწყოთ შტორმის შედეგების ლიკვიდაცია. მან ასევე დაიხმარა აშშ-ს სამხედრო კონტიგენტი. მაშინ წყალდიდობამ მოიცვა ელბის მიმდებარე დაბლობები და ჰამბურგში 315 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ გადარჩენის ოპერაცია მეტად წარმატებული აღმოჩნდა. 13 წლის შემდეგ, შმიდტი გერმანიის კანცლერად აირჩიეს და ის სიკვდილამდე (გარდაიცვალა 2015 წელს) რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ გერმანელ პოლიტიკოსად.

2002 წელს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ გერმანია დაზარალდა საუკუნის წყალდიდობად მონათლული სტიქიით, როცა მდინარეები ელბა და ოდერი გადმოვიდა ნაპირებიდან და დატბორა მიმდებარე რაიონი. აღმოსავლეთ გერმანიაში ერთი მომცრო სოფელი  საერთოდ გაქრა.

როგორც ახლანდელი, ისე 2002 წელი – საარჩევნო იყო და  სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო. აგვისტოს დასაწყისში გერჰარდ შროდერმა, რომელსაც ის-ის იყო ჰქონდა დამთავრებული კანცლერობის პირველი ვადა, გამოკითხვების შედეგად, რეიტინგში ჩამორჩებოდა ედმუნდ შრობერს – ბავარიის პრემიერსა და ქდკ/ქსკ-ს კანდიდატს. როცა წყალდიდობა მძვინვარებდა შროდერმა მიატოვა თავისი კამპანია, ჩაიცვა ჩექმები და საკუთარ თავზე აიღო სტიქიური უბედურების შედეგთა ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა. შტოიბერს კი რამდენიმე დღე დასჭირდა საიმისოდ, რომ დაზარალებულ რაიონებში ჩასულიყო. ამ ვითარების გავლენა გერმანელ ამომრჩეველზე შეიძლება არ იყო ყოვლისმომცველი, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შროდერის კოალიცია წინ გაჭრილიყო. წითელ-მწვანე ალიანსმა არჩევნები სამი მანდატით მოიგო.

ეს ისტორიები თანამედროვე გერმანული პოლიტიკის ფოლკლორად იქცა. როცა არმინ ლაშეტმა ბავარიაში გამართულ ქრისტიან სოციალური კავშირის თავყრილობაზე შეიტყო წყალდიდობის მასშტაბების შესახებ, მან მყისვე მიაშურა მშობლიურ რეგიონს – ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულს გერმანიაში. მართალია, ლაშეტი რეზინის ჩექმებსა და ანორაკში, ისე შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდა, როგორც შმიტდი ან შროდერი.

„ მწვანეთა“ პარტიის ერთ-ერთმა პარლამენტარმა აშკარად გადაამლაშა, როცა ხელისუფლება წყალდიდობაში დაადანაშაულა და ასე ეცადა კატასტროფაზე პოლიტიკური ქულების მოპოვებას. ამგვარი მანევრები ჯერჯერობით ნაადრევია, ისე, როგორც გერმანიის პოლიტიკაზე იმ გავლენის შესახებ საუბარი, რასაც წყალდიდობა იქონიებს. როცა წყლის დონე დაიწევს, გამოჩნდება მიყენებული ზიანიც და პოლიტიკური შედეგებიც.

 

By admin