THE NATIONAL INTEREST აშშ
მარკ ეპისკოპოსი
ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ნაღმოსან „დეფენდერ“-თან დაკავშირებული ამასწინანდელი სკანდალის შემდეგ, კრემლი ახლა იმის გამო გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ტერიტორიულ წყლებში, რომელზეც ის აცხადებს პრეტენზიას, ამჯერად ნატოს სხვა ხომალდი ატარებს ოპერაციას
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ნაციონალური მართვის ცენტრმა შაბათს განაცხადა, რომ თვალს ადევნებს ამერიკული სარაკეტო ნაღმოსნის USS ROSS-ის გადაადგილებას: „შავი ზღვის ძალები და საშუალებები მიმართულია აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების UPO ROSS-ის მოქმედების კონტროლისკენ, რომელიც 26 ივნისს შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა“ – განაცხადეს ცენტრში. ნაღმოსანი „როსი“ უკანასკნელია იმ ნაღმოსანთა ოჯახიდან, რომელიც აღჭურვილია მართვადი ARLEIGH BURKE-ის კლასის FLIGHT-ის მოდიფიკაციის რაკეტებით და ის შეიარაღებაში 1997 წელს მიიღეს. „როსი“ იყო ერთ-ერთი „არლი ბერკ“-ის კლასის ნაღმოსანი, რომელიც მიწერილია აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე – ესპანეთში. 2016 წელს, განხორციელდა მისი მოდერნიზაცია და ის აღიჭურვა ელექტრონული ბრძოლის უნიკალური სისტემით, დამიზნების გაუმჯობესებული სისტემითა და საზენიტო-საარტილერიო კომპლექსით – PHALANX CIWS-ით.
ნაღმოსანი „როსი“ შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიური სწავლების SEABREEZE-ის ფარგლებში შევიდა, რომელიც აშშ-სა და უკრაინის მონაწილეობით ტარდება. სწავლება დაიწყო ივნისის ბოლოს და 23 ივლისამდე გასტანს. „სწავლების სცენარი ითვალისწინებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებასა და გამოცდას სხვადასხვა სამხედრო დისციპლინებში – ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერში – მოიცავს სამხედრო მოქმედებებს ხმელეთზე, ხომალდებთან და საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ბრძოლას, ასევე საბრძოლო მასალების უვნებელყოფის უნართა დახვეწას“ – ნათქვამია აშშ-ს მეექვსე ფლოტის პრესსამსახურის განცხადებაში. უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა დამატებით განმარტეს, რომ წლევანდელი „სიბრიზი“ – არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება 1997 წლიდან მოყოლებული.
SEABREEZE-ის სწავლებაში მონაწილეობს 32 ქვეყანა, რომლებმაც წვრთნაში მონაწილეობისთვის გაგზავნეს 5 ათასი სამხედრო, 32 ხომალდი და 40 თვითმფრინავი.
„ნაღმოსანი „როსი“ მეწინავე ბაზირების ხომალდია და მიწერილია როტას, ესპანეთი – სამხედრო- საზღვაო ბაზაზე, მონაწილეობს აშშ-ს მეექვსე ფლოტის ქვემდებარე რაიონში, მიზნად ისახავს აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესების დაცვას ევროპაში – ნათქვამია განცხადებაში – აშშ -ს სამხედრო-საზღვაო ფლოტი რეგულარულად ატარებს ოპერაციებს შავ ზღვაში საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი მონტრეს კონვენციის შესაბამისად. ნაღმოსანი „როსი“ წარმოადგენს აშშ-ს საზღვაო ძალების იმ 4 ნაღმოსნიდან ერთ-ერთს, რომლებიც ბაზირებულია როტაში, ესპანეთი, იმყოფება 65-ე ოპერატიული ჯგუფის მეთაურის განკარგულებაში და მიზნად ისახავს ნატოს კომპლექსური – საჰაერო თავდაცვისა და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის – განმტკიცებას“. 2019 წელს, ნაღმოსანი „როსი“ შევიდა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში. ეს იყო ნატოს იმ წელს გამართული ვიზიტებიდან ერთ-ერთი. უკრაინა – ნატოს რეგულარულად უთმობს გასასვლელს, საზღვაო საზღვრების იმ ნაწილში სწავლებების ჩასატარებლად, რომელსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს. საგარეოპოლიტიკური ამოცანების შესრულების გარდა, სწავლება „სიბრიზი“, წარმოაჩენს ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთისა და დასავლეთის დიპლომატიური დაპირისპირების პირობებში. აშშ-ს დროებითმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში – ქრისთინა ქვინმა აღნიშნა, რომ „ნაღმოსან „როსი“-ს მონაწილეობა წლევამდელ „სიბრიზში“, არის აშშ-ს რეალური მხარდაჭერა უკრაინისადმი და ეს ახლა აუცილებელია ისე, როგორც არასდროს“.
ერთ-ერთ ცენტრალურ გეოპოლიტიკურ საკითხად რჩება ყირიმის სტატუსი, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებრიობა მას უკრაინის ნაწილად მიიჩნევს.
გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც ბრიტანული 45 ტიპის ნაღმოსანი სამი კილომეტრით შევიდა ყირიმის სანაპირო წყლებში ( როგორც ვთქვით, რუსეთი მას თავისად აღიარებს), რუსეთის სანაპირო დაცვის ხომალდებმა და შავის ზღვის ფლოტმა განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და ჩამოყარა ბომბები „დეფენდერის“ კურსზე, რათა ის იძულებული გაეხადა, დაეტოვებინა ყირიმის წყლები.