Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

IHNET ჩეხეთი

ტერეზა სოუშკოვა

 

ეკონომიკური ვარდნა, გამოწვეული მრავალი ფაქტორით და მზარდი ხარჯები, რუსეთის ხელისუფლებას იმ მახეში აქცევს, რომელიც თავად დააგო. რუსეთი ებრძვის კორონავირუსული პანდემიის შედეგებს, რასაც მოჰყვა წარმოების გაჩერება და მომსახურებათა შეზღუდვა. ამდენად, სახელმწიფოს უწევს ხაზინიდან  ბიზნესმენებზე კომპენსაციების გაცემა, ასევე, იმ ხარჯების შევსება, რომლებიც ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროს დააკლდა

ყველაფერი ეს ხდება  ენერგომატარებლების მოპოვებისა და გაყიდვისათვის არასახარბიელო პერიოდში. ენერგორესურსები კი, წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკის საფუძველს. პირველ რიგში, ეს ეხება ნავთობს. რუსეთი მისი ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში. გასულ წელს ერთი ბარელის ფასი მკვეთრად დაეცა იმ დაპირისპირების გამო, რაც საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვების შეზღუდვას მოჰყვა.

ზედმეტ ხარჯია ლუკაშენკოს მხარდაჭერაც, რომლის ძალაუფლება ბელორუსში შეირყა, ასევე, ყარაბაღის ომში მონაწილეობა. ერთი მხრივ, კრემლი ცდილობს ისეთ სახელმწიფოდ პოზიციონირებას, რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიო პროცესებზე (სხვა საქმეა, ეს როგორ გამოსდის), მეორე მხრივ, ის ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ორივე მიმართულება მოითხოვს სულ უფრო მეტ სახსრებს, რუსეთის ხაზინა კი უძირო არ არის.

რაც შეეხება საზღვარგარეთის მიმართულებას – ამ მხრივ თვალსაჩინოა ბელორუსის მაგალითი. მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ხელისუფლებას, სწორედ რუსეთის, უფრო ზუსტად, კრემლის კრედიტების წყალობით ინარჩუნებს. როგორც ბელორუსის, ისე რუსეთის პრეზიდენტები აცნობიერებენ, რომ ეს კრედიტები კი არა – საჩუქარია. გასულ წელს, სოჭში, ისინი შეთანხმდნენ მილიარდნახევარი დოლარის კრედიტზე. ევროპული სანქციების შემდეგ, რომლებიც ბელორუსის წინააღმდეგ დააწესეს RYANAIR- ის თვითმფრინავის დაკავებისა და მის ბორტზე მყოფი ოპოზიციონერის დაპატიმრების გამო, რუსეთი დათანხმდა კიდევ 500 მილიონი დოლარის ფინანსურ ინექციაზე. ამ ფულით უნდა მოხდეს იმ ზიანის აღმოფხვრა, რაც ევროპული რეისების შემოვლითი მარშრუტებით არის გამოწვეული – ისინი თავს არიდებენ ბელორუსის საჰაერო სივრცეს.

თუ რუსეთი შეწყვეტდა ბელორუსული რეჟიმის მხარდაჭერას, ლუკაშენკოს ფული სწრაფად გაუთავდებოდა, რაც უშიშროების სამსახურების მისდამი ლოიალური თანაშრომლებისთვის ლუკაშენკოს ხელფასების  სახით უნდა დაერიგებინა – სწორედ ისინი წარმოადგენენ რეჟიმის საყრდენს. ეს კი მისცემდა მძლავრ იმპულსს ოპოზიციურ მოძრაობას. მაგრამ თუ რამე არ უნდა კრემლს, ეს არის სახალხო რევოლუცია რომელიმე მეზობელ ქვეყანაში, რაც გამოიწვევს პროტესტს რუსეთში. კრემლს ურჩევნია ფული ბელორუსულ რეჟიმში ჩადოს იმ პირობებშიც კი, როცა სახსრები თავად არ ყოფნის, ოღონდ კი არ გაქარწყლდეს შთაბეჭდილება ძლიერ მოთამაშისა, რომელიც გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებზე.

თუ მივუბრუნდებით რუსეთის შიდა სიტუაციას, მარტო კორონავირუსის პანდემიან გამოიწვია, ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივების კლება, მეორე მხრივ, ჯანდაცვაზე, სოციალური სფეროსა და საკომპენსაციო პაკეტებზე გაწეული  ხარჯების ზრდა. ამას გარდა, საჭირო შეიქნა ფულის გამოყოფა ვაქცინა “სპუტნიკი V”-ის შესაქმნელად. სწორედ „სპუტნიკი“ იყო ჩაფიქრებული სატიტულო პროექტად, რომელსაც უნდა უზრუნველეყო რუსეთის საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლება. პროექტი კრახით დასრულდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ვაქცინა არ იყო ისეთი, როგორც მას რუსეთი წარმოაჩენდა – თანაც იმდენად, რომ ახლა რუსეთს უწევს მისი ვაქცინების უკან გამოსყიდვა სლოვაკეთისაგან.

ბოლო წლებში, რუსეთში ოპოზიცია განიცდის უმკაცრეს დევნას. რუსეთის ხელისუფლება აძლიერებს წნეხს ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს გადახვევას ოფიციალური ხაზიდან. აქედან მომდინარეობს სასამართლო პროცესები სოციალურ ქსელებში განთაცსებული პოსტების ან დემონსტრაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარების გამო. ერთი შეხედვით, ვერ მიხვდები, რომ ეს იწვევს მზარდ ფინანსურ ხარჯებს, თუმცა ხდება კონტროლის სისტემის გაძლიერება და სახელმწიფო მოსამსახურეების შტატის ზრდა – ან ეს მიიღწევა ახალი ტექნოლოგიებით. მაგალითად გამოდგება მოსკოვი, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი წლის წინ დაიწყო ექსპერიმენტი ვიდეოთვალთვალის სფეროში, რომლის საშუალებით უნდა მოხდეს – ნებისმიერი პირის ამოცნობა.

ოფიციალური მიზანი – დამნაშავეობასთან ბრძოლაა, მაგრამ კამერები გამოიყენება დემონსტრანტებთან ბრძოლის იარაღად. ახლა რეჟიმი არ ერევა საპროტესტო აქციებში და მართლწესრიგის დამცველები არ მიმართავენ ძალადობას დემონსტრანტების მიმართ – საღამოს პოლიცია მათ სახლში აკითხავს. რა თქმა უნდა, ასეთი სისტემა მარტო დედაქალაქში 200 ათას კამერას მოითხოვს. სისტემა სიდიდით მეორეა… ჩინეთის შემდეგ – ეს სიამოვნება კი იაფი არ ღირს.

რუსეთი ბევრს ხარჯავს იმაზე, რომ  ქვეყნის შიგნით სიტუაცია მკაცრად გააკონტროლოს. ჩნდება კითხვა, სადამდე მიიყვანს რუსეთს ხარჯების ამგვარი ზრდა და კორონავირუსით შერყეული ეკონომიკა. ოფიციალური წარმომადგენლებიც კი, მაგალითად ფინანასთა მინისტრი ანტონ სილუანოვი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ სწვდება ხარჯებს. აირჩევს კრემლი სახლში წესრიგს და უარს იტყვის მსოფლიო  გავლენაზე? თუ დერჟავის იმიჯის შენაჩუნებაზე ზრუნვა მივა იქამდე, რომ დაუნდობელი რეჟიმი, რომელიც სტაგნაციას ძალის გამოყენებით უმკლავდება, დაიწყებს დაშლას?

By admin