Washington Examiner აშშ
ტომ როგანი
ორშაბათს, თავის 700 სიტყვიან მოცულობით ესსეში, რუსეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა უკრაინელი ლიდერები, რომ ისინი „დაანგრევენ საკუთარ ქვეყანას“, თუ გააგრძელებენ დასავლეთთან დაახლოებას
როგორც პუტინმა თქვა: „ყველა ხრიკი, რაც პროექტ „ანტირუსეთს“ უკავშირდება, ჩვენთვის ცნობილია.. და არასდროს დავუშვებთ, რომ ჩვენი ისტორიული ტერიტორიები და ჩვენი ახლობელი ადამიანები გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო ისინი, ვინც ამას შეეცდებიან, მინდა გითხრათ, რომ დაანგრევენ თავის ქვეყანას“. სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებში ენერგიულად განიხილავენ ამ სტატიას, ასე რომ პუტინის მგზნებარე რიტორიკა, არ განიცდის პროპაგანდისტულ ვაკუუმს. პირიქით, ეს ალბათ უკრაინაში – რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაციის მომასწავებელია. ამ დასკვნას აქვს ორი მიზეზი.
პირველ ყოვლისა, პუტინი სულ უფრო ვერ ეგუება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ურჩობას, რომელსაც არ სურს დაეთახმოს მოსკოვისთვის მომგებიან ცეცხლის შეწყვეტას სამხრეთ-აღმოსავლეთ სადავო რაიონებში. ზელენსკის პუტინთან დათმობაზე წასვლას აიძულებდნენ საფრანგეთი და გერმანია, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა.
თავის მხრივ, რუსეთის შეიარაღებული ძალების, ასევე ГРУ-სა და ФСБ-ს შენაერთებმა ტერორიზმისა და მკვლელობების კამპანია გააჩაღეს უკრაინული არმიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსული წნეხი მოიცავს ყოველდღიურ სნაიპერულ თავდასხმებსა და საარტილერიო დარტყმებს. ამით პუტინი ცდილობს გატეხოს ზელენსკის მორალური სულისკვეთება.
რუსეთი ასევე აგრძელებს სამხედრო იძულების ტრადიციულ ტაქტიკას, ინარჩუნებს რა მნიშვნელოვან სამხედრო ძალას უკრაინის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი საზღვრებიდან რამდენიმე წუთის სავალზე. ამგვარად, პუტინს აქვს ყველა რესურსი ბლიცკრიგის დასაწყებად. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ პუტინმა იცის: ევროკავშირი და აშშ უწყიან ამის შესახებ. მისი სამხედრო დასწრება – თავისთავად იძულების ბერკეტია.
აშშ რისკზე მიდის იმ მხრივ, რომ თავისის უმოქმედობით შეიძლება კიდევ უფრო განამტკიცოს თავდაჯერებული პუტინის სტრატეგიული ინიციატივა. ბაიდენის ამასწინანდელი გადაწყვეტილება, გადაედო სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგება შავ ზღვაში – ორჭოფობის ნიშანია. როგორ კონტრასტში მოდის ყოველივე ეს, ბრიტანული ხომალდების რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის 12 მილიან ზონაში შესვლასთან!
პუტინისეულ ესკალაციას საფუძვლად უდევს რუსული ნაციონალიზმის ყბადაღებული მითები, რომლებითაც გასჭვალულია მისი ესსე. თავისი ადრინდელი მოსაზრებების გასამყარებლად, პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინა არ შეძლება იყოს დიპლომატიური „პარტნიორი“, რადგან „ იარაღია სხვების ხელში – ჩვენ წინააღმდეგ“.
უკრაინის წარსულიდან აჩრდილების გამოხმობით, პუტინი აცხადებს, რომ სინამდვილეში მეზობელი ქვეყანა რუსეთის ფიზიკური და იდეოლოგიური გაგრძელებაა: „ცნება – „უკრაინელი“, ნიშნავდა განაპირა ტერიტორიაზე მოსახლე პირს, რომელსაც ევალებოდა საზღვრის დაცვა“. პუტინს სწამს, რომ „უკრაინის ჭეშმარიტი სუვერენიტეტი შესაძლებელია სწორედ რუსეთთან პარტნიორობით“. „სწორედ“- აქ იკითხება, როგორც „მხოლოდ“ და „უეჭველად“.
მთავარი გზავნილი მკაფიოა. რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოდ არსებობას, გამიჯნულს და განსხვავებულს მოსკოვის ხელისუფლებისგან, პუტინი უკრაინას არ დაანებებს. ამის დაშვება ნიშნავს, როგორც რუსეთის უსაფრთხოების, ისე წმიდათაწმიდა თვითშეგნების ღალატს. უკრაინა ყოველთვის იყო სამშობლოს გაგრძელება და ასეთად დარჩება მომავალში.
დასავლეთმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ეს რიტორიკა. ის მიუთითებს, რომ პუტინის ტოლერანტობა კონფლიქტის ესკალაციისადმი მატულობს, კომპრომისების ინტერესი კი კლებულობს. თუ დასავლეთი მართლაც აფასებს დემოკრატიული უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპულ ტერიტორიული ხელშეუხებლობის პრინციპს, ის უნდა ხვდებოდეს, რას ფიქრობს პუტინი.
სხვაგვარად უკრაინასა და დასავლურ პრინციპებს პრობლემები შეექმნება.