Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Главред უკრაინა

ანდრეას უმლანდი

 

 

       გფრ-ს კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს განიხილავს. ქვეყნებს შორის ურთიერთობის გარდა, იმსჯელებენ რუსეთის თემაზე და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“ სავარაუდოდ, ყველაზე რთული თემა იქნება, ვინაიდან უკრაინისა და გერმანიის პოზიციები დიამეტრულად განსხვავებულია – ყოველ შემთხვევაში, გერმანიის ახლანდელი მთავრობის პირობებში. ამასთან დაკავშირებით, ზელენსკი განმარტავს, თუ რატომ არის ის პროექტის წინააღმდეგი და კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ მილსადენის დასრულება არ არის მიზანშეწონილი იქამდე მაინც, ვიდრე არ მოწესრიგდება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა. კერძოდ, განიხილება შემდეგი ვარიანტი: ზელენსკი ბერლინს შესთავაზებს მორატორიუმის  დაწესებას „ჩრდილოეთ ნაკადზე“, იქამდე, სანამ არ მოგვარდება დონბასისა და ყირიმის პრობლემები.

უკრაინის ხმა უკვე ესმით ევროკავშირსა და აშშ-ში. თავად გერმანიაშიც არის პოლიტიკური ძალების საკმაოდ დიდი ფრაქციები, რომლებიც გადაჭრით ეწინააღმდეგებიან მილსადენის ამოქმედებას – ეს უკრაინის მიერ წარმოდგენილი პოზიციის შედეგია და მას ზელენსკი შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნავს.

ამას გარდა, ზელენსკიმ შეიძლება წამოჭრას ტექნიკური საკითხი, კერძოდ ის, თუ რამდენ ხანს მოახერხებს უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემა შიდა ფუნქციის შესრულებას, თუ ის ამოვარდა ევროკავშირი-რუსეთის ტრანზიტიდან. ეს არ ესმით გერმანიაში, სადაც „ჩრდილოეთ ნაკადის“ შესახებ დისკუსია დადის იქამდე, რომ ეს არის გფრ-რუსეთის კომერციული პროექტი და მასში უკრაინა ვერ ჩაერევა. ამდენად, უკრაინის, კონკრეტულად კი ზელენსკის, ამოცანაა განავრცოს ალტერნატიული ნარატივი.

უფრო სავარაუდოა, რომ პროექტი დასრულდება, მაგრამ არ ამოქმედდება. თუ მილსადენი მაინც ამუშავდა, უკრაინაში შესაძლოა გაჩნდეს გერმანული პროექტები – განკუთვნილი უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემისათვის, ოღონდ სხვა დანიშნულებით – ესაა გაზის შენახვა, დაბალი ნახშირბადის  გაზის ან წყალბადის ტრანსპორტირება. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს პროექტი დღესვე შეიძლება განხორციელდეს, ამდენად, ნებისმიერი კომპენსაცია, რაზეც ლაპარაკობენ გერმანიაში ( ეს შეიძლება შესთავაზოს მერკელმა ზელენსკის), მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობისა იქნება.

რაც შეეხება დონბასსა და ყირიმს – ვითარება პრობლემატურია. გერმანია, მთლიანობაში იზიარებს უკრაინის პოზიციას და ამ მხრივ, უთანხმოება არ არსებობს. ასე რომ, დასაშვებია დამატებითი სანქციების საკითხის წამოჭრა. პრობლემა ისაა, რომ ამ სანქციების დაწესებას ევროკავშირის ყველა წევრი უნდა დაეთანხმოს, ეს კი სცდება საკუთრივ გერმანულ-უკრაინული ურთიერთობის სფეროს.

თუ საქმე მიდგება უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე, მაშინ, ეს ორი მიმართულება უნდა გაიმიჯნოს. ევროკავშირში გაწევრიანება უფრო ტექნიკური ამოცანაა და გულისხმობს უკვე ხელმოწერილი და რატიფიცირებული ასოცირების შეთანხმების ხორცშესხმას. ნატო სხვა საკითხია – ეს არის სამხედრო კავშირი. დისკუსია უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, ეს უფრო მთავარი თემიდან ყურადღების გადატანაა, ვიდრე რაიმე პროდუქტიული. ნატო ნამდვილად არ მიიღებს უკრაინას თავის რიგებში, სანამ მისი რუსეთთან კონფლიქტი გრძელდება. დასავლეთევროპული ქვეყნები უბრალოდ არ მოისურვებენ, აიღონ რაიმე ვალდებულება იმ ქვეყანაზე, რომელიც ბირთვულ ზესახელმწიფოს ეომება.

ამდენად, უკრაინის კამპანია ნატოს მიმართულებით, სამწუხაროდ მარცხისთვისაა განწირული და უბრალოდ დროს აკარგვინებს ნატოსა და უკრაინას, მოიძიონ უფრო პროდუქტიული და რეალისტური იდეები უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ამის ნათელი მაგალითია ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის ისტორია ეს უკანასკნელი გაცილებით ხანგრძლივია, მაგრამ წლების განმავლობაში, საქრთველომ მაპ-იც  ვერ მიიღო. ამ ქვეყნის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, უკრაინას, ამ კუთხით არაფერი სასიკეთო ელის.

ასე რომ, ზელენსკი და მერკელი ამ საკითხს კიდეც რომ შეეხონ, ეს შეიძლება იყოს სტატუსის ამაღლება, მაგრამ ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ვინაიდან ამით გაღიზიანდება რუსეთი, რაც არაფერს არგებს უკრაინის უსაფრთხოებას.

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published.

You missed