THE TELEGRAPH დიდი ბრიტანეთი
ჯონათან საქსთი
მარკ რიუტტე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა საუბრობდა ბევრი დასავლეთ ევროპელის სახელით, როცა ახალახან იკითხა, ხომ არ ჩამოყალიბებულიყო ახალი ევროგაერთიანება – უნგრეთისა და პოლონეთის გარეშე. ცივილიზაციური „რკინის ფარდა“ ევროპას გახლეჩას უქადის, ხოლო ყოფილი „ვარშავის ხელშეკრულების“ ქვეყნები მგზნებარედ იცავენ თავის სუვერენიტეტსა და კულტურას – ისინი ბრიუსელის ელიტისთვის ფასეული აქტივის ნაცვლად, თავსატეხად იქცნენ
ცივილიზაციურმა განხეთქილებამ ისევ იჩინა თავი ახალი იურიდიული ბატალიების დროს, ერთი მხრივ, ევროკავშირს და მეორე მხრივ, ბუდაპეშტსა და ვარშავას შორის – ამჯერად ლგბტ უმცირესობების უფლებათა საკითხზე. ევროკავშირს არა აქვს წევრი-ქვეყნის გარიცხვის მექანიზმი, თუმცა მე-7 სტატია ითვალისწინებს, რომელიმე წევრისთვის ხმის ჩამორთმევას. ამ სტატიის თანახმად, უნგრეთი და პოლონეთი შეიძლება იქცნენ გამოძიების ობიექტებად. ამასთან, დამრღვევად ცნობისთვის – საჭიროა ერთსულოვანი თანხმობა (რაც უბრალოდ შეუძლებელია). ცალკეული ქვეყნისთვის რაიმე სანქციის დაწესება, შეუძლია მოითხოვოს, მხოლოდ კვალიფიციურმა უმრავლესობამ.
ხშირად ამბობენ, რომ ბრიუსელს შეუძლია მოუჭიროს ხრახნებს და წევრი-ქვეყნები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან (ცაე), იძულებული გახდებიან მიიღონ ესა თუ ის გადაწყვეტილება. არის კი ასე? შესაძლოა ფინანსური სანქციები გავლენას ახდენდეს ცაე-ს ქვეყნებზე, მაგრამ ეს სახელმწიფოები სულ უფრო ნაკლებად საჭიროებენ ევროკავშირის ფინანსებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო ნაკლებად ისარგებლებენ ევროპული სუბსიდიებით – მით უფრო, რომ ეს დახმარება, ნამდვილად არ არის უფასო. სინამდვილეში, ფინანსურმა სანქციებმა, მათ თვალში, ევროკავშირს შეიძლება მიმზიდველობა დაუკარგოს. რისკი იმაში მდგომარეობს, რომ მათზე წნეხის შემთხვევაში, ამ ქვეყნებს გაუქრებათ ევროკავშირში დარჩენის სურვილი. მართალია, როგორც წესი, ისინი არიან ევროკავშირის ბენეფიციარები, მაგრამ სუბსიდიები მათი მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მეტი – 1.5%-დან 3%-მდე მაჩვენებელს შეადგენს.
დიახ, ცაე-ს წევრები დამოკიდებულნი არიან ევროკავშირის შიდა ბაზარზე, მაგრამ ექსპორტის ციფრებს თუ დავაკვირდებით, სხვა სურათი იკვეთება – გერმანიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებს გაერთიანების შიგნით აქვთ გარკვეული უპირატესობები (ეს დიდწილად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის ეკონომიკის მოცულობაზე, მაგრამ მთლიანობაში სურათი ამგვარია). აღმოსავლეთევროპული კვლევების ცენტრის მეცნიერის – კონრად პოპლავსკის აზრით, მისი სტატია გამოქვეყნდა პიტსბურგის უნივერსიტეტის გამოცემაში, „ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნები დაეხმარნენ გერმანიის ეკონომიკას კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. 2003- 2014 წლებში ამ ჯგუფის ქვეყნების საგარეო ვაჭრობა გერმანიასთან, შემცირდა 30%-დან 25%-მდე, მაშინ, როცა გერმანიის იგივე მაჩვენებელი 7.9%-დან 20%-მდე გაიზარდა. ხომ შეიძლება ეს ფაქტორი იქცეს ვიშეგრადის ერთობის ევროკავშირიდან დისტანცირების მიზეზად?
ცაე-ს ქვეყნების უმრავლესობამ მიაღწია საკუთარი ეკონომიკის მდგრადობას, შეამცირა საგარეო ვალი, შექმნა დინამიურად განვითარებადი საწარმოო და საინფორმაციო სექტორები – დასავლეთ ევროპა მასზე უფრო დამოკიდებული ხდება. 2020 წლისთვის, მშპ-სთან შეფარდებით, უნგრეთის საგარეო ვალი (78%) დაბალი იყო საფრანგეთისაზე (115.9%) და იტალიისაზე (159. 6%), ასევე ევროკავშირის მთლიან მონაცემზე (93.9%), ხოლო ამ მხრივ პოლონეთის მდგომარეობა (56%), უკეთესი იყო გერმანიისაზე (71.2%). უნდა აღინიშნოს, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისგან განსსხვავებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა შეინარჩუნეს ეროვნული ვალუტები, შესაბამისად, მათთვის ევროკავშირის დატოვება – გაცილებით იოლია.
ევროკავშირი ახლა გამოუვალ სიტუაციაში იმყოფება. ყველაფერი ისე მარტივი რომ იყოს და სუბსიდიების „შეჩერებამდე“ და ცაე-ს წევრების დასჯამდე რომ დაიყვანებოდეს, მაშინ, რატომ არ უნდა დაჩქარებულიყო ბრიუსელის იმ სტრატეგიის ამოქმედება, რომელსაც ცაე-ს ქვეყნებმა „ ბლეფის“ იარლიყი მიაწებეს? თუ ბრიუსელი მტკიცე ნაბიჯს ვერ გადადგამს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები გააგრძელებენ ბრიუსელის ხაზის „ბლეფად“ მოხსენიებას და გააღრმავებენ ჩიხურ სიტუაციას. დამკვირვებლებს, ამის თაობაზე, უჩნდებათ კითხვები, რა სარგებელს იღებენ დასავლეთ ევროპული ქვეყნები ამ შეთანხმებით: ისინი არამარტო აცხადებენ, რომ მათ აღმოსავლეთევროპელები „სისხლს წოვენ“, არამედ იმასაც ამბობენ, რომ ისინი დაბრკოლებას წარმოადგენენ ევროკრატების ნებისმიერი ფედერალური ამბიციისთვის.
რა თქმა უნდა, ბრიუსელს შესაძლოა ეშინოდეს უნგრეთისა და პოლონეთის გაერთიანება რუსეთთან. არავის შეუძლია დაბეჯითებით თქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპა გააგრძელებს რუსეთთან მტრულ დამოკიდებულებას – ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უზარმაზარი ნაციონალური პროექტი (რომელიც კონკურენციას უწევს ჩინეთის მეგაპროექტს -„ერთი სარტყელი – ერთი გზა“). ამ პროექტით 5 მილიონი კვადრატული კილომეტრი, უახლოესი 100 წელი, კვლავ გამოსადეგი იქნება ცხოვრებისა და სოფლის მეურნეობისთვის – კლიმატური ცვლილებების შედეგად. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროპაში წინა პლანზე გამოდის თაობა, რომელიც გაიზარდა „ცივი ომის“ შემდგომ და არ არსებობს გარანტია, რომ ქიშპი მოსკოვთან სამომავლოდ შენარჩუნდება. მართლაც, რიგით პოლონელს ( ცივილიზაციური თვალსაზრისით) ბევრად მეტი აქვს საერთო რიგით რუსთან, ვიდრე გერმანელს. უნგრეთისა და პოლონეთის მსგავსად, რუსეთი ხდება „რექრისტიანიზებული“ სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ნაციონალურ დროშას, რწმენას და ოჯახს.
დღეს არსებობს აშკარა კონფლიქტი ევროპის მომავლის ორ ხედვას შორის, რომლის მორიგებასაც ევროპა ცდილობს. თუ შუაზე გახლეჩილი სახლი მიწაზე დიდხანს ვერ დგას, როგორ შეურიგდება ბრიუსელი ურჩ კონსერვატიულ ქვეყნებს და რამდენ ხანს მოითმენენ ეს სახელმწიფოები „სახესთან ხელების ტრიალს“, ეგრეთწოდებული „პროგრესისტების“ მხრიდან?
ამას მხოლოდ დრო გამოაჩენს. როგორც ჩანს, უკან დახევას არცერთი მხარე აპირებს. თუ უნგრეთმა და პოლონეთმა იციან, რომ ევროკავშირი „სასხლეტზე თითის გამოკვრას ვერ გაბედავს“, მათ რა მიზეზი უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი პოზიცია შეიცვალონ? აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები არასდროს ყოფილან ისე ნაკლებდამოკიდებულნი ევროკავშირზე, როგორც დღეს და რაკი „ცივი ომის“ შემდგომი თაობა გამოდის ასპარეზზე, უპირატესად სლავურმა ქვეყნებმა, სრულიად შესაძლებელია გადაწყვიტონ, რომ ახლა ისინი დასავლეთევროპელებზე ძლიერები არიან.