Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

EURAZIANET  აშშ

ჯოშუა კუჩერა, ანი მეჯლუმიანი

 

 

          სომხეთის პრემიერ-მინიტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს, ქვეყანამ კატასტროფული მარცხი იწვნია აზერბაიჯანთან  გასული წლის ომში. 20 ივნისს გამართულ არჩებნებზე, ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო ხელშეკრულება“,  ხმების თითქმის 54% მოიპოვა, ალიანსი „სომხეთი“  -ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მეთაურობით, ფინიშთან მეორე მივიდა – 21%-ით

არჩევნების შედეგების ანალიზით, რომელიც საარჩევნო ექსპერტმა არუთ მანუკიანმა ჩაატარა,  „სამოქალაქო ხელშეკრულებას“ ერგება 71 ადგილი პარლამენტში, „სომხეთს“ – 29, ბლოკს „მაქვს პატივი“ – 7 ადგილი. ასე რომ, „სამოქალაქო ხელშეკრულება“ შეინარჩუნებს გადამწყვეტ უპირატესობას – მანდატების ორ მესამედს, რასაც ახლაც ფლობს (ოღონდ სხვა პარტნიორებთან ერთად – ბლოკიდან „ჩემი ნაბიჯი“, რომლის დაშლა დაგეგმილია შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის).

ფაშინიანის გამარჯვება უფრო დამაჯერებელი გამოდგა, ვიდრე ამას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობდა, მაგრამ შეესაბამება „ სამოქალაქო ხელშეკრულების“ შიდა პროგნოზს. ფაშინიანმა გაიმარჯვა ქვეყნის ყველა ოლქში, მათ შორის, ყველაზე სამხრეთ – სიუნიკის ოლქში, სადაც ხელისუფლების პოზიციები სუსტი იყო, რადგან იქ მცხოვრებთ განსაკუთრებით აწუხებთ უსაფრთხოების პრობლემა.

სიუნიკის დასახლება შურნუხშიც კი, რომლის ნაწილი ომის შედეგად აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა, ფაშინიანს ხმა მისცა 51%-მა, ქოჩარიანის 40%-ის საპირისპიროდ.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე, 21 ივნისს, ფაშინიანმა გამოაცხადა გამარჯვების აღსანიშნავი თავყრილობის შესახებ – იმავე საღამოს ერევანში და დაპირება გასცა, რომ „ ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრს ფოლადის მანდატს გადასცემდა“. ეს იყო წინასაარჩევნო ლოზუნგის გამოძახილი, რომლის თანახმად, ფაშინიანი (ის ხელისუფლებაში 2018 წელს, მასობრივი პროტესტის შედეგად მოვიდა, რასაც „ხავერდოვანი რევოლუცია“ ეწოდა) აცხადებდა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, გაატარებდა უფრო მკაცრ პოლიტიკას და მოუწოდებდა ამომრჩეველს: „ შევცვალოთ ჩვენი ხავერდოვანი მანდატი ფოლადის მანდატით“.

თუმცა ფაშინიანის გამარჯვება, არა იმდენად მისდამი ამომრჩევლის სიმპათიით აიხსნება, რამდენადაც მისი კონკურენტების მიუღებლობით – მეტოქე ბანაკში დომინირებდნენ საძულველი წინა რეჟიმის წარმომადგენლები. უშუალოდ ხმის წინ, დაწინაურდა ქოჩარიანი და იქცა ფაშინიანის მთავარ მეტოქედ. მისი რეპუტაცია, როგორც კომპეტენტური ლიდერისა, კონტრასტულია ახლანდელი პრემიერის ქაოსურ ქმედებებისა და ზოგიერთის აზრით,  არაკომპეტენტურობისა (იმ საკითხებში, რომლებიც ომის შემდგომ ქვეყანაში გაჩნდა). მაგრამ ექსპრეზიდენტი არ არის  პოპულარული მოსახლეობაში, რომელსაც ახსოვს მისი კორუფციული და ავტორიტარული მმართველობა 1998-2008 წლებში.

ასე რომ, უმეტესობამ ხმა მისცა, არა რომელიმე კანდიდატს, არამედ იმ პიროვნების წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე მეტად სძულდა. „მე ხმა მივეცი ფაშინიანს, თუმცა მისი დიდი იმედი არ მაქვს. უბრალოდ არ მინდა ქოჩარიანი დაბრუნდეს“ – ამბობს 30 წლის მარია ეგიაზარიანი, რომელმაც ხმა დედაქალაქის გარეუბანში მისცა – ისე ვნერვიულობდი საარჩევნო ბიულეტენის ყუთში ჩაგდებისას, თითქოს მეშინოდა, ის არ დამეზიანებინა. ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც უნივერსიტეტში გამოცდის ჩაბარებისას“ – განუცხადა მან Eurazianet- ს.

„ ფაშინიანი არ არის ის კაცი, ვინც გვჭირდება, მაგრამ სხვა – ესაა ნაბიჯი უკან“ – ამბობს 60 წლის სამველ პოღოსიანი, რომელმაც ხმა არაგაცოტნის ოლქის სოფელ ოშაკანის კულტურის სახლში მისცა.

მიხედავად მაღალი ფსონებისა, ამ არჩევნებში გამოცხადებამ 49% შეადგინა, ანუ იმდენივე, რაც წინა არჩევნებში აღინიშნა, როცა შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეაფასა და თავის წინასწარ დასკვნაში, არჩევნებს „მთლიანობაში კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“ უწოდა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა აღნუსხეს „მცირე რაოდენობით არსებითი  დარღვევა“, თუმცა აღნიშნეს, რომ „ არჩევნები პოლარიზებული იყო და მას ჩრდილი მიადგა საკვანძო მოთამაშეების პროვოკაციული რიტორიკით.“

ალიანსმა „სომხეთი“ განაცხადა, რომ აღმოაჩინა დიდი რაოდენობით დარღვევა „სამოქალაქო ხელშეკრულების“ სასარგებლოდ და რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს: „ფაშინიანის სასარგებლოდ მიცემული ხმების ოდენობა, ეწინააღმდეგება გამოკითხვების მონაცემებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისას, ისე როგორც საღ აზრს“ – ითქვა ალიანსის მედიისთვის გაკეთებულ განცხადებებში, მაშინ, როცა შედეგები ითვლებოდა. ალიანსს არ დაუკონკრეტებია მისი შემდგომი ნაბიჯები.

21 ივნისის საღამომდე ქოჩარიანს არ გაუკეთებია საჯარო განცხადებები, მაგრამ დაირხა ხმები, რომ პარტიებმა „ სომხეთი“ და „მაქვს პატივი“, შესაძლოა უარი თქვან პარლამენტში შესვლაზე. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს ჰკითხეს, რა მოხდებოდა, თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყოდნენ საპარლამენტო სკამების შევსებაზე. თავჯდომარის თქმით, ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ აქვს: „ამჟამად არ არსებობს დეპუტატის მანდატზე უარის თქმის სპეციალური პროცედურა“ – განაცხადა მან.საარჩევნო ექსპერტი არუთ მანუკიანი ვარაუდობს, რომ პარლამენტი შეძლებს ნორმალურად ფუნქციონირებას იმ შემთხვევაშიც, თუ ის მხოლოდ „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატებით იქნება წარმოდგენილი, რადგან ასე  იყო ომისშემდგომ პერიოდში, როცა ოპოზიციური პარტიები   სხდომებს არ ესწრებოდნენ.

არჩევნების დღეს ფაშინიანის ბევრი კრიტიკოსი ერიდებოდა იმის აფიშირებას, თუ ვის მისცა ხმა, რადგან შიშობდა, რომ ამას ხელისუფლების არარსასურველი რეაქცია მოჰყვებოდა.

„ფაშინიანი ფსიქოპათია, არაკომპეტენტური კაცუნა, რომელმაც დათმო ჩვენი ქვეყნის 70%“ –  გვითხრა პენსიონერმა ერევანში. ის გულისხმობდა მთიანი ყარაბაღის და მისი მიმდებარე  ტერიტორიების დაკარგვას, რომელთაც ადრე ერევანი აკონტროლებდა –  მას სუნთქვის უფლებაც არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ნახავთ, რამდენ ხმას მიიღებს“. მან გვთხოვა, არ დაგვესახელებინა მისი ვინაობა: „არ მინდა სახელის თქმა, რადგან ხმა ქოჩარიანს მივეცი“.

„ხალხი არ ენდობა დღევანდელ ხელისუფლებას, ჩვენი საზღვრები დაუცველია“ – ამბობს ლილიანა გრიგორიანი, რუსულის მასწავლებელი ოშაკანიდან, რომელმაც უარი თქვა, გაემხილა, თუ ვის მისცა ხმა: „ არჩევნებზე კი წავედით, მაგრამ არ ვიცით –  უკეთესობა იქნება, თუ არა“.

By admin