Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE WALL STREET JOURNAL   აშშ

რობ პორტმანი – რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოს შტატიდან

 

      გასულ კვირაში, მე მოვიარე აღმოსავლეთ ევროპა სენატორთა ორპარტიულ მცირე ჯგუფთან ერთად – იმისთვის, რომ შევხვედროდი უკრაინის, ლიეტუვისა და საქართველოს ლიდერებს. ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-ს საიმედო მოკავშირეებად იქცნენ, ხოლო მათი მოქალაქეები ესწრაფიან დემოკრატიულ მომავალს, რომელშიც იქნება მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა. საამისოდ მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება

ჩემი  მოგზაურობის დროს, ყველაზე შემაშფოთებლად მეჩვენა  ის, რომ რუსეთი ცდილობს მოახდინოს ამ ახალგაზრდა დემოკრატიების დესტაბილიზაცია. ამ ქვეყნებიდან თითოეული, განიცდის მზარდ წნეხს რუსეთის მხრიდან, იქნება ეს სამხედრო მუქარა საზღვრებთან, კიბერშეტევები თუ დეზინფორმაციული კამპანიები. უკრაინასა და საქართველოში, ის განაგრძობს იმ ტერიტორიების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რომელთა ანექსიაც მოსკოვმა უკანონოდ მოახდინა.

შეერთებული შტატები ვალდებულია მხარი დაუჭიროს დემოკრატიებს, რომლებსაც ემუქრებიან და რომლებიც გამოდიან რუსული ტირანიის წინააღმდეგ. როცა ივნისში, პრეზიდენტი ბაიდენი  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჟენევაში შეხვდება, მან უნდა დაიკავოს მკაცრი პოზიცია – თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში. ამას მთელი თავისუფალი სამყარო დააკვირდება…

მომავალ სამიტზე უკრაინის საკითხში, აშშ-ს პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს პუტინის წინააღმდეგ. რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ყირიმსა და დონბასში – უკანონობაა, მართალია პუტინი ამას არ აღიარებს, მაგრამ რეგიონში დღემდე რჩება პრორუსული ძალების დიდი ნაწილი. რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში მძიმე მდგომარეობა შენარჩუნდეს. ამდენად პუტინი გააგრძელებს ამ კურსს იქამდე, ვიდრე ამერიკა და მისი მოკავშირეები არ გაერთიანდებიან უკრაინის დასაცავად.

ტრამპის ადმინისტრაციამ გადადგა რიგი გაბედული ნაბიჯებისა, რათა დახმარებოდა უკრაინას რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში, მათ შორის, პირველად მიყიდა უკრაინას ლეტალური იარაღი, რომ ქვეყანას შეძლებოდა თავის დაცვა. ვიყავი რა თანათავჯდომარე უკრაინის მხარდამჭერ ფრაქციაში, ვმუშაობდი იმაზე, რომ სენატს უფრო გაეაქტიურებინა თავისი საკვანძო მოკავშირის მხარდაჭერა უსაფრთხოების სფეროში.

ახლა ბაიდენს საუკეთესო საშუალება ეძლევა, დაეხმაროს უკრაინას – გაიზიაროს  კონგრესის გადაწყვეტილება  რუსული პროექტის ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ეს გაზსადენი განლაგებულია ბალტიის ზღვის ფსკერზე და გვერდს უქცევს უკრაინას. ის გააძლიერებს ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას და დააზიანებს უკრაინას მილიარდობით დოლარით, რომელსაც ეს ქვეყანა გაზის ტრანზიტიდან იღებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მარტში განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამ გაზსადენს ,,ცუდ წამოწყებად’’ თვლის.

უკრაინამ, ასევე უნდა იმუშაოს და გაატაროს რეფორმები ეკონომიკაში და სასამართლო სისტემაში. სახელმწიფომ უნდა ააგოს ურთიერთნდობაზე დამყარებული ურთიერთობები საკუთარ მოქალაქეებთან, გაზარდოს გამჭვირვალობა და განავითაროს შეკავებისა და წონასწორობის მექანიზმები. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას, ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიული პოზიციების განმტკიცებისა და კორუფციის აღმოფხვრის აუცილებლობაზე, ასევე განვიხილეთ უკრაინის მისწრაფება, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ბაიდენის ადმინისტრაციამ  მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის ამ სურვილს, რათა ეს იყოს სიგნალი იმის თაობაზე, რომ აშშ და ევროპა სერიოზულადაა განწყობილი შეეწინააღმდეგოს რუსეთის მტრულ ქმედებებს რეგიონში.

როცა ვიყავი საქართველოში, მოვინახულე ადმინისტრაციული ხაზი სამხრეთ ოსეთთან. მე საკუთარი თვალით ვნახე საქართველოს ტერიტორიის რუსული ოკუპაცია და იქ მიმდინარე ,,სადემარკაციო სამუშაოები,’’ რომლის მიზანია უკანონო ანექსიის ლეგალიზაცია.

საქართველო – აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა რეგიონში. ამდენად, რუსეთის ქმედება შემაშფოთებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სხვა ლიდერებთან (მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან) შეხვედრაზე, ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით თანამშრომლობაზე ეკონომიკის, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირებაზე, რაც უსაფრთხო მომავლის გარანტიას იძლევა.

როგორც უკრაინის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა დაარწმუნოს ნატო, რომ საქართველოს მიენიჭოს ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა და დაეხმაროს ქვეყანას, რათა შესრულდეს ის დაპირება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაიცა. თუ ეს ორი ქვეყანა დაადგება ნატოში გაწევრიანების გზას, ეს მათ დაეხმარება თავი დაიცვან რუსეთის აგრესიისგან.

კონგრესმენები ორივე პარტიიდან, მხარს უჭერენ აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის დემოკრატიული მომავლისთვის, მაგრამ რუსეთი ქმნის წინააღმდეგობებს ამ გზაზე. მომავალ სამიტზე ბაიდენმა ეს საკითხი მთელი სიმწვავით უნდა დააყენოს. ამერიკის მძლავრი ლიდერობა გააერთიანებს თავისუფალ სამყაროს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

 

იბეჭდება მცირე შემოკლებით

By admin

You missed