The National Interest აშშ
არსენიი იაცენიუკი
დასავლეთმა – რუსეთი სამუდამოდ რომ არ დაკარგოს, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მოხდეს უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნის ინტეგრირება გაერთიანებულ ევროპაში, შესაბამისად ნატოსა და ევროკავშირში. პუტინს სწორედ ამის ეშინია. ამით დამტკიცდება, რომ რუსეთიც შესაძლებელია იყოს თავისუფალი და რომ პუტინიც არ არის შეუცვლელი
ბერლინსა და პარიზს თავი ისე მოაქვთ – თითქოს რუსეთი ნორმალური ქვეყანაა. მათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შესთავაზეს ევროკავშირის სამიტზე დასწრება, პირველად, მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ძალის გამოყენებით ყირიმის ანექსია. ამ წინადადებამ, რომელიც მათ გაახმიანეს დიდი შვიდეულის, ნატოს, აშშ-სა და ევროკავშირის სამიტებზე, ასევე ბაიდენის პირველი საეთაშორისო მოგზაურობის დროს, განარისხა უკრაინელები.
ომი, რომელსაც რუსეთი ეწევა უკრაინის წინააღმდეგ, განიხილებოდა ივნისის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე.
უკრაინელები აფასებენ დასავლეთის სოლიდარობას, თუმცა ჩვენ ასევე ვგრძნობთ უხილავ ბარიერებს.
დასავლეთი ხალისით იძლევა რჩევებს: შეინარჩუნეთ თქვენი პოზიციები აღმოსავლეთში, მიაღწიეთ პროგრესს რეფორმებში – უმტკიცებენ უკრაინას ყველა მხრიდან. ჩვენ გვინდა გადავჭრათ უკრაინის საკითხი, გვარწმუნებს ბევრი. თუმცა მათ არ უნდათ რუსეთის პროვოცირება ან მისთვის ხელის კვრა.
არ მოახდინო რუსეთის პროვოცირება და ავტოკრატიული რუსეთისგან დისტანცირება – ეს სრულიად შეუსრულებელი მისიაა. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? რა მსხვერპლი უნდა იყოს გაღებული საამისოდ?
ნება მომეცით მოვიყვანო რადიკალური მაგალითი.
წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს არანაირი ,,უკრაინული საკითხი,’’ უფრო ზუსტად წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს არავითარი უკრაინა, არავითარი საქართველო, არავითარი მოლდოვა, არ არსებობს არც დემოკრატიული რევოლუციები, რომლებმაც მოიცვა საქართველო და უკრაინა – ახლა იგივე პროცესი მიმდინარეობს ბელორუსიაში.
რომ არ ყოფილიყო მასშტაბური ნაციონალური მოძრაობები დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მოთხოვნით, უეჭველად მივიღებდით განახლებულ საბჭოთა კავშირს, რომელიც მოახდენდა ჩვენი მიწების, ქვეყნების ოკუპაციას და გაიმეორებდა მე-20 საუკუნის ისტორიას. ადვილი წარმოსადგენია, რომ პუტინი ან ვინმე მკაცრი კონსერვატორი კგბ-ეს რიგებიდან, მოევლინებოდა ამ განახლებულ იმპერიას. ჩვენს ტერიტორიაზე შეინახავდნენ საბჭოთა ბირთვულ არსენალს, ერთ-ერთ უმსხვილესს მსოფლიოში. ამას გარდა, აქ განლაგდებოდა ახალი რუსული შეიარაღება – მიმართული დასავლეთის წინააღმდეგ.
ბალტიის ქვეყნებს არ ექნებოდათ არავითარი დამოუკიდებლობა. ვერც პოლონეთი, ვერც ჩეხეთის რესპუბლიკა, ვერც სლოვაკეთი, ვერც უნგრეთი, ვერც რუმინეთი, რომ არაფერი ვთქვათ ბალკანეთზე, ვერ გახდებოდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამის ნაცვლად, ჩამოთვლილ სახელმწიფოებში პრომოსკოვური პოლიტიკური ძალები აღადგენდნენ საბჭოური ტიპის პოლიტიკურ არქიტექტურას.
იქნებოდა ევროპა უსაფრთხოდ? ცალსახად არა.
იმისთვის, რომ დასავლეთმა სამუდამოდ არ დაკარგოს რუსეთი, მან ყველაფერი უნდა იღონოს, რათა მოხერხდეს უკრაინისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გაერთიანებულ ევროპაში, შესაბამისად ნატოს და ევროკავშირში – ინტეგრირება. სწორედ ამას უფრთხის პუტინი, რადგან თავისუფალი უკრაინის მნიშვნელობა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი ნაციონალური ინტერესებით. ეს განამტკიცებდა აზრს, რომ რუსეთიც შეიძლება იყოს თავისუფალი და რომ პუტინიც არ არის შეუცვლელი. დღევანდელი ისტორიული მომენტი მოითხოვს, არც მეტი, არც ნაკლები – უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას. დასავლეთს არა აქვს უფლება გადადოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, სამომავლოდ კი თავისუფალ ბელორუსიას, გაურკვეველი ვადით. ჩვენ ვიმსახურებთ და მოვითხოვთ უფრო მეტს.
ჩვენ ნება უნდა დაგვრთონ, ბოლოს და ბოლოს, გადავლახოთ ეს უხილავი ბარიერები და ყბადაღებული ,,ღია კარი.’’ შეხედეთ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს. უკრაინელების უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
ისტორია აიძულებს უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას გააგრძელოს რეფორმები იმ ტემპით, როგორითაც დავიწყეთ 2014 წელს. უკრაინამ უნდა დაადასტუროს უნარი, რომ შეუძლია აღმოფხვრას კორუფცია და დანერგოს ევროპული ნორმები და პრინციპები.
მინდა დავაზუსტო, უკრაინამ მართლაც უნდა დაალაგოს ყველაფერი მის შიგნით. ჩვენ ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი რეფორმების მიმდინარეობას, როგორც ეს იყო 2014 – 2016 წლებში. საერთაშორისო საზოგადოებრიობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, ასევე მკაფიო ორიენტირები, აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგს და ეკონომიკის რეალურ ზრდას.
ჩვენ გვჭირდება დასავლეთის წინამძღოლობა, რათა შევაკავოთ რუსეთი. მოსკოვის ადგილი არ არის ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტებზე. პუტინი არ შეწყვეტს აგრესიულ ქმედებას. მინსკის შეთანხმება ვერ მოიტანს მშვიდობას უკრაინისა და ევროპისათვის. მოდით, შევწყვიტოთ თავის მოტყუება.
ევროკავშირის მიდგომა – ,,პასუხი გავცეთ, შევაკავოთ და ვიურთიერთოთ’’ რუსეთთან, არ მუშაობს. როგორც კი მიიწვევთ კრემლს ევროკავშირის მაგიდასთან, შეეჯახებით ახალ მცდელობას – დაყოფისა და ბატონობისა.
ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და ევროპას ერთიანობისკენ, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე. ეს ყველას ძვირად დაუჯდება.