Ilta – Sonomat ფინეთი
მილია ჰააკსლუოტო
თუ ჯერ არ გიგემიათ ხაჭაპური, ახლა სწორედ რომ შესაფერისი დროა.
ცომი, დიდი რაოდენობით ყველით, კარაქით შეზავებული – ეს პიცას კავკასიური ვერსიაა. წელს ხაჭაპურის სიყვარულით ფინელებიც განიმსჭვალენ. ვილლე ჰააპასალოს ხაჭაპური პანდემიის პერიოდის ფინეთში აღმოჩენად იქცა და მისი დაგემოვნება ათასობით ფინელმა შეძლო.
რუსეთში მომუშავე მსახიობმა ხაჭაპურის მომზადება დაიწყო მაშინ, როცა პანდემიის გამო როლის გარეშე დარჩა
,,სამი თვე აგარაკზე შეშას ვჩეხდი. ახლა ლამის ათი წლის შეშის მარაგი მაქვს და ეს დიდებულია. მაგრამ რაღაც სხვაც ხომ უნდა მეკეთებინა და გადავწყვიტე რაიმე გამეყიდა პუუმალას მუნიციპალიტეტის მოედანზე. ახალგამომცხვარი პურის არომატზე უკეთესი მოედანზე რა უნდა იყოს! დავფიქრდი, იქნებ ხაჭაპურის ცხობა დამეწყო-მეთქი’’- გვიყვება ჰააპასალო.
ვილლე ჰააპასალო ხაჭაპურის ცხობას სამი კვირა ძილისა და დასვენების გარეშე სწავლობდა – ინტერნეტში მოძიებული რეცეპტების მიხედვით. ცოდნა და საცხობისთვის საჭირო ინვენტარიც, იქვე მოიძია.
,,მე თვითნასწავლი მცხობელი ვარ, ინტერნეტით განსწავლული, ჩემი ერთადერთი დიპლომი – ჰიგიენური პასპორტია (სანიტარული წიგნაკის ფინური ვარიანტი). რამდენიმე დღე ნამდვილ მცხობელებთან ერთად ვატარებდი ექსპერიმენტებს და მივხვდი, რომ დრო იყო საქმეს შევდგომოდი.’’
2020 წლის ზაფხულში, ჰააპასალომ დაიწყო პუუმალას მოედანზე ხაჭაპურის გაყიდვა. თავიდან ადამიანები უბრალოდ დამწყები მეწარმისთვის მხარდასაჭერად მოდიოდნენ, მაგრამ მალე გაუგონარი მოთხოვნა გაჩნდა.
,,ვიდრე ზაფხულში კიოსკს გავაღებდი და ცხობას დავიწყებდი, უკვე რიგი იდგა. ასე გრძელდებოდა 68 დღე. ყოველდღიურად ვყიდდი ყველა ხაჭაპურს ისე, რომ ერთიც არ რჩებოდა. ზაფხულის განმავლობაში 25 ათასამდე გავყიდეთ’’- გვიყვება ჰააპასალო.
პოპულარობა ისე გრანდიოზული იყო, რომ ახლა საცხობის პროდუქცია მთელ ფინეთში იყიდება – მოძრავი კიოსკების საშუალებით. გურმანების საბედნიეროდ ჰააპასალოს სამსახიობო კარიერა გადაიდო.
,,რუსეთთან საზღვარი წელ;იწადზე მეტი ხანია დაკეტილია და ჯერჯერობით, ცვლილება არ ჩანს. ამდენად გადავწყვიტე 2021 წელი ხაჭაპურისთვის დამეთმო. სხვა რეცეპტების გამოყენებასაც აქტიურად ვცდილობთ.’’
ხაჭაპურის პოპულარობა სავსებით გასაგებია. ეს მშვენიერი ვარიანტია, რომ კარგად გამოძღე. ამ ურცხვად კალორიულ ბომბში – უზომოდ ბევრი კარაქი და ყველია. ერთი ხაჭაპური ორ კაცს ჰყოფნის.
,,რა გასაკვირია, რომ ხალხს ის მოსწონს – მე ხომ ვიცი, ეს რა რეცეპტია.’’
მეცხვარის ტრადიციული საკვები
ხაჭაპური ხუთი ათას წელს ითვლის და მისი ფესვები ქართული კულტურის სიღრმეშია ჩაკარგული. ,,ხაჭო’’- ეს ყველია, ,,პური’’- პური, მეცხვარეებს ის, დილით საგზლად მიჰქონდათ და დღის განმავლობაში, ნაჭერ-ნაჭერ მიირთმევდნენ შიმშილის მოსაკლავად.
ბოლო წლებში ქართული სამზარეულო სულ უფრო პოპულარული ხდება, ხაჭაპური კი მოდურ დელიკატესად იქცა. ტრადიციულ ხაჭაპურში 180გრ. ფქვილია და 180გრ. ყველი. სინამდვილეში ხაჭაპურის სახეობები იმდენივეა, რამდენიც პურის – გვიხსნის ჰააპასალო.
,,საქართველოში ერთი და იგივე კერძის სხვადასხვა რეცეპტები არსებობს, შიგთავსად გამოიყენება მარილიანი ქართული სულგუნი“. სულგუნი ჯერ კიდევ არ იწარმოება ფინეთში და მას ჰააპასალო ესტონეთში უკვეთავს.
,,სახლში სულგუნის ნაცვლად შეიძლება ჰალუმი ან კარგი მოცარელა გამოიყენოთ. თუ ჰალუმს უფრო ბევრს ჩადებთ ცომში, დაახლოებით იგივეს მიიღებთ’’- გვირჩევს ვილლე ჰააპასალო.
ხაჭაპური – ქართული კულტურის იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ქვეყანაში ხაჭაპურის დღეც აღინიშნება – 27 თებერვალი.
,,თუ თქვენ თბილისში 200 მეტრს ისე გაივლით, რომ ერთ სახაჭაპურეს ვერ გადააწყდებით, ესე იგი ქალაქის ფარგლებს გასცდით’’- ასე ხსნის ჰააპასალო კერძის პოპულარობას.
,,იქ ხაჭაპური პატარაა, საცხობებში ოჯახური რეცეპტებით ცხვება. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი, ხაჭაპურზე სპეციალიზებული საცხობი გავხსენით. ჩვენზე ქართული ტელევიზიებიც კი საუბრობენ. ქართველებს უკვირთ, რომ ფინეთში ხაჭაპურისთვის რიგები დგას!
თავად ვილლე ჰააპასალომ ხაჭაპური 1991 წელს, პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში) გასინჯა. მაშინ მას ბარათერბით გასცემდნენ, რიგიანი რესტორნებიც კი არ არსებობდა და ახალგაზრდა მსახიობი ლამის შიმშილობდა.
,,არომატმა ერთ ეზოში მიმიყვანა, შემდეგ კი სარდაფში, სადაც პირქუში მამაკაცები ისხდნენ, მათ განცვიფრებით შემომხედეს. მე ლექსიკონი მოვიმარჯვე და საკვები ვითხოვე. ყველაზე მეტად ისინი იმან გააკვირვა, რომ მე მათ ტრაპეზის საფასური შევთავაზე’’- იხსენებს ჰააპასალო.
ვილლე ჰააპასალოს გადმოცემით, ის ქართული მაფიის წრეში ყოველდღიურად, თითქმის წელიწადნახევარი, სადილობდა. ის ყოველთვის ლობიოსა და ხაჭაპურს ირჩევდა.
,,თუ რამე კერძი დიდხანს არ გბეზრდება, ესე იგი ის მართლაც კარგია. მაშინ გადავწყვიტე, რომ თუკი ოდესმე სარესტორნო ბიზნესში აღმოვჩნდებოდი, უთუოდ მოვამზადებდი ხაჭაპურს და ასეც მოხდა.’’
ვილლე ჰააპასალოს საიდუმლო კარგი ხაჭაპურისთვის
– აიღეთ კარგი ფქვილი. ხარისხიანი მშრალი ფქვილისგან უკეთესი ცომი გამოგივათ
– ნუ დაზოგავთ ფულს ყველზე! ყველი ხაჭაპურის ნახევარია, ასე რომ, არ დასწიოთ თამასა.
– თუ გინდათ გაიბრწყინოთ, იყიდეთ პიცის ღუმელი, ხაჭაპური, ისე როგორც პიცა, მზადდება მალე და მაღალ ტემპერატურაზე. პიცის ღუმელი საოჯახო პირობებში იძლევა საშუალებას, მიიღო ვარიანტი, რომელიც ყველაზე ახლოა ორიგინალთან.
იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით