Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Süddeutsche Zeitung  გერმანია

ჰუბერტ ვეტცელი

 

რა თქმა უნდა, ასედაც შეიძლება ბრძოლის დასრულება – ადგე…და დანებდე.

სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომელმაც  ნაციონალური უსაფრთხოების უფრო აღმატებული ინტერესების გამო, უარი თქვა სანქციების დაწესებაზე შვეიცარიაში დარეგისტრირებული კომპანიისთვის – Nord Stream AG. ეს კომპანია ბალტიის ზღვაში მილსადენს ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’ აშენებს და ის ეკუთვნის რუსეთის ენერგეტიკულ კონცერნ გაზპრომს. აშშ-სთვის, ეს პოლიტიკური მარცხია, მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის – ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება. ზაფხულისთვის ყველა მილი ჩაეწყობა და დაიწყება გერმანიისთვის რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება

ამასობაში, ამერიკის მთავრობამ ოთხშაბათს კონგრესის შეატყობინა, რომ პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, მიიღებს სადამსჯელო ზომებს მილსადენის მშენებლობაში ჩართული რამდენიმე რუსული ორგანიზაციისთვის, ასევე 4 სპეციალური ხომალდისთვის, თუმცა ეს ნაბიჯი მალე არავის ემახსოვრება, რადგან საჯარიმო ზომები არ შეეხო უშუალოდ Nord Stream AG-ს, რომელიც ,,ქოლგის’’ ფუნქციას ასრულებს სააქციო საზოგადოებისთვის, რომლის სათავეში პუტინის მეგობარი და შტაზის ყოფილი ოფიცერი მათიას ვარნიგი დგას.

შეეძლო თუ არა ბაიდენს მიეღო სხვა გადაწყვეტილება? დიახ, შეეძლო, მაგრამ მისი ფასი საკმაოდ მაღალი იქნებოდა.

სანქციების დაწესებას Nord Stream AG-სთვის – ეს კომპანია და მისი პარტნიორები, ასეთ ვითარებაში, იზოლირებული აღმოჩნდებოდნენ ამერიკული საფინანსო ბაზრიდან – მოჰყვებოდა არა მარტო სერიოზული პრობლემები მოსკოვთან, არამედ მწვავე კონფლიქტი ბერლინთანაც – მილსადენის გამო. პოტენციური ზიანი სანქციებიდან, იქნებოდა გაცილებით მეტი, ვიდრე შესაძლო სარგებელი.

რაც მეტ ბუნებრივ აირს მიაწვდის რუსეთი ევროპას, მით მეტად იქნება ეს უკანასკნელი მასზე დამოკიდებული.

აშშ-ს თვალსაზრისით მილსადენი ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’, თავიდანვე პოლიტიკურად რთული პროექტი იყო. ერთი მხრივ, მისი გეოსტრატეგიული განზომილება, თვალსაჩინოა: რაც მეტი გაზი შევა რუსეთიდან ევროპაში, მით მეტი იქნება მოსკოვზე დამოკიდებულება, ხოლო თუ ევროპისკენ მიმავალი ეს გაზი გვერდს აუვლის ისეთ ტრანზიტულ ქვეყნებს, როგორიცაა: პოლონეთი და უკრაინა, რომლებიც უნდობლად ეკიდებიან რუსეთს და მასში მტერს უფრო ხედავენ ვიდრე პარტნიორს, ისინი დაკარგავენ შემოსავალს და დათმობენ პოზიციებს, შედეგად გაძლიერდება რუსეთის გავლენა ევროპაზე.

სწორედ ამ მიზეზით, ბოლო წლებში, ამერიკის ყველა პრეზიდენტი  ბარაკ ობამადან დაწყებული, ტრამპითა და ბაიდენით დამთავრებული, გამოდიოდა მილსადენ ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ის წინააღმდეგ. ამაში, მათ მხარს უჭერდა ორპარტიულ საფუძველზე შექმნილი საბჭო კონგრესში, რომელშიც შედიან წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები. ამას გარდა, ევროკავშირის რამდენიმე წევრ-ქვეყანას, ეს რუსულ-გერმანული საგაზო გარიგება, რომელიც საერთო ევროპულ ენერგეტიკულ პროექტად არის წარმოდგენილი, თვალში დიდად არ მოსდის.

მეორე მხრივ, ვაშინგტონის წინაშე, სულ იდგა პრინციპული პრობლემა, რამაც გავლენა იქონია ახლანდელ გადაწყვეტილებაზე. ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ის მშენებლობაში მონაწილეობს არა მარტო ის სახელმწიფო, რომელიც მეტოქედ ან სულაც მტრად განიხილება აშშ-ს მხრიდან, ანუ რუსეთი, პროექტში ჩართულია, თუნდაც ირიბად, ქვეყანა, რომელსაც ამერიკელები თვლიან თავის ერთგულ მოკავშირედ, ანუ გერმანია.

ბერლინი გამუდმებით აღნიშნავს, რომ მილსადენი, მოკლედ რომ ვთქვათ, დაგეგმილია და ფინანსდება კერძო კომპანიების მიერ და გერმანიის სახელმწიფოს, მასთან კავშირი არა აქვს. ფორმალურად, ეს ასეა. თუმცა ეჭვგარეშეა ისიც, რომ ფედერალური მთავრობა პოლიტიკურად  მფარველობს და მხარს უჭერს ამ პროექტს, იცავს მას კრიტიკის, სანქციების საფრთხისგან და ისე ასაღებს, რომ თითქოს საქმე ეხება – გერმანიის სახელმწიფოს პრესტიჟულ პროექტს.

ამდენად, ვაშინგტონს მუდმივად უწევდა გაეთვალისწინებინა საფრთხე, რომ  ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-სთვის დაწესებული სანქციები, გამიზნული ამერიკის მეტოქე რუსეთის წინააღმდეგ, შეეხებოდა აშშ-ს მოკავშირე გერმანიასაც. რესპუბლიკელი ტრამპი კი, რომელიც გერმანიას აშშ-ს კმაყოფაზე მყოფად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე პოლიტიკურ პარტნიორად, დიდი სიამოვნებით ემორჩილებოდა კონგრესს და ნებას რთავდა მას პროექტის მონაწილეებს სანქციებით დამუქრებოდა.

ტრამპისაგან განსხვავებით, ჯო ბაიდენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების იდეური მომხრეა და მტკიცედ სწამს ისეთი კავშირების, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი. ამას გარდა, ის თვლის, რომ ჩინეთი უფრო სერიოზული სტრატეგიული გამოწვევაა დასავლეთისთვის, ვიდრე რუსეთი და ამჯერად, ისევ ცვლის თავის კურსს. ჯო ბაიდენი მივიდა სავსებით რეალისტურ დასკვნამდე. თითქმის დასრულებული ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასშტაბური სანქციები დაწესდება პროექტის იმ ნაწილისთვის, რომელსაც გერმანული მხარე წარმოადგენს. მაგრამ გერმანულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, ამგვარი სტრეს-ტესტის ჩატარება, მას არ სურს – ის, ისედაც ძლიერ დაზარალდა ტრამპის დროს.

ამ შემთხვევაში, საუბარია უფრო მნიშვნელოვან ინტერესებზე ნაციონალური უსაფრთხოების სფეროდან და თეთრი სახლი მათზე აპელირებს,  რათა გაამართლოს კომპანია Nord Stream AG-სთვის სანქციების დაწესებაზე უარი. ასე, რომ ბაიდენი დარტყმას არიდებს, არა იმდენად მოსკოვს, რამდენადაც ბერლინს. ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ გადაწყვიტა: ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’  -კარგი პროექტია. ვაშინგტონი კვლავ გამოდის მისი მშენებლობის წინააღმდეგ და პროექტის მონაწილეების თავზე სანქციები ჯერაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია.

,,ბაიდენის ადმინისტრაცია ამოდიოდა იმ საფუძვლიდან, რომ ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’ რუსების გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ემუქრება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უკრაინას და ნატოს მარჯვენა ფლანგზე განლაგებულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს – ხაზი გაუსვა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა – ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ ორგანიზაციის შემოწმებას, რომლის ქმედება დაექვემდებარება სანქციების დაწესებას, თუ ის ჩაერთვება ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ში.

კონგრესში ბაიდენის ამგვარი თავშეკავებულობა არ მოეწონათ  უპირველესად რესპუბლიკელებს, მათ შორის ტონს იძლევიან ანტირუსულად განწყობილი ,,ქორები’’ და ისინი ნაკლებად ითვალისწინებენ გერმანიის პოზიციას. კონგრესის რამდენიმე წევრი უკვე გამოდის ამ გადაწყვეტილების მწვავე კრიტიკით. ,,ორი თვის წინ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა. ახლა კი აპირებს პუტინს და მის ამფსონებს მასშტაბური სტრატეგიული უპირატესობა შეუქმნას ევროპაში’’- განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ბენ სასმა. მისმა  კოლეგა სენატორმა, ჯიმ რიშმა, ამ გადაწყვეტილებას – ,,საჩუქარი პუტინისთვის’’ უწოდა. ეს მწვავე განცხადებები მიმართულია კონფრონტაციისკენ, თუმცა საგარეო პოლიტიკა შეერთებულ შტატებში – პრეზიდენტის სფეროა. ახლა უკვე ვიცით, რა არის ბაიდენის პრიორიტეტები.

By admin