The New York Times აშშ
ანტონ ტროიანოვსკი
უკრაინიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მიმავალი არხი, ხდება კარსმომდგარი კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი კერა ევროპაში.
კალანჩაკი, უკრაინა – ქვიშითა და თიხით სახელდახელოდ აგებული დამბა, რომელიც აქა-იქ ბალახითაა დაფარული, კეტავს ევროპის ერთ-ერთ უდიდეს არხს. არხის მიღმა დარჩენილ გუბურაში დაცურავენ გედები. აგერ, ბეტონით შემოსაზღვრულ ნაპირთან, ლელიანში იხვი ჩაეშვა.
ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ეს წყნარი ადგილი, ბევრი არაფრით გამოირჩევა, მაგრამ უკრაინელთა ნაწილი შიშობს, რომ ის შეიძლება რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის მიზეზი გახდეს
,,ნებისმიერ დროს, პუტინმა შესაძლოა, აქ თავისი არმია გამოგზავნოს – ამბობს დინების სათავეში მცხოვრები 38 წლის ოლგა ლომონოსოვა და გვიხნის, რატომ შეკრა საგანგებოდ ბარგი – ყირიმს წყალი სჭირდება.“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გასულ თვეში, ბრძანება გასცა უკრაინის საზღვართან თავმოყრილი ჯარების ნაწილი, ტერიტორიიდან გასულიყო, თუმცა 80 000 მეომარი შორიახლო რჩება და ბევრი უკრაინელი თვლის, რომ მორიგი შეჭრის საფრთხე შენარჩუნებულია. ამის მთავარი მიზეზი, ჩრდილოეთ ყირიმის 400 კილომეტრიანი სიგრძის არხია, რომელიც ყირიმს, უკრაინულ მდინარე დნეპრთან აკავშირებს. ის უზრუნველყოფდა ყირიმის წყალმომარაგებას 2014 წლამდე, როცა პუტინმა მოახდინა ნახევარკუნძულის ოკუპირება, უკრაინამ კი ჩაატარა საიდუმლო ოპერაცია და სწრაფად ააგო დამბა. ამით კიევმა, ყირიმს წყლის მიწოდება შეუწყვიტა.
ახლა უკრაინული ნოყიერი ზეგანი ხერსონის ოლქში, სადაც არხი გადის, გეოპოლიტიკური კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ კერად გადაიქცა ევროპაში. დაძაბულობა არხის ირვლივ, ბოლო თვეებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა, ესკალაციის რისკი მატულობს, ასევე პუტინის დასავლეთთან დაპირისპირების გამო.
ყირიმში, საზღვართან ახლოს, დამონტაჟებულია სატელევიზიო სიგნალის მთავარი გადამცემები, რომლებითაც რუსეთი მაუწყებლობს უკრაინის ტერიტორიებზე. არხის სათავესთან დიდი ასოებით რუსულ ენაზე წარწერაა: ,,ჩრდილოეთ ყირიმის არხი.’’ ის გაკეთდა ჯერ კიდევ საბჭოთა დროში, მაგრამ ახლა, ეს ასოები შეღებილია უკრაინულკი დროშის – ლურჯ-ყვითელ ფერებში.
ეს არხი არის სიმბოლო იმ კავშირისა, რომელიც ადრე რუსეთსა და უკრაინას შორის იყო. ეს სიმბოლოა იმ სიძნელეებისაც, რომელთაც უკრაინა აწყდება საბჭოთა წარსულზე უარის თქმის მცდელობის გამო. ამ არხით წყალი ისევ მიედინება უკრაინის ტერიტორიის 90 კილომეტრიან მონაკვეთზე. თუმცა ის გადაკეტილია დამბით ყირიმის მისადგომებთან. უკრაინაში არხი გამოიყენება ბაღჩებისა და ატმის ბაღების სარწყავად. ამ ადგილებში, ქვეყნის სამხრეთში, ბევრი რუსულად ლაპარაკობს, თუმცა მათში თანდათან ყალიბდება უკრაინული ცნობიერება.
რუსეთთან, საერთო საბჭოთა წარსული, დღემდე იწვევს ნოსტალგიას უფროსი თაობის ზოგიერთ უკრაინელში. კრემლი კი შეუჩერებლად ეწევა თავის პროპაგანდას, იმ იმედით, რომ რუსეთის მიმართ სიმპათია როგორმე გადასძლევს კიევის დასავლეთისკენ მისწრაფებას. თუმცა ვერც დასავლეთის მოტივებისადმი, ვერც კიევის ხელისუფლებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება, ვერ ანელებს რუსეთთან ომის შიშს.
,,იქ ნორმალური ხალხია’’ – ამბობს რუსეთზე, 62 წლის სერგეი პაშენკო, რომელიც ვარდისფრად მოყვავილე ატმის ხეების გასხვლითაა დაკავებული. პაშენკო იხსენებს, რომ როცა 2014 წელს კონფლიქტი გაჩაღდა, ის მოსკოვში მშენებლობაზე მუშაობდა – მაგრამ მათ ჰყავთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ადამიანებად არ მიგვიჩნევს.’’
გასულ წელს, ძლიერი გვალვის გამო, უწყლობა იმდენად სერიოზულ პრობლემად იქცა, რომ რუსი ჩინოვნიკები ადამიანების მასობრივ დაღუპვაზე ალაპარაკდნენ. მაგრამ ეს გაფრთხილება ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ, ეწინააღმდეგება იმავე ჩინოვნიკების მტკიცებას, რომ არცერთ ტურისტს უწყლობა არ შეაწუხებს.
რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის თქმით, რომელიც დე-ფაქტო აკონტროლებს ყირიმს, არხის გადაკეტვა არის ,,მცდელობა გაგვანადგურონ, როგორც ხალხი, ესაა მცდელობა მასობრივი მკვლელობისა და გენოციდისა.’’ მოსკოვმა პირობა დადო, რომ დახარჯავს 670 მილიონ დოლარს წყლის დეფიციტის აღმოსაფხვრელად. მაგრამ წელს წყალსადენი შრება და წყლის მიწოდება ნორმირებულია. უკრაინელ ჩინოვნიკებს ეს პრობლემა არ ანაღვლებთ. ისინი ამბობენ, რომ ჟენევის კონვენციით ქვეყანა-ოკუპანტი ვალდებულია ხალხი წყლით უზრუნველყოს. ისინი აღნიშნავენ, რომ ნახევარკუნძულზე მიწისქვეშა წყლის შემცველი პლასტები საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობას წყალი მიეწოდოს. კრემლი აცხადებს, რომ ყირიმის მოსახლეობა 2014 წელს ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს და ამაში მათ რუსი მეომრები დაეხმარნენ. ეს მოხდა პროდასავლური რევოლუციის შემდეგ კიევში. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, დღემდე ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს.
,,არავითარი წყალი ყირიმის დეოკუპაციამდე. წერტილი’’- ასე მოკლედ გადმოსცა უკრაინის სახელმწიფპო პოლიტიკა ვლადიმერ ზელენსკის წარმომადგენელმა ყირიმის საკითხებში – ანტონ კორინევიჩმა.
გასულ თვეში, ზელენსკიმ ყირიმის საზღვართან სანგრები მოინახულა და შეამოწმა უკრაინული შენაერთების ბრძოლისუნარიანობა. მან ყველა გააფრთხილა, რომ მართალია, რუსეთის ძალები უკან იხევენ, მაგრამ უკრაინა მუდმივად მზად უნდა იყოს მათი დაბრუნებისთვის.’’ ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ შეჭრა, წყლის რესურსების დაუფლების მიზნით, სავსებით რეალურია, თუმცა რუსეთი, ამ ეტაპზე, სავარაუდოდ ვერ გაბედავს ასეთ ნაბიჯს, რადგან გადააწყდება დიდ დაბრკოლებებს და სერიოზულ წინააღმდეგობას.
არხის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა 10 000 ადამიანი მთელი საბჭოთა კავშირიდან, ეს არის საინჟინრო აზრის ნამდვილი საოცრება. არხში წყალი მიემართება თვითდინებით, ვინაიდან პირველ 200 კილომეტრზე არხის დახრა, ყოველ კილომეტრზე – სანტიმეტრნახევარს შეადგენს. ისტორიკოსის, ვლადიმერ სკლიაროვის თქმით, ჩრდილოეთ-ყირიმის არხის მშენებლობისას წინა რიგში, იყვნენ გამნაღმველები და არქეოლოგები. პირველნი – ნაღმების უვნებელყოფას ახდენენ, რომლებიც მე-2 მსოფლიო ომიდან დარჩა, ხოლო მეორენი – აწარმოებდნენ გათხრებს და პერიოდულად პოულობდნენ ძველი სკვითების საგანძურს.
არხს საკუთარი ჰიმნიც აქვს. ჩარჩოში მოთავსებული მისი სიტყვები დღემდე მოჩანს არხის სამმართველოს კედელზე: ,,ჩვენ ავაგეთ არხი მთელი მძლავრი და დიადი ქვეყნის ძალისხმევით, გაუფრთხილდით მას თვალის ჩინივით, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის.’’
მაგრამ, როცა 2014 წელს რუსეთმა ყირიმი მიიტაცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწემ, ანდრეი სავჩენკომ ორგანიზენბა გაუწია დამბის მშენებლობას, როგორც ოკუპაციის საპასუხო ნაბიჯს. არხის ყოველწლიური საგაზაფხულო გახსნისას, მან გასცა ბრძანება ყირიმის საზღვართან ახლოს, კალაპოტში აეგოთ პირამიდა ქვიშისა და თიხით სავსე ტომრებით. შემდეგ გამოკიდეს აბრა წარწერით, სადაც ეწერა, რომ კეთდებოდა წლის აღრიცხვის კვანძის ასაგებად, რათა რუსული დაზვერვა შეცდომაში შეეყვანათ.
სავჩენკო დარწმუნებულია, რომ არხის ჩაკეტვა იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამით მოსკოვს დიდი ზიანი მიადგა. ამ კუთხით, არხის ბლოკირება, რაღაცით სამხედრო წინააღმდეგობას ჰგავს.
,,რუსეთისთვის ისეთი ზიანი რომ მიგვეყენებინა, რაც 7 წლის მანძილზე არხის გადაკეტვით ნახეს, ფრონტზე ათობით ათასი კაცი უნდა დაღუპულიყო,’’ განაცხადა მან.
დროებითი დამბა წყალს ყირიმიდან 15 კილომეტრში კეტავს. უკრაინა მუდმივ დამბას პირდაპირ საზღვარზე აშენებს. მასში იქნება საგდულები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება წყლის მიწოდების აღდგენა, თუკი ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, ამბობს არხის ხელმძღვანელი სერგეი შევჩენკო. მაგრამ ეს საგდულები ჯერჯერობით არ მუშაობს. ამდენად წყლის ყირიმისთვის მიწოდება ფიზიკურად შეუძლებელია.
არხი იწვევს კამათსა და წინააღმდეგობას ადგილობრივ მოსახლეობაში, ვინაიდან ზოგიერთზე დიდ გავლენას ახდენს რუსეთის ტელევიზია, რომელსაც აქ უყურებენ.
კაფეს დირექტორი 58 წლის ნატალია ლადა, რომელიც ყირიმთან ახლოს – სოფელ ხორლიში ცხოვრობს, ჰყვება, რომ უკეთესი სიგნალის გამო, უყურებს რუსულ ტელევიზიას. თუმცა ქალბატონი ამბობს, რომ ,,იქ მხოლოდ ჩვენი საწინააღმდეგო პროპაგანდაა.’’ მისი თქმით, რუსეთი ,,მზადაა ომისა და ჩვენი დაპყრობისთვის,’’ თუნდაც არხზე კონტროლის დასაუფლებლად.
,,თუ დადგება საკითხი ასე, ,,ომი თუ მშვიდობა,’’ რა თქმა მშვიდობა მირჩევნია – ამბობს ის. მაშინ წყალი უნდა მივცეთ, ომი ვის სჭირდება?“
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის ტელევიზია მისი ფართო დაფარვით, განსაკუთრებით საზღვრისპირა რაიონებში, უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს. 7 წლის განმავლობაში ამ პრობლემას არ ექცეოდა საკმარისი ყურადღება.
ამბობენ, რომ რუსეთი კიდევ უფრო მძლავრ გადამცემებს ამონტაჟებს – ყირიმსა და მის კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში მაუწყებლობისთვის. კიევი ცდილობს ამას დაუპირისპირდეს, მაგრამ რუსული სიგნალი ბევრად ძლიერია, ამას კიევის ხელისუფლებაც აღიარებს. ის აგებს ეთერისთვის ბრძოლას.
,,მათი დამარცხება რთულია, რადგან რესურსი მეტი აქვთ’’- ამბობს მოხელე სერგეი მოვჩანი, რომელიც პასუხისმგებელია ხერსონის ოლქში ტელე-რადიო მაუწყებლობაზე.
თუ მომხდარის რუსულ ინტერპრეტაციას მოვუსმენთ, მაშინ გამოდის, რომ უკრაინის ხელისუფლება 2014 წლიდან აიძულებს ქვეყნის რუსულენოვან მოსახლეობას ,,უარი თქვას თავის ნაციონალურ კუთვნილებაზე ძალადობისა და სიკვდილის შიშით.’’ მაგრამ ხერსონში სინამდვილე სრულიად საპირისპიროა. აქ მცხოვრებთა ნაწილი კვლავინდებურად აფასებს საერთოს, რაც მათ რუსეთთან გააჩნიათ, მაგალითად ენას, მაგრამ მათ არ სურთ კავშირი ჰქონდეთ მორიგ სამხედრო ინტერვენციასთან, რომელსაც პუტინი ამზადებს. არხთან ახლოს, ქალაქ კახოვკასთან, არის ბორცვი, რომელიც რუსეთთან ისტორიულ კავშირს ინახავს. ეს არის კახოვკაზე ამაღლებული კომუნისტური ძეგლი, რევოლუციონერთა საცხენოსნო ურიკა ტყვიამფრქვევით. ასე აღნიშნა, საბჭოთა ხელისუფლებამ გააფთრებული ბრძოლა, რომელიც 100 წლის წინ სამოქალაქო ომის დროს მიმდინარეობდა. 2019 წელს, კიევმა მოითხოვა ამ ძეგლის აღება, მას უწოდა ,,ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მილიონობით მსხვერპლის შეურაცხყოფა.’’ ქალაქმა ამაზე უარი თქვა და ძეგლი ჯერ კიდევ დგას თავის ადგილზე, მოხსნილი ლამპიონების ჟანგიანი მილების გვერდით. შორიახლოს მდებარე სასაფლაოზე, დედის სამარხის მოვლით დაკავებული მებაღე ლომონოსოვა და მისი 64 წლის მამა- მიხეილი ამბობენ, რომ მათ არ სურთ ძეგლის აღება.
ორივე რუსულად საუბრობს და საკუთარ თავს ,,მალოროსებს’’ უწოდებს, ხანდახან ისინი რუსულ ტელევიზიას უყურებენ. მაგრამ თუ რუსული ჯარი მათ ქალაქში შეიჭრა, ლომონოსოვა მზადაა გაიქცეს, მამამისი კი ამბობს, რომ ის რუსებს შეებრძოლება.
,,ჩვენ რუსული გვარი გვაქვს, მაგრამ ვამაყობთ, რომ ვართ უკრაინელები – გვიხსნის ლომონოსოვა – ყველას საკუთარი ტერიტორია აქვს, თუმცა გვაქვს საერთო წარსულიც.’’