THE WASHINGTON POST აშშ
გასულ კვირაში, პირველად საბჭოეთის დროიდან, კრემლმა ოფიციალურად მოახდინა საკუთარი მმართველობის მიმართ წინააღმდეგობის – სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიკაცია. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება საბჭოთა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ავადსახსენებელ 70-ე სტატიას, რაც ითვალისწინებდა სასჯელს ,,ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის,’’ რომლის საფუძველზე ცნობილი დისიდენტები, ვლადიმირ ბუკოვსკიდან დაწყებული იური ორლოვით დამთავრებული, მოხვდნენ ციხეებსა და შრომა- გასწორებით კოლონიებში. მოსკოვის პროკურატურამ აკრძალა ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის საერთონაციონალური ორგანიზაციის საქმიანობა. ნავალნი იმყოფება კოლონიაში, მას შემდეგ, რაც გადაურჩა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული მკვლელობის მცდელობას
„ლიბერალური ლოზუნგების საფარქვეშ, ეს ორგანიზაცია ამზადებს პირობებს საზოგადოებრივ -პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისთვის’’ – ნათქვამია მოსკოვის პროკურატურის განცხადებაში. ,,მისი ფაქტობრივი მიზანია, შეცვალოს კონსტიტუციური წესრიგი, მათ შორის, ,,ფერადი რევოლუციების’’ სცენარით.“ პროკურატურამ თხოვნით მიმართა საქალაქო სასამართლოს, აღიაროს ,,ექსტრემისტულად’’ სამი ორგანიზაცია, რომლებიც დაკავშირებულია ნავალნისთან – ნავალნის შტაბი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და „მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი.’’ სასამართლო სხდომა დანიშნულია 17 მარტისთვის, მაგრამ შედეგი ყველამ წინასწარ იცის.
,,ექსტრემისტულის’’ იარლიყი ნავალნის პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მეთოდები მოიცავს მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციებს, ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერას არჩევნებზე და ხელისუფლებაში არსებული კორუფციის საჯარო გამოძიებებს (მაგალითად პუტინის 1.3 მილიარდიანი სასახლის მშენებლობის ფაქტს – შავი ზღვის სანაპიროზე), მას დააყენებდა ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციათა გვერდით, როგორიცაა: ალ ქაიდა და აისისი. ნებისმიერს, ვინც მუშაობს ნავალნის ორგანიზაციასთან – ესაა ქსელი 40 რეგიონალური ფილიალისა მთელ რუსეთში – ელის 6 წლამდე ციხე. ნებისმიერი, ვინც გაუწევს მათ სპონსორობას, შეიძლება დააპატიმრონ 8 წლით, ნებისმიერი, ვინც ხელმძღვანელობს ჯგუფების საქმიანობას, შეიძლება დასაჯონ 10 წლით. ,,ჩვენ არასდროს შეგვხვედრია სიტუაცია, როცა კორუფციასთან ბრძოლას, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშად მიიჩნევდნენ’’- თქვა ივან პავლოვმა, წამყვანმა იურისტმა, რომელიც ნავალნის ორგანიზაციას წარმოადგენს ექსტრემიზმში ბრალდების საქმეში. პარასკევს დააპატიმრეს თავად პავლოვი. მის ოფისებში ФСБ-მ ჩაატარა ჩხრეკა, რითაც მას პრაქტიკულად მოუსპო შესაძლებლობა მისი ობიექტის რამდენადმე წარმატებული დაცვა განახორციელოს.
პავლოვი მხოლოდ ერთი რგოლია ნავალნის მოკავშირეების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების ჯაჭვში. ტომსკში, ქალაქის საბჭოს წევრი ანდრეი ფადეევი ოპოზიციური მიტინგის ჩატარებისთვის გასულ თვეში ციხეში გაამწესეს (ის მანიფესტაციას არც კი დასწრებია), არხანგელსკში ანდრეი ბოროვიკოვს, ნავალნის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს, ორნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, სოციალურ ქსელებში 2014 წელს გამოქვეყნებული გერმანული ჯგუფის – Rammstein-ის სიმღერისთვის. მოსკოვში სერგეი დავიდისს, რომელიც ხელმძღვანელობდა სამართალდაცვითი ცენტრის ,,მემორიალის’’ პოლიტპატიმრების მხარდამჭერ პროგრამას და ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს იმ ტვიტებისთვის, რომლებითაც ის გამოხატავდა ნავალნის მიერ აპრილში გამართული დემონსტრაციების მხარდაჭერას.
დავიდისის გარდა, აპრილის მიტინგების სხვა მონაწილეებს, მათ შორის, პოეტ დმიტრი ბიკოვს და პოლიტოლოგ ლეონიდ გოზმანს, პოლიციამ მიაკითხა. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებამ შეცვალა ტაქტიკა. ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიო მედიას საშუალება მისცეს მოახდინოს მშვიდობიანი მიტინგების ძალადობრივი დაშლის ტრანსლაცია, ის ბრალის წაყენებას პოსტფაქტუმ ახდენს და საამისოდ იყენებს ფოტოებს სოციალური ქსელებიდან და ვიდეოთვალთვალის ტექნოლოგიებს, ჩინეთის სტილში. ,,ეს არის ახალი ტიპის დიქტატურა, 21-ე საუკუნის დიქტატურა’’– ამბობს ვლადიმირ მილოვი, ყოფილი მინისტრი და ნავალნის თანაშემწე: ,,ლაპარაკია საზოგადოების მაღალტექნოლოგიურ, ტოტალურ კონტროლზე.’’
ამ მაღალტექნოლოგიური დიქტატურის დამანგრეველი შედეგები დიდი ხანია თვალსაჩინოა, მაგრამ მათგან ზოგიერთი საზარელია, როგორც ის ფაქტი, რომელიც გასულ თვეში მოხდა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ყოველწლიურ სხდომაზე გაცხადდა, რომ ქვეყნიდან ,,ტვინების გადინებამ’’ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია: ქვეყნიდან გასული მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა გაიზარდა 5-ჯერ – 2012 წელს, ის შეადგენდა 14 000-სს, 2020-ში კი 70 000-სს მიაღწია. რუსეთი სწრაფად კარგავს ყველაზე ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც არ ურიგდებიან კორუმპირებულ და რეპრესიულ რეჟიმს – ესაა ტენდენცია, რომელიც კატასტროფულ გავლენას იქონიებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე მსოფლიო ეკონომიკაში. თავის მხრივ, კრემლი ვერ ხედავს ,,რაიმე ტრაგიკულს ამ სიტუაციაში,’’ როგორც ეს გულახდილად აღიარა პუტინის პრესსმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. რაც ნაკლები ინტელექტუალი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი ნებისმიერი დიქტატურისთვის.
„რუსეთში დგება შავი დღეები ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის“ – თქვეს ნავალნის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა, სანამ ოფიციალურად დაითხოვეს ჯგუფები, რათა არ მომხდარიყო მომხრეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა. რუსეთს ახსოვს არაერთი შავბნელი ხანა, დაწყებული მე-19 საუკუნის ბოლოს მომხდარი რეაქციის ტრიუმფიდან და საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული მასობრივი წმენდებიდან, დამთავრებული სხვაგვარად მოაზროვნეთა სრული დათრგუნვით, კგბ-ს ხელმძღვანელის, იური ანდროპოვის ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად – 1980-იანი წლების დასაწყისში. ოპტიმისტურად განწყობილი საბჭოთა დისიდენტები (რომელთა მოძრაობა გატეხეს ანდროპოვის მმართველობის დროს – დაპატიმრებით, ციხეში გამომწყვდევითა და გადასახლებით) ამტკიცებდნენ, რომ ,,ღამე განსაკუთრებით ბნელი, სწორედ გათენების წინაა.’’ საოცარია, მაგრამ ისინი მართლები აღმოჩნდნენ.