NV უკრაინა
პიოტრ ოლიშჩუკი
ვხედავ, რომ ბევრი დააინტერესა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებამ პარიზში, იმის შესახებ, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს მკაფიო პერსპექტივა და აშკარა დასტური ევროპული ქვეყნებისგან: ჩვენი ევროპის გაერთიანებაში მიღების მზაობაზე.
რატომღაც კომენტატორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამაში რეფორმებზე თავის არიდება და მათი გატარების აუცილებლობის უარყოფა ამოიკითხა, მაგრამ ვფიქრობ, ასე არაა. თუმცა საკითხის ასე წარმოჩენაშიც, მე ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს. მეტიც, ადრე თუ გვიან ჩვენ ამ საკითხის წამოჭრა, სწორედ ასე გვმართებდა და არა სხვაგვარად
როცა 2008 წელს ნატო ფაქტობრივად დაჰყვა რუსეთის მხრიდან შანტაჟს და უკრაინას ნატოს სამოქმედო გეგმაზე უარი უთხრა, თავად ალიანსისთვის ამის აღიარება მტკივნეული იყო. ამდენად, მას შემდეგ ის უკრაინასთან ურთიერთობაში ქადაგებს ფორმულას: ,,მოდი, რეფორმები გაატარეთ და მერე ვნახოთ.’’
პრინციპში, იდეა რაციონალურია, მაგრამ ყველა მშვენივრად ვხვდებით, რომ აღმოსავლეთევროპული ქვეყნების უმრავლესობის მიღება, იყო პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი და არა რაიმე „ძირეული რეფორმებისა’’ და ,,განსაკუთრებული თავდაცვისუნარიანობის’’ რეზულტატი. აბა, რა თავდაცვისუნარიანობა ჰქონდა ჩერნიგორიას გაწევრიანების დროს? ან იყო ყველა პირობა შესრულებული ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ? ან ნატოში მიღების დროს – რა დღეში იყო დემოკრატია თურქეთში? – რიტორიკული კითხვაა.
ფაქტობრივად, საუბრები უკრაინაში რეფორმების აუცილებლობის შესახებ, არის ხელსაყრელი მექანიზმი, არ აიღო საკუთარ თავზე კონკრეტული ვალდებულებები და იმავდროულად, არ აღიარო, რომ ნატოს პოზიციაზე, უკრაინის შემთხვევაში, გავლენას ახდენს ,,მესამე მხარე’’ – რუსეთი. გასაგებია, რომ საჯაროდ თქმა: ,,ჩვენ არ ვაძლევთ უკრაინას სამოქმედო გეგმას იმიტომ, რომ გვეშინია რუსეთთან კონფლიქტის’’- მართლაც დამამცირებელია.
ამავე დროს, არჩევანი, გადაწყვეტილება და კონკრეტიკის გარკვევა, საბოლოოდ მაინც მოგვიწევს და ჯობს, ეს ადრე მოხდეს, ვიდრე გვიან, რადგან ,,პრინციპული გადაწყვეტილების მაქსიმალურად გაჭიანურების“ პოლიტიკას, უკვე ჰქონდა კონკრეტული შედეგები – ომი, უკრაინის ტერიტორიის მიტაცება, აგრესიის გაგრძელება და მცდელობები, ეს როგორმე აღეკვეთად ისე, რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო, მუდმივად მთავრდებოდა უარყოფითი რეზულტატით.
მაშინ, რატომ უნდა დუმდეს ამ ვითარებაში – მაინცდამაინც უკრაინა? რუსეთი უკვე ათწლეულებია აშინებს თავის მოქალაქეებს ,,უკრაინის ნატოში შესვლით,’’ ხოლო თავად ნატოს თავი ისე უჭირავს, რომ თითქოს ძალიან ადარდებს თანამედროვე უკრაინის პოლიტიკური წყობა.
მეტიც, როგორც ბოლო სიტუაციამ დაგვანახა, გაურკვევლობა უკრაინის საკითხზე, საშუალებას აძლევს რუსეთს შექმნას რთული დიპლომატიური კომპოზიციები, რაც ეფუძნება იმას, რომ ის აშინებს მთელ მსოფლიოს (კერძოდ ევროპას) უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით (რასაც შეუძლებელია არ მოჰყვეს მსოფლიო მასშტაბის ნეგატიური შედეგები).
რა თქმა უნდა, ხვალვე ნატოში არავინ მიგვიღებს, მაგრამ ნატოში გაწევრიანება – ეს არის ცივილიზაციური მიკუთვნებულობის საკითხი, ის მარტივად უნდა იქნას მიღებული. მით უფრო, მიღებაზე უარი, როგორც პრაქტიკა მოწმობს, არავის ამშვიდებს, არიგებს ან აწესრიგებს, პირიქით – სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდება და სულ უფრო ნაკლებ პროგნოზირებადია. დღეს უკვე ცხადია, რომ რუსეთი მომავალშიც დააშანტაჟებს ყველას აღმოსავლეთ ევროპაში ესკალაციით, შეიყვანს მისი ტანკების ქარავანს, გამჭვარტლავს ატმოსფეროს თავისი საზღვაო მონსტრებით და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმაზე უარის თქმა, მას დიდად არ აბრკოლებს, პირიქით – ნატოს მხრიდან საბოლოო პოზიციის გაურკვევლობას, რუსეთი განიხილავს, როგორც შანსს, საჭირო დროს ,,კბილებით გაიტანოს’’ თავისი გავლენის ზონების იდეა.