Postimees ესტონეთი
როგორც ცნობილია, ყველა არამუსულმანური პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, განიცდის მოსახლეობის პრობლემას. ის ყველგან მცირდება, გარდა მუსულმანური რეგიონებისა, სადაც მიუხედავად სიდუხჭირისა, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების წყალობით, მოსახლეობა იზრდება
მაგალითად, უკრაინამ დამოუკიდებლობის წლებში 10 (შესაძლოა – 15) მილიონი ადამიანი დაკარგა. რუსეთი, მხოლოდ გასულ წელს, შემცირდა 500 000 კაცით. სწრაფად კარგავენ მოქალაქეებს კავკასიური სომხეთი და საქართველოც.
ამ ფონზე, საოცრებად მოსჩანს ჩვენი პატარა ესტონეთი. აქ მოსახლეობა არა მარტო არ კლებულობს, თანდათან იზრდება – 2016 წელს 1.315 მილიონი მაცხოვრებელი იყო, წელს კი – 1.329 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
შედარებისთვის, შობადობის კოეფიციენტი რუსეთში, ისლამური რეგიონების ჩათვლით, შეადგენს 1.75-ს. ესტონეთში, მუსულმანური მოსახლეობის გარეშე, ის 16,7-ია. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც – ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენში, ერთ-ერთი უმდაბლესია მსოფლიოში.
ასე რომ ესტონეთი, ბოლო 5 წელია, აჩვენებს მოსახლეობის მდგრად ზრდას. ეს პატარა ქვეყნისთვის დიდი პლუსია.
რა არის მოულოდნელი „ესტონური ბედნიერების“ მიზეზი? აქ შესაძლოა დასახელდეს რამდენიმე ფაქტორი.
თავიდანვე უნდა ითქვას – 90-იანებსა და ნულოვან წლებშიც, ესტონეთის მოსახლეობა ასევე მცირდება. 1991 წლიდან 2015 წლამდე, ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა – 100 000 კაცით შემცირდა. 2010 წლიდან, ესტონელებმა ნელ-ნელა მოახერხეს ამ უსიამოვნო პროცესის შებრუნება.
ესტონური ეკონომიკა ამ მდგომარეობის მთავარი შემადგენელია. ის იზრდება მიუხედავად პანდემიისა.
საშუალო ხელფასმა ესტონეთში 1419 ევროს მიაღწია და ის თანდათან ზევით მიემართება, რადგან ჩვენმა ბალტიისპირულმა ქვეყანამ შეძლო გადაელახა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთავარი დაბრკოლება – კლანურობა, ქურდობა და კორუფცია.
ესტონეთი ნელ – ნელა მიმზიდველი ხდება შრომითი მიგრანტებისთვის – მეზობელი უკრაინიდან და რუსეთიდან.
ოჯახის მხარდაჭერა ესტონეთში
ესტონეთში ოჯახებს მძლავრად ეხმარებიან. თითოეული ბავშვი ერთჯერადად იღებს 320 ევროს და ყოველთვიურად კი 60 ევროს. თუ ოჯახში 3 ბავშვია, მესამე ბავშვს უკვე 100 ევრო ეძლევა.
პარალელურად, დეკრეტში მყოფი მშობელი (უმეტესად – დედა), კომპენსაციის სახით 600-დან 4 000-ს ევრომდე იღებს. ბავშვის მამას ასევე ეძლევა დანამატი – 500-დან 800 ევრომდე.
რა თქმა უნდა, ოჯახების ფინანსური დახმარება ვერ შეედრება ევროპულ მხარდაჭერას, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნის დონეზე, ურიგო არ არის.
ესტონელები საკუთარ კერას ისევ ვერ წყდებიან. ისინი სხვა ბალტიისპირელების, უკრაინელებისა და რუსებისგან განსხვავებით, არ არიან მიდრეკილნი სხვაგან გადასახლებისკენ. როგორც მათი მენტალიტეტის, ისე ფინურ-უგრული ენის გამო, რომელიც განსხვავებულია სხვა ევროპული ენებისგან. მაქსიმუმ მეზობელ ფინეთში თუ წავლენ სამუშაოდ, საიდანაც უქმეებზეც შეუძლიათ უკან დაბრუნება.
ახლა ეკონომიკის ზრდის გამო, სახლში ადრე წასულებიც ბრუნდებიან.
მოკლედ, თუ შევაჯამებთ: ესტონეთი ავად თუ კარგად ინარჩუნებს მოსახლეობას, ყოფილ საბჭოეთში საუკეთესო ეკონომიკისა და ნაკლები გადინების წყალობით, ასევე შრომითი მიგრანტების ხარჯზე.
ამით მოსახლეობა თანდათან იზრდება, რაც უჩვეულოა პოსტსაბჭოთა ქრისტიანული ქვეყნისთვის.
თანდათან მცირდება მოსახლეობის კლება ლიეტუვაშიც, იმავე მიზეზით, რაც ესტონეთშია – ესაა ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ასევე ოჯახების სახელმწიფო მხარდაჭერა.
აი, დეპრესიული ლატვია კი, ევროპის ლიდერებშია მოსახლეობის კლების ნიშნით.