DAILY EXPRESS დიდი ბრიტანეთი
ქალუმ ჰოარი
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, უკრაინის ხელისუფლებას აღუთქვა „ურყევი“ მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის აღმოსავლეთში გაჩნდა სამხედრო ესკალაციის საფრთხე, რადგან რუსეთის სამხედრო ძალებმა თავი მოიყარეს მის საზღვრებთან. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ „ტვიტერით“ მადლობა გადაუხადა ბორის ჯონსონს იმ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის, რომელიც „სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ნატოს წევრების უსაფრთხოებისთვის“ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არ არის მარტო“ და სარგებლობს „დიდი შვიდეულის“ წევრთა მხარდაჭერით“. თუმცა, რაკი კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აფრთხილებს უკრაინას, რომ ნატოსთან დაახლოება „კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას“, რუსი სამხედრო ანალიტიკოსი პაველ ფელგენგაუერი ვარაუდობს, რომ დაძაბულობამ შეიძლება მიგვიყვანოს „ომამდე – ერთი თვის შემდეგ“
როცა 7 წლის წინ, რუსი სამხედროები ყირიმის ნახევარ კუნძულზე შეიჭრნენ, მათ მყისიერად დაიკავეს უკრაინის ფლოტის საპორტო ნაგებობები და ხელში ჩაიგდეს საბჭოთა პერიოდში აგებული არაერთი ხომალდი. უკრაინას დარჩა მხოლოდ ერთი დიდი სამხედრო ხომალდი და რამდენიმე მცირე მცურავი საშუალება. ამდენად, ის წინ ვერ აღუდგებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს – სარაკეტო კრეისერით, ნაღმოსანით, ხუთი ფრეგატით, 7 წყალქვეშა ნავით და 2 ათეული საპატრულო და სადარაჯო ხომალდით.
კიევი შეუდგა პროგრამის შესრულებას, რომლის ფარგლებში, ის აპირებს შეძინოს ახალი ხომალდები, მათ შორის 20 უკრაინული წარმოების დაჯავშნული საარტილერიო კატერი – „გიურზა-M“-ის კლასის, რამდენიმე ამერიკული საპატრულო კატერი MARK VI პროექტის და რვა – 46-მეტრიანი ბრიტანული კატერი.
როცა ვლადიმერ ზელენსკი 2020 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთს სტუმრობდა, ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა „ განზრახულობათა მემორანდუმი“ – 1.25 მილიარდი ფუნტის ღირებულების, 10 წლიანი კრედიტის შესახებ, რომლის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი დათანხმდა უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას.
გაკეთდა განცხადება ერთობლივი უკრაინულ-ბრიტანული პროექტის შესახებ, რაც ითვალისწინებს სამხედრო ხომალდების შექმნას.
პირველი 2 ხომალდი აიგება ბრიტანეთში, დანარჩენი (6) კი უკრაინაში.
მარტის თვეში, ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ უკრაინაში, კომოდორმა თიმ ვუდსმა განაცხადა: უკრაინას აქვს სამხედრო-საზღვაო ფლოტის 2030 წლამდე განვითარების მკაფიო სტრატეგია, რომელიც შემუშავდა აშშ-სთან და დიდი ბრიტანეთთან ერთად.
სხვა სიტყვებით, ის ემსახურება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შეკავებასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
ეს იქნება შედარებით მცირე ზომის სწრაფმავალი ხომალდები, აღჭურვილი ქვემეხებითა და რაკეტებით, რომლებიც იმოქმედებს აზოვის ზღვის წყალმარჩხ ადგილებში და შავ ზღვაზე.
როგორც უკვე ითქვა, ეს ხომალდები გამოირჩევა სისწრაფითა და მანევრირებით, რაც ართულებს მათ აღმოჩენა-განადგურებას. ისინი აღიჭურვება მაღალეფექტიანი სარაკეტო და საარტილერიო სისტემებით.
კომოდორ ვუდსის თქმით, ბრიტანეთი ამჟამად მუშაობს 2 მსხვილ ბრიტანულ კოპანიასთან და სწავლობს, რომელი პროექტი შეესაბამება განზრახული სარაკეტო კატერის სპეციფიკაციებს. სამეთაურო ხომალდის პროექტის დამტკიცების შემდეგ, მშენებლობა დაიწყება 2020 წელს და ბრიტანეთის განზრახვა, ვუდსისი თქმით ისაა, რომ 8 კატერის აგება დასრულდეს 2024 წლისთვის.
ჯერჯერობით კი კიევმა აშშ-სგან მიიღო სანაპირო დაცვის 34.5 მეტრის სიგრძის – 2 კატერი მსუბუქი შეიარაღებით.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გასცა ნებართვა მცირე სამხედრო ხომალდის, კორვეტის აგებაზე.
ამასთან, უკრაინულმა არმიამ მიიღო სანაპირო სარაკეტო კომპლექსის („ნეპტუნი“) საცდელი ნიმუშები, რაც გააძლიერებს ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვას.
თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა განაცხადა: „თავდაცვის უწყებისა და სამამულო საწარმოების ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა ახალი თაობის იარაღის შექმნა, რომელიც გაზრდის უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს და მის გავლენას შავ ზღვაზე. ჩვენი ამოცანაა -კომპლექსი „ნეპტუნი“, სარაკეტო და საპატრულო კატერები, ასევევ კორვეტები – ჩაერთოს თავდაცვის ერთიან სისტემაში, რომელსაც შეეძლება მოიგერიოს ზღვიდან მტრის შემოტევა“.