The Spectator
სლავოი ჟიჟეკი
მე არ ვარ ტრამპის მხარდამჭერი, მაგრამ რაც ბაიდენმა ჯორჯ სტეფანოპულოსთან ინტერვიუში განაცხადა, ლამის სინანულით მომაგონა წინა პრეზიდენტის ზოგიერთი თვისება.
როცა ბაიდენს ჰკითხეს, თვლის თუ არა პუტინს მკვლელად, მან უპასუხა: ,,დიახ.’’ გარდა ამისა, დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ 2011 წელს ვიცე-პრემიერად ყოფნისას, მან პირადად უთხრა პუტინს, რომ მას ,,სული არა აქვს.’’
პუტინმა სწრაფად და ვირტუოზულად უპასუხა: მან ბაიდენს ჯანმრთელობა უსურვა და გამოიწვია ის ღია დისკუსიაში, სერიოზულ – ეკზისტენციალურ და ეთიკურ პრობლემებზე სამსჯელოდ Zoom-ის მეშვეობით
ბაიდენის გამონათქვამი, აშკარა კონტრასტშია იმასთან, რაც ტრამპმა თქვა 2018 წელს, როცა ბილ ო რაილიმ Fox News-თან საუბარში, პუტინს ,,მკვლელი’’ უწოდა. მაშინ ყოფილმა პრეზიდენტმა ივარაუდა, რომ ამერიკის ქმედება არაფრითაა უკეთესი რუსეთის პრეზიდენტის საქციელზე. ,,მკვლელი მრავალია, ჩვენც ბევრი გვყავს – თქვა ტრამპმა – თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა უმანკოა?’’ იმ სიტუაციაში ტრამპმა პატიოსანი რეალიზმის დამკვიდრებაში თავისი წილი შეიტანა. ამას გარდა, ის უფრო თავშეკავებით ეკიდებოდა საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემებს და აშკარად ცდილობდა ომის თავიდან აცილებას. მან დაითხოვა ჯონ ბოლტონი, რომელიც უფრო აგრესიულ მიდგომებს ემხრობოდა ირანთან და ჩრდილო კორეასთან მიმართებით.
ბაიდენი აგზავნის სიგნალს უფრო ინტერვენციონისტული საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. ბაიდენის პროგრესულმა ღონისძიებებმა (განსაკუთრებით კორონავირუსთან და მის შედეგებთან დაკავშირებით) არ უნდა დაგვიბინდოს მზერა ისე, რომ ვერ დავინახოთ მისი ადმინისტრაციის ბნელი მხარეები.
თუმცა, მოდი, მივუბრუნდეთ ბაიდენის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის „უსულო’’ ადამიანია – ეს უბრალოდ ტყუილია. საზარელ მკვლელებსაც კი აქვთ ,,სული,’’ ღრმა შინაგანი სამყარო, მათ უყვართ ჩადენილი დანაშაულების ახსნა: ყოველი პოლიტიკური დანაშაულის უკან დგას პოეტი ან რელიგიური მითი.
უფრო ზუსტად, არ არსებობს ეთიკური წმენდა პოეზიის გარეშე. რატომ? იმიტომ, რომ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც თვლის, რომ უკან მოიტოვა იდეოლოგიათა ეპოქა. ვინაიდან დიადი საზოგადოებრივი მიზნები უბიძგებს ადამიანებს ჩაიდინონ მასობრივი ძალადობა, კიდევ უფრო მასშტაბური წმიდათაწმიდა მიზეზი, რომლის ფონზე წვრილმანი პირადი ეჭვები მკვლელობის შესახებ ტრივიალურად მოჩანს. რელიგია ან ეთიკა, ამ როლისთვის დიდებულად გამოდგება. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა პათოლოგიური ათეისტები ჩადიან მასობრივ მკვლელობებს პირადი სიამოვნებისთვის, მაგრამ ეს გამონაკლისია. საქმე ისაა, რომ უმრავლესობას სურს თავიდან მოიშოროს სხვების ტანჯვით გამოწვეული თანაგრძნობა. სწორედ ამისთვისაა საჭირო წმიდათაწმიდა მიზეზი.
რელიგიური იდეოლოგები ჩვეულებრვ ამბობენ, რომ რელიგია, განურჩევლად იმისა, სიმართლეს ქადაგებს თუ არა, ზოგჯერ აიძულებს ცუდ ადამიანებს – ჩაიდინონ კარგი საქციელი. თუმცა დღევანდელი გამოცდილება გვკარნახობს, რომ ჯობს მივსდიოთ სტივ ვაინბერგის შეგონებას იმის შესახებ, რომ რელიგიის გარეშე არსებობისას, კარგი ადამიანები ჩაიდენენ კარგ საქციელს, ცუდები კი ცუდს და მხოლოდ რელიგია აიძულებს კარგ ადამიანებს მოიქცნენ ცუდადო.
ასე, რომ თუ მე პუტინის წინააღმდეგ გამოვდივარ, არა იმიტომ, რომ მას არა აქვს სული, არამედ იმიტომ, თუ როგორი სულის პატრონია ის. მის ბოლოდროინდელ ინტერვიუში არის ფრაზა, სადაც შეიძლება ამოიკითხოს, რომ ის გულწრფელია. ლაპარაკი იმ დროზე, როცა პუტინმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ჯაშუშების მიმართ, რომელთაც უღალატეს სამშობლოს, მას სრულიად შეურიგებელი დამოკიდებულება აქვს: ,,ღალატი – ამ ქვეყნად ყველაზე დიდი დანაშაულია და მოღალატე უნდა დაისაჯოს.’’ ამ გამონათქვამიდან ვიგებთ, რომ პუტინს არავითარი პირადი სიმპათია არ ამოძრავებს სნოუდენის ან ასანჟის მიმართ, ის უბრალოდ ეხმარება მათ მისი მტრების გაღიზიანებაში და შეგვიძლია გამოვიცნოთ, რა ბედი ელის რუს სნოუდენს ან ასანჟს.
მეორე ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ სნოუდენი მოღალატე არ არის, მაგრამ მას არ ესმის, როგორ შეიძლებოდა ის ასე მოქცეოდა საკუთარ ქვეყანას, აშშ-ს. აი, შანსი ჩავიხედოთ პუტინის სულში, ამოვიცნოთ როგორ მუშაობს მისი ცნობიერი. (სხვათა შორის, ბევრის აზრით ამ საკითხში ტრამპი უფრო ტაქტიანად მოიქცა, როცა აღიარა, რომ სნოუდენს უსამართლოდ მოექცნენ).
იმის თქმა, რომ შენს პოლიტიკურ მეტოქეს არა აქვს სული – ეს სხვა არაფერია, თუ არა ვულგარულ რასიზმთან მიბრუნება, რაც ზუსტად ეთანადება ბაიდენის ზოგიერთ შეცდომას. მაგალითად, მან ასე გამოხატა ბარაქ ობამასადმი მხარდაჭერა: ,,მინდა ვთქვა, თქვენს წინაშეა პირველი პოპულარული აფროამერიკელი, მჭერმეტყველი, ჭკვიანი, მოწესრიგებული, რომელიც მართლაც მშვენივრად გამოიყურება. ანუ ეს უბრალოდ ზღაპარია.’’ ეს ნიშნავს, რომ თუკი ბაიდენის პრეზიდენტობა ტრამპის პრეზიდენტობაზე უკეთ ჩაივლის, ეს იმის ბრალი არ იქნება, რომ ის უკეთესი სულის პატრონია, რაც უფრო ნაკლებ დაეყრდნობა პრეზიდენტი საკუთარ სულს, მით უკეთესი ყველასთვის.