Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

                         ასე  იტყოდა საკუთარ თავზე.  მერე შეზარხოშებული რუსულად მოაყოლებდა:   „ბიჭო კი არა, ტერ-ნერსესოვ ზურაბ ლევანოვიჩ, ტოტჟე რამაზაშვილი (მ.გ.- დედის გვარია), ისტინნი არიეც, ბესპაშჩადნი კ ვრაგამ ფიურერა“-ო!   მე ამ უბანში გვიან გადმოვედი, ის ადრე, რატომღაც უცბად დავახლოვდით, თუმცა რაღა „რატომღაც“, გამორჩეული ვინმე იყო, განსაკუთრებული, ძველთბილისური იუმორის პატრონი, შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია.  მეგობრობდა ყველასთან: ხუთოსნებთან და ოროსნებთან, ქურდებთან და მილიციელებთან, მუშებთან და პროფესორებთან, ლოთებთან და სპორტსმენებთან… როგორადაც არ უნდა დაგეწყო მასთან ურთიერთობა, მერე ახლობლობაში გადაგდიოდა, უვარგისებმაც იცოდნენ, რომ წესიერი კაცი იყო, შურისგან დაცლილი. მარტო ხუმრობისას ევსებოდა თვალები ჭინკებით,  მაგრამ მისი ეშმაკი – ხუმრობაში იბადებოდა და იქვე კვდებოდა. ალალი კაცი იყო,  წყენას წამში ივიწყებდა. სხვებში საპირისპიროს რომ აღმოაჩენდა, უკვირდა: რა ჭირს, ამ კაცსო. იმხანად,  ბიჭები ძირითად დროს ქუჩაში ვატარებდით,  დავძვრებოდით ხევში კარტის (სიტყვა ბანქო, რაღაც ხელოვნურად მეჩვენება) სათამაშოდ. თვითონ არასდროს ერთვებოდა აზარტულ თამაშებში, არ უყვარდა, უბრალოდ თავისიანების „საბალეიშიკოდ“ მოდიოდა. ხან მტკვრისპირას, საპროექტოს სტადიონზე ჩავდიოდით, ვიღაცამ „რაზდანი“ რო დაარქვა და დაოსებამდე დავსდევდით ბურთს. ფეხბურთს ისერა თამაშობდა, კალათბურთს უკეთ, აი ტენისს (მაგიდისას) ყველას გვიგებდა, გრძელი ხელები ჰქონდა და   სულ მაგიდის ქვემოდან დარტყმებით გვათახსირებდა

სადღაც ასე, 30 წლამდე ასაკში ურთიერთობა გაგვინელდა, რაღაც მეწყინა მისგან, ვხდებოდით, ვესალმებოდით ერთმანეთს, იმის იქით არაფერი… დროდადრო, სახლში მოსული ვხედავდი  ჩემს ფანჯარასთან (მას  გარეთ მდგომს, მამაჩემს შიგნიდან გადმოყუდებულს – ჭიქებით ხელში) ან  კაკლის  წინ ბორდიურზე, როგორც თვითონ ეძახდა – ,,პლინტვარზე’’ – ჩამომჯდარს.   მერე დედაჩემი მძიმედ დაავადდა.  აფთიაქიდან მომავალს შემეფეთა, საიდანღაც გამოძვრა „ჩეკუშკით“ ხელში: „ტი პაჩემუ ტაკოი ხალოდნი კაკ აისბერგ ვაკეანეო… ბოლო-ბოლო ეგეთი რა გაწყენინეო, მერე დააყოლა: ,,ბოგ მენია პრასტილ, ა ტი კაკ საბირაეშსიაო’’… აღარ დაამთავრა, მოკლედ იმდენი და ისეთი  იქაქანა, გული მაინც მომილბო. შევედით ჩემთან სახლში, დავლიეთ …  ამის შემდეგ,  ბოლო ოცი წელი, ყოველდღიურად საათობით ვიყავით ერთად, უმეტესად  ჩემთან,  დედ-მამა ორივე ლოგინად მყავდა ჩავარდნილი  და სახლიდან გარეთ თითქმის ვერ გავდიოდი. და თუ გავიდოდი იქაც მასთან ერთად ვკლავდი დროს – ძირითადად, მისი კორპუსის წინ  -„ბესედკაში“. შეიძლება ითქვას, იმ სიტუაციიდან ავად თუ კარგად  რომ გამოვძვერი – მისი და იმ 2-3 კაცის წყალობით, რომლებიც მუდამ მედგნენ გვერდით. ხან აფთიაქში გამეგზავნებოდა, ხან საავადმყოფოში წამაყვანინებდა მშობლებს, ხან რა და ხან რა…

ის კი  სვამდა  გაბმულად, ვიღაც ჩნდებოდა მის გვერდით, მერე სხვა ენაცვლებოდა: ვერავინ  მიძლებს, დავხოცე მთელი უბანიო – იტყოდა სიცილით. დღე-ღამეში ალბათ ორი-სამი საათი თუ ეძინა.  თბილისის ყველა უბანში ჰყავდა ახლობლები. ძნელად თუ ვინმეს ახსენებდი, რომ ან ის კაცი  არ სცოდნოდა ან მისი მეგობარი. სუფრაზე შემთხვევით შემოსწრებულს არაერთხელ შეპარვია ეჭვი, მაგრამ ტელეფონს ართმევდა, ურეკავდა იმ კაცს  და ელაპარაკებოდა. ზოგი გაოცებული უყურებდა. აბა, ეგრეა ძმაო! ახლა რომ ამ დღეში ვარ, სუ  ეგრე კი არ იყოო. მერე მეათასედ მოყვებოდა, როგორ დათვრნენ გემზე ერთად ის, ზურა დოლენჯაშვილი, ლარისა დოლინა და ჟანა აგუზაროვა. იხსენებდა რუსეთის და უკრაინის თავგადასავლებს.  მთელი  ღამე ქუჩაში  დადიოდა, ვინმე თავის ჭკუისას ეძებდა. ეტყობა მარტოობას გაურბოდა. დროდადრო ისმოდა შეძახილები „როდიის“ ან „ვარფალამეი, პტაშეჩკა.’’ მახსოვს, ერთხელ ვუთხარი ღამის 4 საათზე კიდე რომ დაიძახო ჩემი სახელი,  რამეს გესვრი-მეთქი. დაჟე ტაკ-ო – იკითხა ირონიულად,  კაი, რახან ეგრეაო. წავიდა ერთი დღე ჩააგდო, მეორე ღამეს კი ავთო, აფთიეო (ქუთაისურად მოუქცია), რამდენჯერმე დაიძახა. გაცოფებული მივვარდი ფანჯარას: მე შენ რა გითხარი-თქო. ვითომ გაიკვირვა,  რა გაყვირებს, შენ ხო არ გეძახიო. აბა ავთო  ვინ არი, აქ ეგეთი არავინ ცხოვრობს-მეთქი.   სულ თაზა გადმოსულია შენ არ იცნობო და   გაიღრიჭა… რა  გინდოდა გეთქვა.

ზურა-მუშას შესახებ, სახალისო ამბები ბევრი მსმენია, ალბათ უფრო სახალისოც, ვიდრე მე მინახავს, მაგრამ  მე რასაც შევესწარი და რაც უცებ მახსენდება, იმას ვყვები.

…ერთი ხანობა ძალიან გამიჭირდა,   ბინა გავაქირავე  და ძველ უბანში გადავედი – ბებიის სახლში, ერთიანად დაფაცხავებულ  ნახევარსარდაფში,  კედლებიდან ლამის აგურები რომ ცვიოდა. დედა დღითიდღე მძიმდებოდა. იქაც მომაგნო… ღამით  გაბმული ძახილი მომესმა – „ როოდის“- ვიფიქრე, ალბათ მომესმა-მეთქი, მაგრამ რამდენიმე წუთში კარზე დააკაკუნეს – გავხედე, მუშაა!…აგერ კნიაზთან (წერეთელთან) და ელდარასთან ვიყავი, მერე კიდევ შემხვდენ ნაცნობები, იქაც გასახელეთ და მეტროს უკვე ვეღარ ჩავუსწარი, შენთან უნდა დავრჩეო… ადგილიც არ იყო, სადღაც საკუჭნაოში შევაკვეხე, თავი ლამის პირსაბანის ქვეშ ჰქონდა შეყოფილი, მაგრამ ეგ არ ადარდებდა. მეორე დილით პურზე გასულებს, ძველი ნაცნობი შემხვდა, პლასტმასის ბოცით ხელში, ღვინის ქარხანაში დავიწყე  მუშაობაო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზურაც ჩაერთო ლაპარაკში და გაირკვა, რომ მის ბიძაშვილთან   მეგობრობდა. მოკლედ, ასე 8 ლიტრი კონიაკის სპირტი გვაჩუქა იმ კაცმა. ჰოდა ზურასაც მეტი რა უნდოდა.  ღამით კი საკუჭნაოში წამოწოლილმა (ეტყობა, თან სვამდა, თან  ბოცას  უყურებდა) ისე გამოგვძახა: რა  შეძლებული ოჯახი გაქვთ, მარა გეკუთვნით, ღმერთმა მოგცეთო. არადა, ისეთ დღეში ვიყავით, ჭერი თავზე გვემხობოდა.

ერთი სულ მიკვირდა, ქუჩაში გასულებს, ჩემ უბანში, რატომ გვხდებოდა უფრო მეტი მისი ნაცნობი, ვიდრე ჩემი, თუმცა რაღა ჩემ უბანში, ყველგან ეგრე არ იყო…

მერე მამაჩემი გარდაიცვალა, იმერეთში გადავასვენეთ. 3-4 ოთხი კაცი დავრჩით სოფელში. ეტყობა, ცალკე დაღლილობამ და ნერვიულობამ,   ცალკე სასმელმა მომიგრიხა კისერი და მკვდარივით ჩამეძინა. გათენებამდე გამეღვიძა, მეგონა ჯერ კიდევ ყველას ეძინა, მაგრამ ვერანდაზე გამოსულს, ზურა უკვე ფეხზე დამხვდა, ღვინოს წრუპავდა. საფლავზე უნდა გავიდე, თუ გინდა წამო-მეთქი. აბიჟაეშ ნაჩალნიკო და  ბოთლს ხელი დაავლო…. ადგილზე რომ მივედით, იქვე ქვაზე ჩამოჯდა. თენდებოდა, მიიხედ-მოიხედა, ეტყობა მოეწონა იქაურობა, იქით დანისლული კლდოვანი მთები და ასწლოვანი ცაცხვები, აქეთ ძველისძველი ეკლესია და  საფლავზე გადმოყუდებული ურთხმელი… შენა, მიშიკ, აქ ერთი ადგილი ჩემთვის ვერაო…შენ აქ რა გინდა, შენი ადგილი ხოჯევანქზეა ან პეტრე-პავლეზე, ვერა ხედავ სუ ერთი გვარი წევს, ან რძლები და სიძეები-მეთქი. მაიცა, მაიცა, ეხლა მანდ გაჩერდი, სადაც რატიანი და გოშხეთელიანი, იქაც ტერ-ნერსესიანი (ძირი გვარი გაიხსენა და ისე გარითმა, ან ეს წარწერები როდის ამოიკითხა, რო გეკითხა, სულ იძახდა, ჩიჩმი აღარ მივარგაო)… რატო ვერა როო…

დედაც რომ გარდაიცვალა, მუშაობა დავიწყე. სახლში მოსულს, ან პლინტვარზე მხვდებოდა, ან ტატიანას ,, ბუტკასთან’’ სკამზე, ან კიდევ „ბესეტკაში“. ერთხელაც აღრენილი დამხვდა: ეს ლაწირაკები, მართლა თავს გავიდნენ, მე ამათი „სომეხა“ (ბავშვობაში ასე ეძახდნენ) როდის აქეთ გავხდიო… ეგრე შენც არ მეძახიო. მე რა ჯიშისა ვარ ყველამ იცის, მაგათ თავისი მოიკითხონო და  დაიწყო, მარა რა დაიწყო : ამას გვარი აქ გადაკეთებული,  იმასაც, კიდე იმასაცო, მოკლედ ახლო-მახლო სამი კორპუსიდან მესამედი მაინც დაინათესავა. ზოგი ისეთზე თქვა,  ნაღდათ არ გაგვეგო.  ეგეც კაცო-თქო, ვიკვირვებდით და თან თითქოს ვაგულიანებდით,  „კლიანუს მამაიო“, განგებ ამბობდა  „ნაიგრანნი“ აპლომბით. უცებ სადარბაზოდან ვოვა გაბუნია გამობაჯბაჯდა,  ზურა მისგან ზურგშექცევით იჯდა, ვერ ხედავდა. ახლა არ თქვა ვოვაც სომეხია-მეთქი. გაიცინა, არა გაბუნია ნაღდად ქართველიაო. მერე „იყიდა“, ჭიქა აწია თავი შეატრიალა, ვოვას გახედა, არაყი გადაკრა, ჩვენკენ მოტრიალდა და მთელი სერიოზულობით ჩაილაპარაკა : „ისე ტანი… ჩისტაგანი სომხური აქო. ატყდა ხარხარი…. აი ეგეთი კაცი იყო ზურა-მუშა, მასთან ნაღდად არ მოიწყენდი.

თანდათან სმას და ლაპარაკს უმატა. ატყობდა, რომ ზოგი უკვე გაურბოდა.  „ვოტ ტაკ ბივაეტო, ამათი სოფლის ბოლოო… საბურთალოზე, მთაწმინდაზე ან ვარანცოვზე რო გაიყვანო და დასვა, დაიკარგებიან, პატრული თუ გამოიყვანს მაგათ უკანო, მარა ჰო ხედავ, ყირაზე გადადიან. მე, კიდე უკვე ვეღარსად მივდივარო“. ფხიზელი – მორიდებული და ნაღვლიანი იყო, დიდხანს ვერსად   ჩერდებოდა, მოკლედ სმა უხდებოდა, მაგრამ ზომა არ იცოდა.  ხშირად იტყოდა, ცოლი მაინც მომეყვანაო, ცუდი ბიჭი არ ვიყავიო. მართალს ამბობდა, პეწიანი კაცი იყო, ყოველთვის მოწესრიგებული, გაპარსული და სადად, მაგრამ გემოვნებით ჩაცმული დაიარებოდა. 10 კილომეტრი, რომ ერბინა წვეთი ოფლი არ გამოუვიდოდა. ეგ ჯიშიაო, იტყოდა ამაყად. ვერ ხედავ, ლიოვას (მამამისი) სურათზე, რა „არისტაკრატიჩნად“ უჭირავს მუნდშტუკიო. მეც  ვიცოდი, რომ ახალგაზრდობაში ბევრ გოგოს მოწონდა, თვითონ დროდადრო ახსენებდა ვიღაც ებრაელ გოგოს: მაგრად ვუყვარდი, უნდა მომეყვანა, მაგრამ სულელი ვიყავიო…  მერე მის  ქორწილშიც მოვხვდი, ისრაელში წავიდაო. იმ გოგოს სახელი არასდროს უთქვამს.

ერთი რამ კიდევ გამახსენდა. მახსოვს ღამე უჰაერობამ გამაღვიძა. მივედი ფანჯარასთან გამოვაღე და ვხედავ,  თავისი ნალოლიავები „ ზიპოს“ სანთებელა აუნთია და აქეთ-იქით დადის. ბიჭო, შენ მთლად გარეკე-მეთქი. არაო-მითხრა: „ინტერნეტში წავიკითხე, ვ გრეციე, დაჟე ოჩენ ვდრევნეი გრეციე, ერთი უმნიკი ანთებული სანთლით დღე დადიოდა და რო ეკითხებოდნენ რასა შვრებიო, იცი რას პასუხობდაო?“ ვიცოდი, მაგრამ მაინც ვკითხე, აბა რასა-მეთქი. „ბიჭო! ამბობდა კაცს ვეძებო, კაცსო, გესმის შენო. მე კიდე უფრო შორს წავედი და მარტო კაცს კი არა, საბუტილნიკსაც ვეძებო.“

სანამ მთლად ცუდად გახდებოდა, მეუბნებოდა: „სოფელში ხო მივდივართო“. შეპირებული ვიყავი. იქ ქვეყნის საქმე მაქვს, ხო მომეხმარები-მეთქი. „ტი ნავერნაე შუტიშ გრაჟდანინო, ვერ ხედავ რა დღეში ვარო… მარა ხილის არაყს თუ დამიდგამ, ვსიაჩესკი ბუდუ მარალნა პოდდერჟივატო. კიდე იურევიჩი, შოთიკა და ბორია გრეკი წავიყვანოთ, აი ბორია მოგეხმარება, ონ ჟე მუჟიკ, ემუ პალაგაეტსიაო“ … არ გამოგვივიდა.

რომელი ერთი გავიხსენო.. ისე მისი ბუნების პატრონი, მოხუცი ვერ წარმომედგინა და არც ცხოვრების წესი ჰქონდა საამისო, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ მძიმე სენმა ასე უცბად დაღრნა. ჩვენ თაობაში ერთ დროს ყველაზე ჯანმრთელი  კაცი… რომელიც ისე ჩავიდა საფლავში, რომ ერთი კბილიც არ აკლდა.

ყველაფერი იმის გამო რაც მოვყევი, ალბათ დიდხანს ვერ შევეჩვევი იმას, რომ ფანჯარასთან მისული ვეღარ დავინახავ ბორდიურზე მჯდომარეს. აი  კითხვაზე   „ როდიიის“ პასუხი უკვე ვიცი,  2021 წლის, 23 მარტს…

ღმერთმა ნათელში გამყოფოს ზურიკ, ჩემო ძმაო!

 

მიშა გოგოლაშვილი

 

 

By admin