რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, რადიკალური მეთოდებით გაგრძელდება და თუ დაძაბულობა რამდენიმე დღეში არ განიმუხტა, საეჭვოა, ყოველივე ამან ქართული რაგბისთვის სასიკეთო შედეგები მოიტანოს. როგორც ცნობილია, 10 მარტს გაიმართება არჩევნების ე.წ. მეორე რაუნდი, რაკი პირველ ტურში ვერ შედგა დებულებით გათვალისწინებული კვორუმი და ახალი პრეტენდენტი – სოსო ტყემალაძე, ამის გამო პრეზიდენტად ვერ აირჩიეს. მკითხველმა კარგად იცის, რომ ყრილობა მიმდინარეობდა ერთ-ერთი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მომხრეთა შეუსაბამო აქტიურობის ფონზე. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 24 თებერვალს გამართული ღონისძიების აქტიურ ბოიკოტირებას ახდენდა იმ მოტივით, რომ რაგბის კავშირს უკვე ჰყავდა ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც საჯარო რეესტრმა, მისი აზრით, უსამართლოდ არ ცნო პროცედურათა უმნიშვნელო დარღვევის გამო (?! ). ჯერ ერთი ლეგიტიმურობა ერთია და ლეგალურობა მეორე. ამას გარდა, ეს ლეგიტიმურობაც ეჭვქვეშ დგება იმ კამპანიის კონფრონტაციული ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც აბუსერიძის გუნდმა წარმართა. სწორედ ამის გამო, გაქარწყლდა ის მორალური უპირატესობა, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის მომხრეებს რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, უდავოდ გააჩნდათ კონკურენტებთან ბრძოლაში
გავიხსენოთ: ეს კამპანია დაიწყო რაგბის კავშირის ხელმძღვანელის, გოჩა სვანიძის – თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და არაკომპეტენტურობაში მხილებით. შემდეგ კი აბუსერიძემ სვანიძესთან ალიანსში, ახლა უკვე მესამე კანდიდატის წინააღმდეგ გაილაშქრა (ყოველ შეთხვევაში, ასე ამტკიცებდა მესამე კანდიდატი – ბაჩო ხურციძე). ძნელი სათქმელია, რატომ აირჩია ირაკლი აბუსერიძემ ბრძოლის ამგვარი სტრატეგია, იმ ვითარებაში, როცა ნამდვილად არსებობდა დასაბუთებული, არგუმენტირებული კრიტიკის საფუძველი და რაგბის სამყაროში არსებული კრიზისიც, მის წისქვილზე ასხამდა წყალს. მთელი ამ პროცესის კონსტრუქციულად წარმართვა, ერთის მხრივ,მეტ სარგებელს მოუტანდა თავად მას და მეორე მხრივ, სარაგბო ოჯახსაც ნაკლები რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. ამ ფონზე გაცილებით ღირსეულად მოჩანს ბაჩო ხურციძის პოზიცია, რომელმაც განაცხადა, რომ თუკი საჯარო რეესტრი კანონიერად ცნობდა ყრილობის დადგენილებას აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევის შესახებ, ის თავს შეიკავებდა ყოველგვარი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან, ისევ და ისევ ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე. ფაქტობრივად მოხდა ისე, რომ ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გაუგებარი მიზეზით, ხელიდან გაუშვა რეალური შანსი სრულიად კანონიერად დაეკავებინა ეს პოსტი. ამით, როგორც ჩანს, მან დაკარგა ლოიალურად, თუ სულაც ნეიტრალურად განწყობილი, სხვადასხვა თაობის მორაგბეთა ნაწილის მხარდაჭერა. ამგვარი არაშორსმჭვრეტელობის გამო, სრულიად ლოგიკური იყო ახალი კანდიდატის გამოჩენა და ბრძოლაში სოსო ტყემალაძის ჩართვა.
დავიწყოთ იმით, რომ აბუსერიძის გუნდის წევრების განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი წარმოადგენენ პროფესიონალთა თაობას, ხოლო წინამორბედ მორაგბეებს მხოლოდ სამოყვარულო გამოცდილება აქვთ, არის საფუძველშივე მცდარი. ჯერ ერთი, მისი თანაგუნდელები უნდა აცნობიერებდნენ, რომ საბჭოთა პერიოდის სპორტსმენები მხოლოდ ფორმალურად სარგებლობდნენ სამოყვარულო სტატუსით და მათ პროფესიონალიზმზე ეს პირობითობა, ნამდვილად არ აისახებოდა. ის, რომ მათ არ ჰქონდათ ევროპული გამოცდილება, ეს ობიექტური რეალობით იყო გაპირობებული და და არა იმით, რომ მათი კვალიფიკაცია 2000-ანელების თაობას ჩამოუვარდებოდა პატრიოტიზმითა და კეთილსინდისიერებით, ან ევროპაში ( ამის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო) არ იქნებოდა იმ დროის მორაგბეებზე მოთხოვნა. დღეს, ვინც ტელეეკრანზე ყელყელაობს, ძნელად თუ დაიჩემებს, რომ ის ან ოსტატობით , ან სათამაშო ინტელექტით აღემატება, ვთქვათ ნუგზარ ძაგნიძეს. ასე რომ, ამგვარი დამოკიდებულება წინა თაობისადმი ან სარაგბო სამყაროს ამ ნიშნით კლასიფიკაცია, გულშემატკივრებისთვის ყოვლად მიუღებელია.
არც ის არგუმენტი არის მაინცდამაინც დამაჯერებელი, რომ სოსო ტყემალაძე არ არის მორაგბე და რაკი ბიზნესწრიდან არის მოსული, ამდენად, რაგბის კავშირის პრეზიდენტობას თავს ვერ გაართმევს. ჯერ ერთი, მას სარაგბო სამყაროსთან დიდი ხნის ურთიერთობა და ამ თამაშის დიდი სიყვარული აკავშირებს. სხვაგვარად, ძნელი დასაჯერებელია რაგბის მრავალწლიანი ხელშეწყობა, მისთვის რაიმე კომერციული სიკეთის მომტანი ყოფილიყო, მით უფრო, კლუბის ან ბავშვთა გუნდის დონეზე. სამწუხაროდ, არც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაა ( სარეკლამო ბაზარი) ისე განვითარებული და არც ქართული რაგბია იმდენად წარმატებული, რომ ამ სფეროში თანხის დაბანდება რაიმე დივიდენდს იძლეოდეს, გარდა მორალური კმაყოფილებისა. თუ ვაღიარებთ, რომ თვალსაჩინო წარმატებების შემდეგ, ქართული რაგბი კრიზისში იმყოფება, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უფრო არასწორი მართვისა და ხედვის შედეგია, ვიდრე ფინანსური და მატერიალური ბაზის უქონლობის. მაშინ, რატომ უნდა იყოს რაგბზე შეყვარებული და საქმიანი რეპუტაციის მქონე კაცის სათავეში მოსვლა პრობლემური? ხომ გვაქვს არაერთი წარმატებული მაგალითი ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში და დიდი ალბათობით კიდევ ბევრგან. სხვაგვარად, ინგლისური რაგბის თავმჯდომარე ბიზნესმენი ენდი ქოსლეტი კი არა, ლეგენდარული ჯონი ვილკინსონი იქნებოდა. ამასთან, ვერც ირაკლი აბუსერიძის და მისი გუნდის საარჩევნო პროგრამა გამოიყურებოდა მაინცდამაინც დამაჯერებლად. რაგბის სხვადასხვა მიმართულებაზე პოტენციური კურატორების გამოსვლები არ იყო ცხადი და უფრო სურვილების კრებულს წარმოადგენდა, ვიდრე მიზნის მიღწევის კონკრეტულ გზებსა და ამოცანებს. პრეზენტაციაში, არაფერი თქმულა ზემოხსენებული პროგრამის საბოლოო შედეგსა და მისი მიმდინარეობისას საჭირო შუალედური შეფასების კრიტერიუმებზე. ამ ნაკლოვანებათა გადაფარვა, კი ხდებოდა განხილულ საკითხთა მოჩვენებითი მრავალფეროვნებითა და უცხო ტერმინების ჟონგლიორობით, რითაც ზოგიერთი გამომსვლელი სცოდავდა. ქართული რაგბის ჩვეულებრივ ქომაგს ეს პრეზენტაცია ბევრს არაფერს ეუბნებოდა.
საქართველო, ჯერ კიდევ, განვითარებადი ქვეყანაა, შეზღუდული ფინანსური რესურსებით: რაგბის ყველა მიმართულების (მათ შორის ადაპტირებული სახეობების) ერთდროულად განვითარება, არა მგონია სწორი და შესაძლებელი იყოს. არც ისაა მართებული, რომ ბავშვთა აღზრდის პრობლემატიკასა და ქვიშის რაგბის პერსპექტივების განხილვას, თანაბარი დრო და ყურადღება ეთმობოდეს.