Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

EL Mundo   ესპანეთი

ხავიერ კოლასი

 

          სსრკ-ს დაშლამ მილიონობით ადამიანის ცხოვრების პირობები გააუარესა. ახალმა რესპუბლიკებმა, რომლებიც ამის შედეგად გაჩნდნენ, თავი დამოუკიდებლობის მოპოვებით დაიმშვიდეს, ხოლო მოსკოვმა, რომელიც საერთაშორისო დონეზე ტერიტორიებსა და გავლენას კარგავდა, გადაწყვიტა ქამარი მთელი ძალ-ღონით შემოეჭირა. ჯერ გორბაჩოვმა დაკარგა კონტროლი ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე, ხოლო შემდეგ, როცა ხელისუფლების სათავეში ელცინი მოვიდა,  ჯერ უკრაინასა (ყირიმთან ერთად) და ბელორუსიას მისცა ჩამოშორების უფლება, მერე კი სხვა რესპუბლიკებს. ის მუდმივად ხელს ჰკრავდა ბალტიის ქვეყნებს და საშუალებას აძლევდა ნატოს, აღმოსავლეთით წინ წაწეულიყო.  აი, მაშინ გაუთენდა მოსკოვის შავი დღე

                                                              პოლიტიკა

აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა, ახლა  ყველაზე დაბალ წერტილზეა ცივი ომიდან მოყოლებული.

,,ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა გაპირობებულია 1990 წლის მოვლენებით, განსაკუთრებით იმ ფაქტით, რომ რუსეთმა აირჩია დემოკრატიის დამკვიდრების არასწორი გზა’’- გვიხსნის მწერალი და პროფესორი სერგეი რადჩენკო, მრავალი ესსეს ავტორი, მათ შორის თხზულებისა ,,მიუღებელი მიზნები’’ (UNWANTED VISIONARIES ), რომელიც მოგვითხრობს, ცივი ომის მიწურულს, სსრკ-ს აზიაში მარცხზე. აშშ-ში ლიბერალიზმი ძლევამოსილების საფუძველია. რუსეთში კი პირიქით, ლიბერალებმა ყველა გააცურეს. 90-იანი წლების ლიბერალიზმმა, დასაბამი მისცა ყველაზე მძიმე პერიოდს ქვეყნის ისტორიაში. ნაშრომის ,,ვინ დაკარგა რუსეთი’’ ავტორის (WHO LOST RUSSIA) პიტერ კონრადის სიტყვებით : ,,ორივე ქვეყანას შეიძლება ბრალად დასდო ის, რომ ისინი იქცევიან ისე, თითქოს ცივი ომი ჯერ არ დასრულებულიყოს.’’

ევროპა

ევროკავშირისთვის, რუსეთთან ურთიერთობა მტკივნეული თემაა, იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებაზე. მოსკოვი თვლის, რომ ევროკავშირი დაუფარავად ემორჩილება ამერიკას. ამდენად, რუსეთი ცდილობს ორმხრივი ურთიერთობები განავითაროს თითოეულ ქვეყანასთან და ცდილობს ამ საქმეში პოლიტიკა არ წარმოაჩინოს. რუსეთი ცდილობს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნას და კიდევ იმას, რომ ევროკავშირმა არ იმოქმედოს ისე, როგორც ნატოს პოლიტიკურმა ფრთამ.

                                                                ცივი ომი

აშშ ფლობს დაახლოებით 700 ბაზას, რომლებიც 130 ქვეყანაშია განლაგებული. მაგრამ უფსკრული, რომელიც ვაშინგტონსა და რუსეთს შორის არსებობს, ამერიკის – არა რაოდენობრივი, არამედ მატერიალური უპირატესობით არის გაპირობებული. ორივე ქვეყანამ არასწორად შეაფასა ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები. ბილ კლინტონმა როგორღაც თქვა, რომ ,,მთვრალი ელცინი – უმჯობესია, ვიდრე ალტერნატიული ფხიზელი რუსული უმრავლესობა“-ო. დაიწყო პერიოდი, როცა დასავლეთმა დაინახა, რომ მოსკოვი უმოქმედოდ ადევნებდა თვალს ნატოს მიახლოებას მის საზღვრებთან და გადაწყვიტა, რომ ცივი ომი დამთავრდა.

რაღაც მსგავსი მოხდა ვლადიმერ პუტინის შემთხვევაშიც. 2001 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა კვამლში გახვეული ნიუ-იორკი. 11სექტემბრის ტერაქტმა გავლენა მოახდინა მთელ რუსეთზე და მასში თანაგრძნობა გამოიწვია. სწორედ მაშინ დართო პუტინმა ნება აშშ-ს, გამოეყენებინა რუსული აეროდრომები უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, რომ ავღანეთში ტერორისტები  გაეანადგურებინა. იმავდროულად, გაიცა ძველი საბჭოთა ბაზების დახურვის ბრძანება –  კუბაზე და ვიეტნამში. აშშ-ს შემდეგი მოქმედება მოსკოვისთვის სრული მოულოდნელობა იყო: იმავე წელს, აშშ გავიდა ანტისარაკეტო სისტემების შეზღუდვის შეთანხმებიდან, ხოლო ახალი საუკუნის პირველ ათწლეულში, თეთრმა სახლმა მხარი დაუჭირა ფერად რევოლუციებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მაგალითად საქართველოსა და უკრაინაში.

შემდეგ იყო სხვა არაერთი ჩავარდნა, რომელმაც წარმოშვა ახალი შეჯახება. ჯორჯ ბუშს არაფერი მოუმოქმედებია, როცა პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, ხოლო ბარაქ ობამამ სირიაში – რუსეთს დაანება გადაეკვეთა მისივე დაწესებული ,,წითელი ხაზი.’’ 2014 წელს, ორივე მხარემ გამოიტანა რა გაკვეთილი წინა მოვლენებიდან, დაიწყო მასშტაბური ოპერაცია უკრაინაში. კიევში დაიბუდა პროამერიკულმა რეჟიმმა, სამაგიეროდ რუსეთმა მიიერთა ყირიმი, ხოლო უკრაინის აღმოსავლეთში ომი დაიწყო.

ამ მოქმედებათა გეოპოლიტიკური შედეგები, პუტინის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კიდევ დიდხანს იქნება საგრძნობი. თავად პუტინმა კი, რადჩენკოს აზრით: ,,თავისი დაუდევარი საქციელით ხელი შეუწყო იმას, რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებრიობიდან მოეკვეთათ.“

                                                   პოსტსაბჭოთა ტერიტორიები

მართალია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ რუსეთი თავს კვლავინდებურად პასუხისმგებლად მიიჩნევს იმ რუსებზე, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. იმავდროულად, როგორც დიპლომატი ჯორჯ კენანი გასულ საუკუნეში აღნიშნავდა, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რუსეთი ,,მუდმივად გრძნობს თავს საფრთხეში.’’ საზღვრების გასაკონტროლებლად მას მეზობელ ქვეყნებზე გავლენა სჭირდება.

ეკონომიკა და ჩინეთი

როცა პუტინი ცდილობს შეინარჩუნოს კავშირი საბჭოთა რესპუბლიკებთან, მას ბრალად სდებენ საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილს. თუ ის მხარს უჭერს ძველ პარტნიორებს, მაგალითად სირიისა და ირანის რეჟიმებს, ითვლება, რომ ასეთი კავშირში  ბნელი ზრახვები  დევს. კავშირი ჩინეთთან უფრო რთულია: პეკინს მართავს დიქტატურა, რაც ხელს აძლევს  რუსეთსაც და აშშ-საც, მაგრამ იმავდროულად ისინი  უფრთხიან მას.

ფერადმა რევოლუციებმა მეზობელ ქვეყნებში, ასევე სანქციებმა, აიძულა მოსკოვი მზერა ჩინეთისთვის მიეპყრო. მიუხედავად ამისა, აზიას ჯერ არ შეუძლია ევროპის ჩანაცვლება, რომელზეც მოდის რუსეთის ვაჭრობის 50% და ინვესტიციების 75%. მოსკოვი და პეკინი ურთიერთთანამშრომლობას განიხილავენ ამერიკის ჰეგემონიის საპირწონედ.

კლიმატი

ნახშირწყალბადების ნაცვლად ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება – არის ნამდვილი დარტყმა იმ ეკონომიკური კურსისთვის, რომელსაც რუსეთი ატარებს. მოსკოვში კლიმატის ცვლილების თეორიას ბევრი თვლის დასავლეთის გროტესკულ, ცრუ მეცნიერებად. თუკი ამის ვინმეს სჯერა, ისიც არქტიკას განიხილავს ტერიტორიად, სადაც შეიძლება გაიზარდოს სახნავ-სათესი ფართობები და გავიდეს სავაჭრო გზები. 2007 წლიდან (სწორედ მაშინ წარმოთქვა პუტინმა თავისი ცნობილი სიტყვა მიუნხენში), პრეზიდენტი ცდილობს დაუბრუნოს რუსეთს ძველი დიდება, ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებლობა და თვითკმარობა. ახლა კრემლი თვლის, რომ მას უსამართლოდ ექცევიან, მაგრამ უარყოფითი ყურადღებაც ხომ ყურადღებაა: ადრე მოსკოვს უბრალოდ უგულებელყოფდნენ, ასე რომ ახლა საქმე, არც ისე ცუდაა. მაგრამ რუსი ანალიტიკოსები ჩივიან იმის გამო, რომ რუსეთს ნებას აძლევენ იყოს მსოფლიო დერჟავა, მხოლოდ მაშინ, როცა მას რაიმე ბნელი აზრი ამოძრავებს. სინამდვილეში მოსკოვის პრიორიტეტები, არც ისე ამბიციური და შენიღბულია. ის იბრძვის მრავალპოლუსიანი სამყაროსთვის, სადაც ყველას ექნება უფლება ჰქონდეს ხელშეუხებელი გავლენის ზონები. ის იცავს სუვერენიტეტს, მაგრამ მიიჩნევს, რომ მისი სუვერენიტეტი, ნაწილობრივ სწვდება იმ ადგილებს, სადაც რუსები ცხოვრობენ, ანუ  მეზობელ ქვეყნებს.

By admin