Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

             რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევიდან, მცირე დრო გავიდა. მიუხედავად ამისა, სოსო ტყემალაძის ოპონენტები დღემდე ირწმუნებიან, რომ არსებულ მდგომარეობას არ შეეგუებიან.  ძნელი სათქმელია, რა გზით აპირებენ ისინი არსებული ვიარების შეცვლას, როცა საამისო  იურიდიული საფუძველი მკაფიოდ არ ჩანს. საფიქრებელია, რომ მსგავსი განცხადებები უფრო საევნო ვნებათაღელვის ინერციაა: მოვლენათა განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, ადრე თუ გვიან, უთუოდ ჩაცხრება.  ახლა მთავარია დისკუსიებმა ქართული რაგბის მომავალზე უფრო საგნობრივი ხასიათი შეიძინოს, მოხერხდეს უკვე მიღწეულის შენარჩუნება-განვითარება და ქართული რაგბის მომავალი პიროვნული სიმპათია-ანტიპათიის, ან კლანური ინტერესების ტყვეობაში არ დარჩეს. სწორედ ქარულ რაგბში შექმნილ ვიარებასა და მის პერსპექტივებზე სასაუბროდ გადავწყვიტეთ კავირის ახალ პრეზიდენტთან, იოსებ ტყემალაძესთან შეხვედრა

              

     ქართულ რაგბში შექმნილ ბოლოდროინდელ ვითარებას სახარბიელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თქვენი პეზიდენტად არევიდან ალბათ მცირე დროა გასული, რომ ამ სფეროში არსებული სიტუაცია სრულად შეგესწავლათ და აბოლოო დასკვნები გამოგეტანათ. და მაინც,  რა სახის ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებებია პირველ ეტაპზე გასატარებელი?

ჯერ უფლებამოსილების შესრულება არ დამიწყია, ველოდები საჯარო რეესტრში რეგისტრაციას (შენიშვნა: ინტერვიუს ჩაწერის დროს, ეს პროცედურა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული)  მინდა, რომ ამ საკითხშიც თანმიმდევრული ვიყო და ადამიანები მიხვდნენ: პროცედურების ზედმიწევნით დაცვა, უაღრესად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შექმნილ ვითარებას, წინასწარი ინფორმაცია მეტად მძიმეა. უმჯობესია ამთავითვე ითქვას, ასეთი მძიმე მემკვიდრეობა, არც ერთ პრეზიდენტს არ რგებია. კავშირის დავალიანება დაახლოებით 6 მლნ-ია, ცალკე კლუბებს აქვთ ფინანსური ვალდებულებები.  კავშირში ხელფასების ნაწილი გაუცემელია, ნაკრების წევრებს  კი პრემია არ მიუღიათ. ცნობისთვის, კავშირმა სახელმწიფოს მოსთხოვა 40 მილიონი ლარი. და  ჯერჯერობით დამტკიცებულია 17,5 მილიონი. იმისთვის, რომ ორგანიზაცია მეტ-ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი იყოს, საჭიროა სულ მცირე 26 მილიონი. მართვის სისტემა მთლიანად მოშლილია. ყოფილი პრეზიდენტი თითქმის ერთი წელი არ დადის  კავშირში. როგორც ხედავთ, საკმარისზე მეტი მიზეზია  დემოტივაციისთვის და ამ პირობებში ბიჭები მაინც იგებენ თამაშებს… ხალხი კი მაინც უკმაყოფილოა.

       მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა აპირებ თუ არა მოწინააღმდეგე მხარესთან რაიმე სახის თანამშრომლობას? თუნდაც იმიტომ, რო თქვენს ოპონენტებს შორის არიან ადამიანები, რომელთაც უდავოდ აქვ დამსახურება ქართული რაგბის წინაე. აქედან გამომდინარე, მათაც უნდა ჰქონდეთ რაციონალური წინადადებები…

ჩემი აზრით, ეს  არის გულწრფელი ხალხი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას  დავკავდეთ რაგბით და ამ სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაჭრის გზები ერთობლივად მოვიძიოთ. მე მაქსიმალურად ღია ვარ თანამშრომლობისთვის. ბევრ მათგანს შევხვდი, გავაცანი  ჩემი გეგმა და ნაწილი პოზიტიურად განეწყო. როცა უფლებამოსილების შესრულებას შევუდგები, ვფიქრობ ყველა დაინახავს, რომ  მოსული ვარ, როგორც ქართული რაგბის ნამდვილი გულშემატკივარი. მიმაჩნია, რომ დაუშვებელია კონკრეტულ პირზე ანგარიშსწორება მთავარ მიზნად დაისახო, დაუპირისპირდე ყველას და ყველაფერს. თუ არ ეთანხმები რაიმე გადაწყვეტილებას, საკუთარი პოზიციის დადასტურების ლეგალურ გზას, სამართლებრივ მექანიზმებს უნდა მიმართო და არა ობსტრუქციას. სხვა მხრივ, მე საზოგადოებას ვთავაზობ მართვის ისეთ სტრუქტურას, რომელიც საერთო სიკეთეზეა გათვლილი  და არა ერთი პირის სარგებელზე.

მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და როგორც ვიცი, ასეც მოიქცნენ. თუ სასამართლო იტყვის, რომ დეკემბრის არჩევნები იყო კანონიერი, მე მის გადაწყვეტილებას უყოყმანოდ დავემორჩილები და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ მათ თანამშრომლობისკენ, სიმშვიდისკენ. ქართული რაგბი ისედაც საკმარისად დაზიანდა. პრინციპში, უმეტესობასთან მაქვს კავშირი.  ზოგი ამზადებს თავის გეგმას, საკეთებელი იმდენია, რომ განხეთქილებისა და ირაციონალური ქმედებებისთვის სივრცე ნაკლები რჩება.

 

     ერთი შეხედვით, ქართულ რაგბს სტაგნაციის პერიოდი უდგას. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?. მხოლოდ თაობათა ცვლის პერიოდით ამ ვითარების ახსნა, ალბათ თავის მოტყუება იქნებოდა. თვალშისაცემია, რომ თანდათან ვთმობთ პოზიციებს იმ სათამაშო კომპონენტებში, რომლებშიც ტრადიციულად ძლიერად გამოვიყურებოდით, (შერკინება, მოლი…), ხოლო ტრადიციულად სუსტ რგოლებში (ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლები, აუტი, მაალ ბურთზე თამაში, რაიდან ბურთის სწრაფი გამოტანა, უკანა ხაზიდან შეტევის სწრაფი ორგანიზაცია…), მიუხედავად სიტუაციის შეცვლის მცდელობისა,  ხელშესახები შედეგები არ ჩანს…

სამწუხაროდ,  ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ შედეგს ნაკრების სახით. პრობლემათა გასაღები კი საძირკველში დევს. საბავშვო რაგბიდან მოყოლებული, ეროვნული ნაკრების ჩათვლით, უნდა განვიხილოთ, როგორც ერთიანი ჯაჭვი. ეს გულისხმობს, მომავალი თაობების კვალიფიციურად აღზრდას, მსაჯთა კორპუსის, სამედიცინო კონტიგენტის და ა. შ. – მომზადებას. ჩვენ კი ვაფასებთ საბოლოო პროდუქტს. გავიხსენოთ ის ფონი, რომელიც გასდევს ქართულ რაგბს ბოლო 5-6 წლის მანძილზე. ნაკრები მთლიანობაში პოზიტიურ შედეგს აღწევს. დაუკვირდით, რა ხდება პარალელურ რეჟიმში, ისმის ბრალდებები, პირადი შეურაცხყოფები, რაც ყველაზე სამწუხაროა ახალგაზრდებისგან ისმის უფროსი თაობის ლანძღვა-გინება, არადა, ისინი ხომ  ამ ხალხმა აღზარდა და აზიარა ამ თამაშს?! ნაკრების წევრები იმყოფებიან ძლიერ სტრესში და ისეთი ფსიქოლოგიური განწყობაა შექმნილი, რომ ნაკრებისგან მუდმივად არის  ნეგატივის და არა პოზიტივის მოლოდინი. ვის არ უნდა კიდევ უფრო მეტის მიღწევა? თაობათა ცვლა ყოველთვის მტკივნეული პროცესია. ხომ გახსოვთ, ამ მიზეზით როგორ ჩამოინგრა ჩვენზე გაცილებით დიდი ტრადიციების მქონე რუმინული რაგბი, რომელიც თავის დროზე ევროპულ გრანდებს ამარცხებდა და ის წელში დღემდე ვერ გაიმართა. მიუხედავად ამ პროცესისა, ნაკრებში გვყავს უნიკალური ახალგაზრდები, რომელთაგან ნაწილი ეროვნულ ნაკრებში უკვე ვიხილეთ. მთავარი ისაა, რომ ეს მატჩები მოვიგეთ. შესაძლოა ნაკრების თამაში არ იყო ისე სანახაობრივი, როგორც გვსურს – გაშლილი ხაზით და ხელდახელ ბურთაობით, მაგრამ ამას დრო სჭირდება. რაც შეეხება მწვრთნელებს, იგივე მილტონ ჰეიგი დადიოდა კლუბების თამაშებზე?  სამწუხაროდ, არა. ჩვენ არა გვაქვს სამწვრთნელო შტაბის მართვის გრძელვადიანი სტრატეგია. დღემდე ვერ განვსაზღვრეთ რომელ მოდელზე უნდა გაკეთდეს აქცენტი – სამხრეთ აფრიკული უნდა იყოს ის, ფრანგული თუ ბრიტანული… პრაქტიკულად ეს არის წვრთნის მეთოდებისა და ტაქტიკათა უწესრიგო ნაზავი, რომელიც არ არის სისტემურად ჩამოყალიბებული და რაღაც არეული დავდივართ. გასაკვირია,  ამასაც როგორ ვახერხებთ, იმ პერიოდში, როცა რაგბის კავშირს წელიწადია არ ჰყავს ხელმძღვანელი, კომუნიკაციები სრულად არის დაზიანებული. ამ დროს კი გაათავისუფლეს მაღალი მიღწევების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ბაჩო ხურციძე.

 

         დილეტანტის თვალითაც ჩანს,  რომ  სწორი უნარების განვითარება და ტექნიკურ-ტაქტიკური ცოდნის გაღრმავება, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უნდა ხდებოდეს და  არა სანაკრებო დონეზე, როცა  ეს ნაკლოვანებები ისე არის „აკირული“ მოთამაშეებში, რომ მათი აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ 18-20 წლამდელთა ნაკრებებიც. ისინი თითქოსდა ახერხებენ სარაგბო გრანდების ასაკობრივ ნაკრებებთან ღირსეულ პაექრობას. შემდეგ კი ხდება ისე, რომ მათი ევროპელი თანატოლები წინ მიიწევენ და საკვანძო მოთამაშეებად  ყალიბდებიან.  ქართველ ახალგაზრდებში კი ამგვარი პროგრესი არ შეიმჩნევა…

 

ლოგიკურია რასაც ამბობთ. იგივე 18 წლამდელები წარმატებას აღწევენ, ამარცხებენ 6 ერის ქვეყნების თანატოლებს და მერე იკარგებიან. ერთეულები ხვდებიან ევროპულ გუნდებში. ერთი წუთით დავუბრუნდეთ პირველ ლიგას, სადაც წლიური ბიუჯეტი 70 000 ლარია(!) ბავშვი იზრდება, აღწევს 16-17 წელს და იმის ფულიც კი არა აქვს ვარჯიშის შემდეგ კაფეში რომ შევიდეს. ასე ვკარგავთ ნიჭიერ მოზარდებს. ცალკე საკითხია არჩევანის სიმწირე – განვითარებულ ქვეყნებში მორაგბეების რაოდენობა 100 ათასობით განისაზღვრება. იგივე მაისაშვილს კი, არა აქვს არჩევანი, თუნდაც 300 კაციდან აირჩიოს  კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტული კვალიფიკაციის მოთამაშე… მიუხედავად ამისა, ვუგებთ ესპანეთს, მაგრამ ვამბობთ, რომ ასეთი გამარჯვება დამარცხების ტოლფასია. ამით ვახდენთ ჩვენი მორაგბეების დემორალიზაციას. ამ ნაკრებს მეტი შედეგები 2-3 წელიწადში მოვთხოვოთ.  ჯერ დავაკმაყოფილოთ მათი საჭიროებები და შემდეგ გავზარდოთ ჩვენი მოთხოვნები. კაცი არ იყო, ვინც მათი პრობლემების გადაჭრაზე ფიქრობდა. ჰკითხეთ თითოეულ ახალგაზრდას –  რა ოდენობის თანხა აქვს მისაღები და რატომ  ვერ აძლევენ – აღარაფერს ვამბობ სხვა ფაქტორებზე. შეადარეთ მათი მდგომარეობა იგივე რუსი მოთამაშეებისას. მათ კლუბებში ჩამოჰყავთ უცხოელი მოთამაშეები და მწვრთნელები. მხოლოდ 2-3 კლუბის ბიუჯეტი აღემატება მთელი ქართული რაგბის დაფინანსებას. ასე რომ, ჩვენი მოთხოვნები აცდენილია რეალობას. გვინდა, რომ მათ ყოველ ჯერზე – 60 : 0 – მოვუგოთ. რუსეთთან გასამართ თამაშამდე იქმნება განწყობა, რომ წავაგებთ. მოთამაშეები არიან მუდმივად თავის მართლების რეჟიმში, ისინი კი იბრძვიან, აკეთებენ მაქსიმუმს.

     დღეს, როცა ექვსი ერის  მენეჯმენტმა კომერციული  ხერშეკრულებები ახალ სუბიექტებთან დადო,  ფორმატის განახლებამ  რამდენიმე წლით გადაიწია. ასეთ ვითარებაში ფრანჩიზაზე საუბრებ კიდევ უფრო გააქტიურდება.  იქნებ რიგითი გულშემატკივრისთვის გასაგებ ენაზე აგვიხსნათ, რა ნაბიჯები  გადაიდგმება ამ მიმართულებით... 

.ფაქტია რომ ნაკრებს სჭირდება მაღალი დონის გუნდებთან თამაში და რაც მეტი, მით უკეთესი. სწორედ ასეთი დონის თამაშებით ვიზრდებით. მაგალითად, 8 ერის გათამაშებამ ბევრად წინ წაგვწია. ფრანჩიზა გარდაუვალია, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება სამხრეთ-აფრიკის ვარიანტი. ქართული გუნდი უნდა გამოვიდეს ამ ქვეყნის ლიგაში. ამ გუნდში მოხვდებიან ის მოთამაშეები, რომლებიც სანაკრებო დონეზე გვჭირდება. ამ ნაბიჯს, რაგბი ევროპასა და ტესტ-მატჩებთან ერთობლიობაში, უთუოდ მოჰყვება ქართული რაგბის  განვითარება. ყოველივე ამას სჭირდება, რომ ჯერ შიგნით დავალაგოთ სიტუაცია. ეროვნული ჩემპიონატი ჩამოშლილია, ნახეთ, როდის ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა. სანაკრებოს გარდა, სხვა თამაში არ გვქონია. ამასთან, შიდა ჩემპიონატში კონკურენცია დაბალია. იგივე რუსეთი, ესპანეთი პანდემიის დროსაც თამაშობდნენ და ფორმის პიკში არიან. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს.

      იგეგმება თუ არა ნაკრების სათავეში უცხოელი სპეციალისტების მოწვევა?

უნდა შეიქმნას გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელშიც საბავშვო რაგბიდან დაწყებული, ნაკრებით დამთავრებული, ყველა პროცედურა იქნება გაწერილი. მიზანიც უნდა იყოს მაქსიმალური – ვიაროთ მსოფლიო ჩემპიონობისკენ. როცა ეს ვთქვი ატყდა ერთი აყალ-მაყალი, ეს რა თქვა და როგორ თქვაო. ჯერ უნდა ვიცოდეთ რომელ მწვერვალზე ავდივართ და საამისოდ რა აღჭურვილობა გვჭირდება. ჩემი შეთავაზებაა შეიქმნას სამწვრთნელო შტაბი, რომელიც შეაფასებს ქართველი მწვრთნელების კომპეტენციას სათანადო კრიტერიუმებით და ერთობლივად მიიღებს გადაწყვეტილებას.  ეს შტაბი მიიტანს საკუთარ გადაწყვეტილებას პრეზიდენტთან, პრეზიდენტი  გააცნობს მას გამგეობას და ამის შემდეგ გადაწყდება რა გზას ვირჩევთ. ამგვარად, მოხდება აქტუალური საკითხის განხილვა და გადაწყვეტილება გაივლის რამდენიმე ფილტრს. ეს საჭიროა იმიტომ, რომ არ გადავიჩეხოთ ხევში და კიდევ უფრო არ დავამძიმოთ მდგომარეობა.

დრო დაიკარგა და სავარაუდოდ დაჩქარებულ რეჟიმში მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება. როგორ თვლით, თქვენი ამ პოსტზე ყოფნის მიწურულს, რა ჩაითვლება მისაღებ შედეგად? 

ჩემი აზრით, მთავარია აღარ განმეორდეს ის, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხდებოდა. კავშირი უნდა იყოს გამჭვირვალე, სტრუქტურულად გამართული სისტემა, რომ ყველა რგოლმა დაიწყოს მუშაობა, მათ შორის იმაზე,  რა შედეგს უნდა ველოდოთ 4 წლის შემდეგ. ზუსტად უნდა განისაზღვროს რა თანხები გვჭირდება და რა გვექნება.  მიზანი  ათეულში მოხვედრაა, ამისთვის კი    თავდადებული შრომა გვმართებს.

 

მოამზადა

მიხეილ გოგოლაშვილმა

 

 

 

 

 

 

 

 

By admin