Express დიდი ბრიტანეთი
რა თქმა უნდა, ეს კვაზი დიქტატორი – მაგარი ბიჭია (დიქტატორები, ყველა მაგარი ბიჭია – ასე არ არის?), მაგრამ უმგრესიც შეიძლება ჩამოაგდო – ეს, საოცრად სწრაფად ხდება. უეცარი, ზოგჯერ ძალადობრივი დამხობის შესაძლებლობა, მუდმივად ჰკიდია კულისებს მიღმა, როცა დესპოტი სცენაზე უსასრულოდ დგას
სადღაც წავიკითხე, რომ პუტინი ფარულად ჯგუფ ,,ABBA’’-ს თაყვანისმცემელია. ასეთ შემთხვევაში, მისთვის ცნობილი უნდა იყოს ,,ABBA’’-ს უკვდავი ჰიტის ერთი ფრაზა: ისტორია ყოველთვის მეორდება. ისტორია კი გვასწავლის, რომ დემოკრატი ლიდერების უმრავლესობა, სახლში მშვიდად აღესრულება. აი, ტირანთა კარიერის დასრულება უფრო ბობოქარია. ახლა რუსეთის თერთმეტ საათობრივ სარტყელში, აღმოსავლეთიდან ვიდრე დასავლეთამდე, ძალას იკრებს ამბოხი, იმ ფონზე, როცა პროტესტის მონაწილეებს ემუქრებათ გვემა პოლიციელების მხრიდან და ციხეში მოხვედრა, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოდიან დაკავებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. ყოფილ საბჭოთა კავშირს, არ უნახავს მსგავსი რამ იმ დროიდან, რაც 21 წლის წინ, ხელისუფლებაში მოვიდა ყოფილი ჩეკისტი – ,,რკინის კაცი’’ პუტინი და უცნობია, ყოველივე ეს როგორ დასრულდება.
კარლის სიხარბემ, ღვარძლიანობამ და მედიდურობამ, საბოლოოდ ლოგიკური დასასრული ჰპოვა. დილეგში გამომწყვდეული დიდებულები, რომლებმაც მას ფული არ მისცეს. პარლამენტის დაუკითხავი ქმედებები… მისი მოკვეთილი თავი და ტანი დაკრძალულია უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის კოშკურაში.
რამდენიმე ათეული წელი, ეგზოტიკურ სამოსში და შავ სათვალეებში გამოწყობილი პოლკოვნიკი კადაფი, ლიბიის შეუცვლელ და ძლევამოსილ მეთაურად გვევლინებოდა. მისი ავტორიტეტი თვალის დახამხამებაში გაქრა. შეგიძლიათ ნახოთ Youtube – ში, როგორი იყო მისი სიცოცხლის ბოლო წუთები, როგორ გამოათრია ის ბრბომ სადრენაჟო მილიდან და ცემით ამოხადა სული.
სადამ ჰუსეინი ხელმიუწვდომელი ჩანდა თავის ერაყულ ციტადელში, საიდანაც შეურაცხმყოფელ გამოხდომებს სჩადიოდა დასავლეთის წინააღმდეგ, აბუჩად იგდებდა მეზობლებს და იჭრებოდა მათ ტერიტორიებზე. სადამის სიცოცხლის ბოლო წუთები, როცა მას ახრჩობენ ბანდიტური იერის მოკლექურთუკიანი კაცები, ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში.
მე სულაც არ მინდა მივანიშნო, რომ პუტინსაც ამგვარი აღსასრული ელის. მაგრამ მისი დარი დაუნდობელი ავტოკრატების ძალაუფლება, იმაზე ბევრად სუსტია, ვიდრე მათი ზეობის, ხოტბისა და დიდების ხანაში ჩანს. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიები – არასტაბილურნი და მოწყვლადნი არიან. (დააკვირდით იმ მოვლენებს, რომელიც ერთი თვის წინ ვაშინგტონში ვითარდებოდა და რომელიც ლამის ამბოხებით დამთავრდა), მაგრამ მათ ის მაინც შეუძლიათ, რომ ვითარებას ალღო აუღონ. ავტოკრატიებს, უკომპრომისობა ახასიათებთ, არა აქვთ მოქნილობა და ადრე თუ გვიან, იშლებიან შიდა დაძაბულობის ზემოქმედებით.
დღეს, პუტინი სარგებლობს მისი მძლავრი ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერით. მაგრამ ეს მხარდაჭერა მყისიერად გაქრება, თუკი ამ ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ფსონი არასწორად დადეს.
მე, საკმარისად ხნიერი ვარ, რომ მახსოვდეს, როგორი მყარი და გამძლე ჩანდა საბჭოთა კავშირი და მისი თაოსნობით შექმნილი აღმოსავლეთი ბლოკი. მთელი ეს კონსტრუქცია დაიშალა იმაზე სწრაფად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. პუტინს ჰქონდა რეალური ძალაუფლების წლები, მაგრამ მისი მმართველობა შეიძლება დაიშალოს, ისევე სწრაფად, როგორც ბერლინის კედელი.
ისტორია გვასწავლის, რომ დიდი ალბათობით, ასეც მოხდება.