GURIA, GEORGIA - APRIL 28, 2019: Participants in an annual Easter match of Lelo, a Georgian traditional game, in the village of Shukhuti. Lelo, or lelo burti, is similar to rugby; the goal is to win the 16kg leather ball stuffed with woodchip and carry it over to the opposite side of the field. David Mdzinarishvili/TASS (Photo by David MdzinarishviliTASS via Getty Images)
Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ამთავითვე უნდა ითქვას,  რომ  ის რაც დღეს ქართული რაგბის სამყაროში ხდება, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც რიგითი მოვლენა.  ეს პროცესი ვერ თავსდება ვერც სპორტული პრობლემატიკის ჩარჩოებში და საერთოეროვნულ მნიშვნელობას იძენს.  ვერც საზოგადოება და ვერც მედია ამ საკითხის აქტუალობას სრულად ვერ აცნობიერებს, შესაძლოა, მიმდინარე  პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზით. არადა, ფაქტია, რომ  დამოუკიდებლობის მოპოვებიდან  დღემდე, საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში განცდილი მრავალი წარუმატებლობისა და მარცხის ფონზე, ქართული რაგბი იყო  თავდადების, წინსვლისა და იმედის ნიშანსვეტი, მკაფიო მაგალითი იმისა, რა შეგვიძლია  ქართველებს, როცა –  ყველას ერთად  გვინდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაგბი ჩვენს ქვეყანაში არის ერთადერთი გუნდური სახეობა, რომელშიც მივაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებას  და ეს მოხერხდა  (განსხვავებით იგივე კალათბურთისა და წყალბურთისგან) რამდენადმე მნიშვნელოვანი საგარეო დახმარებისა და უცხოელ მოთამაშეთა ნატურალიზების გარეშე.  ჯერ კიდევ  ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებულ მასშტაბურ  ინვესტიციებამდე, ეს ხდებოდა ყოველგვარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარეშე , მხოლოდ და მხოლოდ, ენთუზიაზმისა და თავგანწირვის ხარჯზე. მსგავსი პრეცედენტი  ამ სამყაროში თითქმის არ მოიძებნება, თუ არ ჩავთვლით არგენტინულ რაგბის

ახლა კი, როცა მნიშვნელოვნად მივუახლოვდით სარაგბო ელიტას და  შემდგომ  წინსვლამდე ერთი ნაბიჯი გვრჩება, ირკვევა, რომ ამ სამეფოშიც, რაღაც დალპა. მხოლოდ ასეთ დასკვნას გამოიტან რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული გნიასის, ურთიერთდაპირისპირების შემხედვარე, სადაც კონფლიქტის მონაწილეები ერთმანეთს ამხელენ ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში: იქნება ეს არაკომპეტენტურობა, კორუფცია თუ ძალადობა. მოკლედ, ვიდრე გამოსავალს ვიპოვით, ჯერ უნდა დაისვას დიაგნოზი იმ სნეულებისა, რაც ქართულ რაგბის შეეყარა. მანამდე კი მოგვიწევს იმის აღიარება, რომ რაგბი აღარ არის „ერთი ოჯახი“.

ვფიქრობთ, გულშემატკივართა   მრავალათასიანი არმია, რომელიც არასდროს მონაწილეობდა ფინანსური მაქინაციებში, შიდა ინტრიგებში და რომელსაც ერთადერთი სურვილი ამოძრავებს – ქართული რაგბის წარმატება – ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ  კონფლიქტის ყველა მონაწილემ, უპირველესად, მას გაუწიოს ანგარიში.

ქართულ რაგბიში  კრიზისი, დღეს არ დაწყებულა.  საქართველოს ნაკრებში რეგრესის ნიშნები, ჯერ კიდევ 2018 წელს, წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაზე გამოჩნდა და თვალშისაცემი გახდა 2019 წლის ტესტ-მატჩით ტოკიოში, როცა 90-იან წლებში განცდილი მარცხის შემდეგ, პირველად, ქართველებმა ქულაც კი ვერ გაახერხეს მეტოქესთან, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ტოლსწორად ეპაექრებოდნენ. სწორედ მაშინ, გაისმა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის კრიტიკა , რაც გაძლიერდა ბოლო მსოფლიო თასზე უფერული გამოსვლის შემდეგ.  ჩვენმა უშუალო კონკურენტებმა კი ამ ასპარეზობაზე   შესაშური თამაში ანახეს, ხოლო იაპონიამ სულაც ფურორი მოახდინა.  მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, გუნდებმა, რომელთათვის უხერხულ მეტოქეებად მივიჩნეოდით, მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ, ჩვენ მათ არა მარტო ჩამოვრჩით, არამედ დავკარგეთ ტრადიციული ფსიქო-ფიზიკური უპირატესობები ( შერკინება, მოლი, საბრძოლო სულისკვეთება…) ხოლო ჩვეული სუსტი  ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები ( მიუხედავად ამის შესახებ გაუთავებელი საუბრისა და მუდმივი მცდელობისა), ვერ გავაუმჯობესეთ. მეტიც, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი უკანა ხაზი დღეს,  ტექნიკურ-ტაქტიკური განსწავლულობით და სათამაშო ტემპით, ჩამოუვარდება კლასით ქვემოთ მყოფ იგივე ესპანეთისას თუ პორტუგალიისას, ხოლო შერკინება არაფრით აღემატება, ვთქვათ, რუსეთისას. ეს ბოლო უსახურ გამოსვლაშიც გამოჩნდა. ამდენად, ფაქტია რომ ვერც დროებითი და ვერ მისი წინამორბედი  მენეჯმენტი ვერ აკმაყოფილებდა მის წინაშე მდგარ მოთხოვნებს და ამ რგოლში ძირეული ცვლილებებია გასატარებელი. ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს რაგბის განვითარების კონცეფცია,  რაც გულისხმობს წამყვანი სარაგბო ქვეყნების გამოცდილების გადმოღებას-ადაპტაციას და დასახოს კონკრეტულ ნაბიჯები მიზნის მისაღწევად. ბუნებრივია, პრიორიტეტული უნდა იყოს ბავშვთა აღზრდის და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და რაც ამ ეტაპზევე გადაჭრის ტექნიკურ და ორგანიზაციულ პრობლემებს, რომლის აღმოფხვრასაც სანაკრებო დონეზე ვცდილობთ და გვიკვირს, რატომ არ ვიღებთ საურველ შედეგს.

რა სიტუაცია გვაქვს დღეს? როგორც ცნობილია,  უკვე დიდი ხანია კავშირის  სათავეში მოსასვლელად ბრძოლა ყოფილ პრეზიდენტ  გოჩა სვანიძის, კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორის ბაჩო ხურციძის, ნაკრების ყოფილი კაპიტნის ირაკლი აბუსერიძის დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს. კულუარეში საუბრობენ, რომ ბაჩო ხურციძე,  რაგბის ყოფილი პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის  პროტეჟეა, ახალგაზრდა ვეტერანების თაობა კი აბუსერიძეს ქომაგობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებამ მოისმინა ურთიერთბრალდებისა და ლანძღვა-გინების კორიანტელი, ყოველივე ამის ერთადერთი ხილული შედეგი კი აღმოჩნდა ის, რომ მოხდა კონფლიქტის უკლებლივ ყველა მონაწილის დისკრედიტაცია (  ხომ არ მოგაგონებთ ეს პროცესი დღევანდელ პოლიტიკურ სიატუაციას?)  იყო ფუჭი მოლოდინი, რომ გასულ დეკემბერში გამართულ თავყრილობაზე ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ქართული რაგბისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი ნელ-ნელა აღმოიფხვრებოდა, მაგრამ საჯარო რეესტრმა ყრილობის დადგენილებაში იურიდიული ხარვეზები აღმოაჩინა და გადაწყვეტილება არ ცნო,  შემდეგი მოტივით: ყრილობა 2020 წელს გამართული კრებიდან 30 დღეში უნდა შემდგარიყო, ამის ნაცვლად ის – 10 თვის დაგვიანებით გაიმართა.  ანუ კარსმომდგარ საერთაშორისო ტურნირებს საქრთველოს ნაკრები ყელამდე  ქაოსში ჩაფლული ხვდება. ფაქტი ერთია, დაპირისპირებული მხარეების მიერ, ვერ გამოიძებნა კომპრომისული გადაწყვეტილება, როცა არც ერთი მხარე არა იქნებოდა ბოლომდე მოგებული ან ბოლომდე წაგებული. ანუ ყველას შეეძლებოდა თავისი წვლილი შეეტანა ქართული რაგბის შემდგომ წინსვლაში. ამის ნაცვლად ,  აღმოჩნდა ისე, რომ დაპირისპირებული მხარეებმა ქართული  რაგბის მომავალი, პირადი ინტერესების სამსხვერპლოზე მიიტანეს. დასკვნები მკითხველისთვის მიგვინდვია!

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამ ბრძოლიდან გვერდზე გამდგარი მოქმედი სპორტსმენების, ვეტერანებისა და ქომაგების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, მისაღები  აღმოჩნდა პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის, სოსო ტყემალაძის გამოჩენა, რომელიც არ ფიგურირებდა ძალაუფლებისათვის ბრძოლაში და რომელსაც წლების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ქართულ რაგბთან.  მისი პოზიცია უფრო წონადი გახდა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან საკუთარი კანდიდატურის წარდგენამდე, ეს პოსტი ამ სამყაროს  ისეთ შეუვალ ავტორიტეტს შესთავაზა, როგორიც არის მამუკა გორგოძე. როგორც ირკვევა,  ბოლო პერიოდის საუკეთესო მორაგბემ, ამ წინადადებაზე უარი განაცხადა და განაცხადა, რომ საამისოდ ჯერ მზად არ იყო. ზოგმა მისი ეს გადაწყვეტილება რაინდულ ნაბიჯად და თანაგუნდელებთან დაპირისპირებაზე უარის თქმად შეაფასა, ზოგმა ვითარების საღად შეფასების უნარად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ლანძღვა-გინების მთელი ნიაღვარი, ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებული პირების მხრიდან, ამჯერად კონსოლიდირებულად მიემართა  სოსო ტყემალაძისკენ.  მორიგ ყრილობაზე, ირაკლი  აბუსერიძის მომხრეების აქტიური პროტესტისა და წინააღმდგობის შედეგად, კვორუმი ისევ ვერ შედგა  და პრეზიდენტი პირველ ტურში  ვერ  აირჩიეს. რა მოხდება უახლოესი ათი დღის განმავლობაში, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ რბოლის სხვადასხვა მონაწილეების გამოსვლებითა და კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ (კონცეპტუალური დოკუმენტი, სამწუხაროდ არცერთ კანდიდატს არ წარმოუდგენია –  ესეც ჩვენში არსებული საერთო ვითარების გამოძახილია). ყოველ შემთხვევაში,  სოსო ტყემალაძის მონახაზი სხვებზე უფრო სარწმუნო და რეალისტური მოჩანს. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ მას არ ჰქონია წარმატებული სპორტული კარიერა –  აქ უნებურად  გახსენდება ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსის მახვილგონივრული პასუხი ერთი მწერლის გესლიან შენიშვნაზე: მართალია, კვერცხს მე არ ვდებ, მაგრამ კვერცხის გემო ქათამზე უკეთ ვიციო.

By admin