Обозреватель უკრაინა
გალინა ოსტაპოვეცი
რუსეთს არ გაუკეთებია კომენტარი უკრაინის ინიციატივაზე, თუმცა რეაქცია გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ ყირიმში წყლის უკმარისობის გამო, ეკოლოგიური კატასტროფა მომწიფდა: ყირიმის თვითგამოცხადებული პროკურორის, ნატალია პოკლონსკაიას პირით მიანიშნებენ, რომ მოსკოვი შეიძლება დიალოგს შეუერთდეს
ყირიმის პლატფორმა – ეს არის:
– ახალი საერთაშორისო ინიციატივა მოლაპარაკების დასაწყებად, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ.
– ფორმატის მიზანია, ნახევარკუნძულზე მიმდინარე ოკუპაციაზე, საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაზრდა – პლატფორმა ამოქმედდება რამდენიმე დონეზე: სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა სამინისტროები, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა და საექსპერტო ქსელის ფორმატი.
– პლატფორმის კონცეფცია 23 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაეროში წარადგინა. იმავდროულად, მან მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს შეერთებოდნენ ამ ინიციატივას, რათა ყირიმის დაბრუნებისკენ მიმართული ძალისხმევა გაერთიანდეს.
– 6 ოქტომბერს – უკრაინა – ევროკავშირის სამიტის დროს – ევროკავშირმა დაადასტურა მზადყოფნა მიერთებოდა ,,ყირიმის პლატფორმას.’’ ახლა, ამ საკითხის შეთანხმება მიმდინარეობს ევროკავშირის ნაციონალური მთავრობების დონეზე.
– პირველი სამიტი დაგეგმილია 2021 წლის მაისისთვის.
როგორ დაიპყრო პუტინმა ყირიმი, თუმცა ეშინოდა ამის აღიარება
რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ოკუპირება მოახდინა 2014 წლის მარტში და ჩაატარა ყალბი რეფერენდუმი, მისი ე.წ. ,,ფედერაციასთან მიერთების შესახებ.’’ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ნახევარკუნძულზე შეიარაღებული რუსი სამხედროები, მწვანე კომუფლაჟებში, ყოველგვარი შევრონის გარეშე იმყოფებოდნენ – მათ ,,მწვანე ადამიანები’’ შეარქვეს.
თავიდან, ვლადიმერ პუტინი კატეგორიულად უარყოფდა მებრძოლების რუსეთთან კავშირს. ერთი თვის შემდეგ კი, აპრილში, პირდაპირ სატელეფონო ხაზზე ყოფნისას მან აღიარა: მარტში ყირიმის ტერიტორიაზე მართლაც იყვნენ რუსეთის არმიის მეომრები.
მთელი 6 წლის განმავლობაში, რუსეთი კატეგორიულ უარს ამბობდა ყირიმის საკითხი საერთაშორისო სარბიელსა და კონფერენციებზე განხილულიყო, აქაოდა, ის დახურულია და საერთოდ არც არსებობსო.
კრემლმა ენა მაშინ ამოიდგა, როცა უწყლოობამ შეაწუხა
ყირიმის თვითმარქვია ყოფილი პროკურორის, ახლა კი ,,ედინაია როსიას“, გოსდუმის დეპუტატის, ნატალია პოკლონსკაიას პირით, კრემლი გაეროში ჩივის ,,უწყლოობის გენოციდის’’ გამო. ახლა ის პოსტებს სწერს ამერიკელ ბიზნესმენ ილონ მასკის. თურმე, ვიდრე ის ექსპედიციას გაგზავნის მარსზე, ჯერ ყირიმს უნდა ეწვიოს, რომელიც მტკნარი წყლის ნაკლებობის მიზეზით, უკვე ჰგავს მეზობელ პლანეტას.
ახლა პოკლონსკაიამ ამის მოყოლა ყირიმის პლატფორმაზე გადაწყვიტა
ძნელია შეაფასო პოკლონსკაიას განცხადებები, რადგან ის არ წარმოადგენს, რომელიმე ოფიციალურ დონეს, განუმარტა Обозреватель-ს პარტიის, ,,სლუგა ნაროდას“ დეპუტატმა, ნელი იაკოვლევამ. ადამიანის უფლებათა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ ასეთი ეპატაჟური განცხადება რუსეთის მხრიდან სულ უფრო იმატებს:
,,რა სტატუსით უნდა მოვიწვიოთ პოკლონსკაია? როგორც მინიმუმ, ჯერ უნდა გაკეთდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება. თავად პოკლონსკაია პოლიტიკური მანიპულაციებით არის დაკავებული. რაც უფრო მოახლოვდება ყირიმის სამიტი, მით მეტად ეცდება რუსეთი, სამიტის ეპატაჟური განცხადებებით შერყევას. ყირიმის საკითხზე მოსკოვი მუდმივად გამოიყენებს სხვადასხვა მანიპულაციებს, მაგრამ უკრაინამ უნდა გაატაროს საკუთარი გენერალური ხაზი და დაიკავოს ცალსახა, მკაცრი პოზიცია.’’
დეპუტატის თქმით, ყირიმის პლატფორმა ეს არის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, რადგან ეს არის სფერო, რომელიც ეხება საერთაშორისო პოლიტიკას. იდეა მოიცავს ორ სტრატეგიას: ერთი უკვე საჯაროა, მეორე ჯერჯერობით დახურულია, რადგან მუშავდება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროებში, ასევე უშიშროების საბჭოში.
ღირს, თუ არა რუსეთის ყირიმის სამიტზე მიწვევა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანაშემწე ემინე ჯაფაროვა თვლის, რომ ღირს, რადგან სწორედ რუსეთი აგებს პასუხს ყირიმის ოკუპაციასა და მის შედეგებზე. ამასთან, ის აღიარებს: მოსკოვი, შეიძლება არ დათანხმდეს ამ ფორმატით მონაწილეობას.
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სერგეი კუნიცინი Овозреватель TV- სთან ინტერვიუში ირწმუნებოდა: ,,რუსეთი უარს იტყვის ყირიმის პლატფორმაზე, ვინაიდან ის თვლის, რომ ,,ყირიმი ჩვენია’’ (КрЫмнаш – კრემლის პოპულარული რეფრენი – მთარგ. შენიშვნა). ეს საკითხი მათთვის დახურულია. დონბასის დაბრუნება მოსკოვს, მისი პირობებით სურს, ყირიმზე კი საერთოდ არ ლაპარაკობს. თუმცა, უკრაინამ რუსეთი ,,ფრჩხილებს გარეთ გაიტანა’’ და შექმნა ყირიმის პლატფორმა მოსკოვის გარეშე. ეს სწორი ნაბიჯია. საერთაშორისო სარბიელზე, ჩვენ გავაგრძელებთ იმის დადასტურებას, რომ ყირიმი უკრაინაა და ჩვენ მას დავიბრუნებთ რუსეთის მონაწილეობის გარეშე.’’
როდის და როგორ დაბრუნდება ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში
მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინი აღარ იქნება რუსეთის პრეზიდენტი – ამ თეზისს ერთხმად იმეორებს, აგერ უკვე ექვსი წელია, ყველა ავტორიტეტული ექსპერტი და პოლიტიკოსი. ვინაიდან, სანამ ის ხელისუფლებაში რჩება – რუსეთი არ დათანხმდება ყირიმის დაბრუნებას რაიმე პირობით. აი, როცა პუტინი წავა და პრეზიდენტის პოსტს სხვა დაიკავებს, კრემლის ახალ ხელისუფალს მოუწევს დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება და ის იძულებული იქნება ბევრი რამ, მათ შორის ყირიმი, დათმოს.
ეს იქნება რთული და ხანგრძლივი პროცესი, თუმცა როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, არცთუ შეუძლებელი.