EL PAIS ესპანეთი
მარია საუკილიო
მოლდოვას ახლადარჩეული პრეზიდენტ მაია სანდუს სურს, რომ რუსმა სამხედროებმა დატოვონ სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონი. პროევროპულად განწყობილმა სანდუმ, 15 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, აჯობა პრორუსულ კანდიდატ იგორ დოდონს. გასულ ორშაბათს, მან მოითხოვა რუსი სამხედროების გასვლა დესტრისპირეთიდან და მათი შეცვლა ეუთოს დამკვირვებლებით
1990 წელს დნესტრისპირეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა (მათ შორის რუსეთი) მას მოლდოვას ტერიტორიად მიიჩნევს. სხვადასხვა მონაცემებით, რეგიონში 500-მდე რუსი სამხედრო იმყოფება, რომლებიც ქმნიან მშვიდობისმყოფელთა კორპუსს, 1000 ჯარისკაცი კი საბრძოლო მასალების ძველ საწყობებს იცავს.
კრემლს ეს იდეა არ მოეწონა – იქ განაცხადეს, რომ „დნესტრისპირეთში არსებული სტატუს-კვოს შეცვლას, შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული დესტაბილიზაცია.“
„მოლდოვას ტერიტორიაზე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, იმყოფება რუსეთის ოპერატიული დაჯგუფება. არ არსებობს არავითარი ხელშეკრულება მათი იქ ყოფნის შესახებ,ასევე, მოლდოვას თანხმობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაჯგუფების ყოფნის თაობაზე. ეს შენაერთი უნდა გავიდეს, ისე როგორც უნდა გაიტანონ შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომლებსაც ისინი იცავენ“ – თქვა სანდუმ პრეზიდენტად არჩევიდან კიშინიოვში გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე.
მოლდოვას ლიდერი მოითხოვს მშვიდობისმყოფელთა კორპუსის დაშლას, რომელიც დნესტრისპირეთში 1992 წლის შეთანხმებით არის განლაგებული .გასულ ზაფხულს რუს და უკრაინელ სამხედროებს დაემატნენ რეგიონის ჯარისკაცებიც. არჩეული პრეზიდენტი გამოთქვამს წინადადებას, მათი საერთაშორისო სამოქალაქო მისიით ჩანაცვლების შესახებ, რომელსაც ეუთო უხელმძღვანელებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს სხვა მოსაზრება აქვს. ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს და განვიხილავთ ამ საკითხს. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანას წარმოვადგენთ და არ გვსურს ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარი“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის ყოფილმა ეკონომისტმა სანდუმ. გასულ წელს, მას მოლდოვას, ევროპის უღარიბესი ქვეყნის, პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
დნესტრისპირეთი, ინდუსტრიული რეგიონი, რომელიც მდებარეობს უკრაინასა და დნესტრის მარცხენა ნაპირს შორის, წარმოადგენს კონფლიქტურ ზონას, რომლის წარმოშობა საბჭოთა კავშირის რღვევას უკავშირდება. პერესტროიკის პერიოდში სლავურმა უმრავლესობამ (უკრაინელები და რუსები) გამოხატა თავისი პროსაბჭოური განწყობილება, ხოლო მოლდოვას ელიტა გამოდიოდა პრორუმინული კურსის მხარდაჭერით (მეზობელ რუმინეთთან არსებული ლინგვისტური და კულტურული კავშირების გამო). 1992 წელს, იქ გაჩაღდა გაჩაღდა ხანმოკლე შეიარაღებული კონფლიქტი, როცა მოლდოვა შეეცადა ამ ტერიტორიაზე კონტროლი აღედგინა, მაგრამ მას ამაში ხელი რუსულმა არმიამ შეუშალა. იმ დროიდან დნესტრისპირეთი – რეგიონის ერთ-ერთი გაყინული კონფლიქტია. 2006 წელს აქ გაიმართა რეფერენდუმი დნესტრისპირეთის რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ.
გასულ ორშაბათს, კრემლმა განაცხადა, რომ სანდუს მოსკოვთან არ განუხილავს რუსი მშვიდობისმყოფელების ეუთოს მეთვალყურეებით შეცვლის საკითხი.“ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქცივიზმი იმძლავრებს, რომ ამ საკითხში იქნება გარკვეული მემკვიდრეობითობა და გავითვალისწინებთ ნებისმიერი მკვეთრი ნაბიჯის შესაძლო შედეგებს“- განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა.
რუსეთისთვის სანდუს არჩევა და მისი პროევროპული დისკურსი უსიამოვნო მოვლენააა, ამგვარად მოლდოვა ემიჯნება რუსეთის გავლენის სფეროს. კრემლი ღიად უჭერდა მხარს იგორ დოდონს (მოლდოვის სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წლიდან ეკავა).
ეს მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მეტად დაძაბულ პერიოდში, როცა მოსკოვის მოკავშირე ბელორუსი და ყირგიზეთი სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან.
“ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში დაბალანსებული მიდგომის მოთხოვნილება დიდია, დიალოგი დოდონთან ახლაც გრძელდება, ის, ამ თვალსაზრისით, უფრო კონსტრუქციული იყო “- ხაზი გაუსვა პესკოვმა