Neue Zürcher Zeitung შვეიცარია
ანდრეას უმლანდი, ანატოლი ამელინი, ადრიან პროკოფი
ოდესღაც უკრაინა ევროპის ბეღელი იყო და ამ ქვეყნის აღორძინების გზაზე მდგარ სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს დიდი ქვეყანა ასევე ფლობს გაზის მნიშვნელოვან რესურსებს. მას ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია
დაუსრულებელ კონფრონტაციასა და მოლაპარაკებებს – რუსეთის გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მარშრუტებზე – ყურადღება გადააქვს უკრაინის გაზის რესურსების, გაზსაცავებისა და ბიოაირის რესურსების საკითხებიდან. თუკი რუსეთის არაევროპულ ნაწილში არსებულ ბუნებრივი აირის გიგანტურ მარაგებს გვერდზე გადავდებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინას სადღეისოდ აქვს ევროპაში სიდიდით მეორე მოძიებული გაზის რესურსები. 2019 წლის ბოლოსთვის ის 1.09 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა. ძველი სამყაროდან უფრო მეტი, მხოლოდ ნორვეგიას აქვს: 1,53 ტრილიონი ,,კუბი.’’
დაუდგენელი გაზის საბადოები
მიუხედავად ამისა, უზარმაზარი ენერგეტიკული რეზერვები, რომელიც უკრაინის წიაღში იმალება, თითქმის გამოუყენებელია. უკრაინა საკუთარი მარაგების მხოლოდ 2%-ს მოიხმარს. ამას გარდა, ინტენსიურმა საძიებო სამუშაოებმა გამოუკვლევ საბადოებზე, შესაძლოა ეს ციფრი მნიშვნელოვნად გაზარდოს.
ევროკავშირისთვის თანამშრომლობა ახალ ენერგეტიკულ პარტნიორთან მეტად სასარგებლო იქნებოდა.
კორონავირუსის აფეთქებამდე უკრაინის მიერ მოხმარებული გაზის საშუალო მონაცემი წლიურად 32 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. აქედან, დაახლოებით 10 მილიარდი ,,კუბი’’, ყოველწლიურად იმპორტით იფარება. თუ ამ მოცულობას ხსენებულ ციფრებს შევადარებთ, მივხვდებით, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში შეიძლება ნამდვილი რევოლუცია მოხდეს.
ევროკავშირს, მისივე მონაცემებით, 2030 წელს გაზის 90%-იანი იმპორტი მოუწევს. ამ მიზეზით ბრიუსელი მომავალ ათწლეულისთვის შეეცდება მოახდინოს ,,ცისფერი საწვავის’’ წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაცია. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირს დააინტერესებს გაზის წვრილი ექსპორტიორებიც, რომლებიც აშკარად არსებობენ, ან მომავალში გამოჩნდებიან და მათ რიცხვშია უკრაინაც. ამ ქვეყნიდან იმპორტმა შესაძლოა შეამციროს ევროკავშირის გაზის ბაზრის დომინანტ მოთამაშეებზე დამოკიდებულება და მათთან მოლაპარაკებისას ბრიუსელის პოზიციები გააძლიეროს.
ბოლო წლებში უკრაინამ, დიდწილად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეწოლით, შეამცირა სახელმწიფოს ჩარევა გაზის შიდა ბაზარზე და საშინაო მეურნეობების სუბსიდირება. ამ ახალმა, ეკონომიკურად სტაბილურმა ვითარებამ, შესაძლოა უფრო გაზარდოს უცხოელი და თვით უკრაინელი ინვესტორების მონაწილეობა ახალი საბადოების მოძიების პროცესში, ვიდრე ეს იყო წინა წლებში. ამის ხარჯზე გაუმჯობესდება საინვესტიციო კლიმატი და 2021 წლისთვის კორონავირუსზე გლობალური გამარჯვების შემდეგ, მოხდება ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებზე ვითარების სტაბილიზაცია.
ფართო ინფრასტრუქტურა
უკრაინა ფლობს გაზის ტრანსპორტირების ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ფართო ინფრასტრუქტურას, როგორც ქვეყნის შიდა ბაზრის უზრუნველსაყოფად, ისე უცხოეთში ტრანზიტისთვის. გაზის ტრანსპორტირების უზარმაზარი სისტემა, სსრკ-ს ევროპაში ენერგეტიკული ექსპანსიისა და მაშინდელი გფრ-ს 1970-იანი წლების ,,ახალი აღმოსავლური პოლიტიკის’’ მემკვიდრეობაა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი უკრაინის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურისა, არის მისი გაზსაცავები. მისი საერთო მოცულობა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენება, შეადგენს 31 მილიარდ კუბურ მეტრს. ასე რომ, უკრაინამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო მარაგებს (სადღაც 100 მლრ. კუბური მეტრი) შეიძლება შემატოს თითქმის მესამედი. ამა წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, საერთაშორისო კონცერნებმა უკრაინის ტერიტორიაზე შენახვის მიზნით, 7,9 მილიარდი კუბური მეტრი გადაქაჩეს. ეს ბევრად აჭარბებს უცხოური გაზის იმ მოცულობას, რომელიც უკრაინაში მთელი 2019 წლის განმავლობაში ინახებოდა.
კიდევ ერთი შემადგენელი უკრაინის გაზის პოტენციალისა არის ბიოგაზი. სადღეისოდ ქვეყანას აქვს სიმძლავრე წლიურად 10 მილიარდი ,,კუბი“ ბიოგაზი აწარმოოს. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენის იმპორტსაც ქვეყანა ახორციელებს. უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ბიოგაზის წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ბიოგაზის წყალბადთან შერევით მიიღება ბიომეთანი – უაღრესად ეკოლოგიური ენერგომატარებელი.
ბუნებრივი აირის, ბიოგაზისა და ბიომეთანის წარმოების ზრდას შეუძლია, არა მარტო შეამციროს, არამედ სრულად უზრუნველყოს უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ასე რომ, ქვეყანაში შეიძლება შეიქმნას ექსპოტზე ორიენტირებული ეკონომიკის დარგი, რომელიც ხელს შეუწყობს წარმოების სხვა სექტორების განვითარებასაც. ევროკავშირმა კი თავის მხრივ, შეიძლება მნიშვნელოვნად იხეიროს ახალ ენერგეტიკულ პარტნიორთან თანამშრომლობით, მით უფრო, რომ უკრაინა მისი უშუალო მეზობელია.