Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

LE MONDE საფრანგეთი

იზაბელ მანდრო

 

 

ორშაბათ დილას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 5 წუთში, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს.

დაჭრილები ყარაბაღიდან, უმეტესად ახალგაზრდები, რომელთა ასაკი 20 წელს ოდნავ თუ აღემატება, მასობრივად ხვდებიან საავადმყოფო „ერებუნში“, რომელიც უდიდესია ერევანში. 90%-ს ხელ-ფეხი აქვს დაზიანებული კასეტური ბომბებისგან, ხშირია ამპუტაცია“ – ჰყვება ქირურგი მიქაელ მანუკიანი. ორივე რეანიმაცია გადავსებულია, მთელ საავადმყოფოში დაჭრილებზე მოდის  ასობით საწოლი. ნათესავები მოღუშული სახეებით კორიდორებში ელიან ახალ ამბავს. ზოგმა არც იცის, რა ბედი ეწია მის ახლობელს

კონფლიქტის დაწყებიდან (რომელსაც სომხეთი და აზერბაიჯანი უპირატესად სომხებით დასახლებული პატარა კავკასიური რეგიონის კონტროლისათვის აწარმოებენ)  მოყოლებული,  სისხლი ორივე მხარეს იღვრება. 24 ოქტომბერს არაღიარებული რესპუბლიკის (მას მხარს სომხეთი უჭერს) თავდაცვის სამინისტრომ 920 მებრძოლის დაღუპვის ამბავი გამოაცხადა. ეს მხოლოდ ის ჯარისკაცები არიან, ვისი ვინაობაც დადგინდა. ევროპული და რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს ასობით ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოტანას, რადგან ჰუმანიტარული ზავის ყველა მცდელობა მარცხით დამთავრდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაახმიანა მსხვერპლის რიცხვი – 5 000 კაცი. შემზარავი შედეგია თვეზე ნაკლები ხნით  მიმდინარე დაპირისპირებისთვის.

                                        „ჰუმანიტარული“ ზავი

ასეა თუ ისე,  ორშაბათ დილას „ჰუმანიტარული“ ზავის შესრულება უნდა დაწყებულიყო  – აშშ-ს ინიციატივით დაწყებული სამდღიანი მოლაპარაკების შედეგად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე: სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ცალ-ცალკე მიიღო ორივე ქვეყნის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი. მათ, თავის მხრივ, გამოაქვეყნეს ერთობლივი პრეს-რელიზი იმ შეთანხმების შესახებ , რომელიც მინსკის ჯგუფის თანდასწრებით გაფორმდა ( ესჯგუფი შეიქმნა 1992-94 წლებში აშშ-ს , საფრანგეთისა და რუსეთის თანათავმჯდომარეობით). შეთანხმებით დადეგმილი იყო მხარეთა შეხვედრა 29 ოქტომბერს ჟენევაში, რათა განხილულიყო „ სამშვიდობო მოწესრიგების ყველა ეტაპი“.

ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება (რომლის შესრულების იმედი ბევრს თავიდანვე არ ჰქონდა), უპირველესად, სომხეთის მოთხოვნით გაფორმდა, რომლის პოზიციებიც ბოლო დღეებში  მნიშვნელოვნად შეირყა მოწინააღმდეგის  დარტყმების შედეგად. 08.05-ზე, ანუ ზავის ამოქმედებიდან 5 წუთში, აზერბაიჯანმა სომხეთი ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. 40 წუთის შემდეგ, ახლა უკვე ერევანმა დასდო ბრალი ბაქოს ზავის „უხეშად დარღვევაში“.

„ლაპარაკია ტოტალურ ომზე მთიანი ყარაბაღის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე“ – განაცხადა კვირას სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ პაშინიანმა, რომელმაც ერევანში ფრანგ პარლამენტართა თხუთმეტკაციანი დელეგაცია მიიღო. მართალია სომხეთის ძალები შეუპოვრად იბრძვიან, მაგრამ მოწინააღმდეგეს უდავო უპირატესობა აქვს ჰაერში ( თურქეთის დახმარებით) – საბრძოლო უპილოტოების BAYRAKTAR TB2-ების ხმა შიშის ზარს სცემს ყარაბაღის მოსახლეობას. შედეგად, რეგიონი დაცარიელდა: მოსახლეობის 60%-მა ძირითადად ქალებმა და ბავშვებმა სომხეთს შეაფარეს თავი. ახლახან აზერბაიჯანელებმა, თურქების შეყვანილი სირიელი დაქირავებულების დახმარებით, კინაღამ დაიკავეს ლაჩინის კორიდორი.

ახლა ეს ერთადერთი გასასვლელია, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს (ის 1994 წელს, სომეხთა გამარჯვების შემდეგ გაიხსნა). 1997 წელს, ჩრდილოეთით, მეორე მარშრუტი ამოქმედდა , მაგრამ ის ახლა გამოუსადეგარია მიმდინარე ბრძოლების გამო. ლაჩინის დაკარგვის შემთხვევაში თვითაღიარებული რესპუბლიკა სომხეთის დახმარებისა და ყოველგვარი მომარაგების გარეშე დარჩება. სადღეისოდ აზერბაიჯანელები ამ კორიდორიდან სულ რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან. ყარაბაღის ხელისუფლება აქვეყნებს რუკას, სადაც სომხების მიერ თავის დროზე დაპყრობილი 7 ბუფერული ზონიდან, 5 ბაქოს კონტროლქვეშ მოექცა. წყაროების გადმოცემით, ახლა აზერბაიჯანის არმიის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ქალაქი შუშა (ის მასირებულად დაიბომბა 8 ოქტომბერს), რომლის აღება ბაქოს ხელ-ფეხს უხსნის  დაიკავოს „დედაქალაქი“ სტეპანაკერტი. საპასუხოდ, ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ასამარ₾ებლად და მტრის ჯინაზე, სომხებმა გადასცეს ქორწილის კადრები ნახევრად დანგრეული ეკლესიიდან.

                                                  „ახალი ჰიტლერი“

სამთავრობო სხდომათა დარბაზში, სადაც ფრანგი პარლამენტარები მიიწვიეს, პაშინიანმა მწვავედ გააკრიტიკა თურქეთის მხრიდან ბაქოს მხარდაჭერა: „სამხედრო ოპერაციების მხოლოდ მესამედი მოდის აზერბაიჯანელებზე. მათ წარმოდგენა არა აქვთ იმ აპარატებზე, რომლებსაც თურქი სპეციალისტები მართავენ. გვაქვს ეჭვი, რომ ისინი ამას თურქეთის ტერიტორიიდან ახერხებენ.“ ერთსაათიანი საუბრის დროს პაშინიანი სულ უფრო ცხარდებოდა და ერთ მომენტში ერდოგანი „ ახალ ჰიტლერადაც“ მოიხსენია: „ თუ ის ბედავს ასეთ ტონით მოიხსენიოს დიდი ქვეყნის ლიდერი (რედაქციისგან: ერდოგანმა მიანიშნა მაკრონის არასახარბიელო ფსიქიკურ მდგომარეობაზე), ხელს რა უშლის იგივე პოლიტიკა სხვა ადგილებშიც წარმართოს? ჩვენ საქმე გვაქვს ექსპანსიონისტურ პოლიტიკასთან და თუ ერდოგანი წარმატებას მიაღწევს სამხრეთ კავკასიაში, ის გაემართება ჩრდილოეთისა და დასავლეთისკენ! მისი ქმედება უნდა განიხილოს უფრო ფართო – სირიის, საბერძნეთისა და მთიანი ყარაბაღის – კონტექსტში“.

„სომეხი ხალხი, მიუხედავად დანაკარგისა, მზად არ არის კაპიტულაციისთვის“ –  განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა და ხაზი გაუსვა კომპრომისზე წასვლისთვის მზაობას, რაც მან თავადვე უარყო სამი დღის წინ. მაგალითად, მან ყაზანის დოკუმენტი დაასახელა, „როცა შეთანხმდნენ, რომ ხუთი ბუფერული ზონა დაუბრუნებდებოდა აზერბაიჯანს –  ყარაბაღის გარდამავალი სტატუსის, მოგვიანებით კი მისი დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ. აზერბაიჯანმა ბოლო მომენტში უკან დაიხია, რადგან შეეშინდა, რომ ამას დიდი ალიაქოთი მოჰყვებოდა ქვეყნის შიგნით“.

დღეს სიტუაცია იმდენად მწვავეა, რომ ანკლავისათვის ბუფერული ზონების სრულად მოწყვეტა არ გამოირიცხება, თუკი მთიან ყარაბაღს საზღვრების ხელშეუებლობისა და უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ.

დაზაფრული ერევანი, რომელიც პირველად შეჯახა ყარაბაღის დაკარგვის რეალურ საფრთხეს, ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ როგორმე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს. ამ უკანასკნელის რეაქცია კი ბოლო დრომდე საკმაოდ დუნე იყო ( თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით) და დასავლეთი დღემდე ინარჩუნებს სომხებისთვის გაუგებარ ნეიტრალიტეტს.

ამ ვითარებაში, ფრანგ პარლამენტართა მრავალრიცხოვანი დელეგაციის სტუმრობა ერევანში, ბაქოს შეუმჩნეველი არ დარჩენია. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰიქმეთ გაჯიევმა ტვიტერში გაკიცხა „ ცალმხრივი და არაობიექტური ვიზიტი“. ამასთან, ზავის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას დაემთხვა ხმები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანში გაიგზავნა  თურქეთის სპეციალური სამთო დანაყოფი. ეს ამბავი სულ უფრო აქტიურად ვრცელდება სომხეთის დედაქალაქში და უცხოელ დიპლომატთა შორის.

By admin

You missed