CNN აშშ
ნიკ პეიტონ უოლში
რაღაც პერიოდი ისინი თითქოს მეგობრობდნენ. კგბ-ს ყოფილმა მზვერავმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეძლო ნატოს მკლავებიდან გამოეგლიჯა ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ურჩი წევრი – თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოგანი. ისინი ერთმანეთს მუდმივად ურეკავდნენ. თურქეთი გააძევეს F-35-ის წარმოების პროგრამიდან იმის გამო, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C – 400 შეიძინა და მოულოდნელად ანკარა მოსკოვს უფრო დაუახლოვდა, ვიდრე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს
მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ორი ქვეყანა ერთმანეთს სირიაში შეეჯახა, საპირისპირო მხარეებს ეხმარებოდა ლიბიაში და მთლიანობაში მათ ერთმანეთი აღიზიანებთ, რადგან ცდილობენ შეავსონ რეგიონული ვაკუუმი, რომელიც ახლა აღმოსავლეთიდან აშშ – ს გასვლით შეიქმნა. პუტინი და ერდოგანი ერთმანეთს აღარ ეხმარებიან. მეტიც, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის პირობებში, რომელიც ანკლავ მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარეობს, ერდოგანმა პუტინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
თურქეთმა ცალსახად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის სამხედრო კამპანიას და სავსებით შესაძლებელია ხელიც შეუწყო სირიელი დაქირავებულების კონფლიქტის ზონაში ბაქოს მხარდასაჭერად გადასროლას, თუმცა ოფიციალური ანკარა ამას უარყოფს. ამის წყალობით აზერბაიჯანმა მყისიერად წაიწია წინ სასტიკი ძალის გამოყენებით. სომხეთმა სცადა აღედგინა მოლაპარაკების ძველი ფორმატი, მოეპოვებინა აშშ-ს მხარდაჭერა და პირობა დადო, რომ გამარჯვებამდე იბრძოლებდა.
თუმცა ტერიტორიის ნაწილი მან უკვე დაკარგა. დაბომბვა სულ უფრო ღრმად აზიანებს დასახლებულ პუნქტებს ორივე მხარეს, მოსკოვი კი დუმს. ეს გამაყრუებელი სიჩუმეა. გავლენიანი რეგიონული მოთამაშე, რომელიც ესაზღვრება აზერბაიჯანს, მაგრამ სომხეთთან ოფიციალურ ალიანსში იმყოფება უსაფრთხოების სფეროში, დიპლომატური ხერხებით მოითხოვს ზარბაზნების დადუმებას. ჯერჯერობით რაიმე თვალშისაცემ გავლენას მოსკოვი ქაოსურ კონფლიქტზე ვერ ახდენს.
ამ კვირაში მოსკოვმა სვლა უნდა გააკეთოს. სომხეთი, როგორც ჩანს, არ ფლობს ტექნიკურ საშუალებებს, რომ წინ აღუდგეს უპილოტო აპარატებსა და აზერბაიჯანის შეტევას, ამდენად, აფართოებს კონფლიქტის ზონას ესვრის რა აზერბაიჯანის მთავარ ქალაქებს (როგორც ბაქო აცხადებს). ასეთ დროს კრემლი ჩვეულებისამებ ახერხებდა მხარეების დაყოლიებას ან იძულებას , რომ ისინი მიბრუნებოდნენ მანამდე არსებულ წესრიგს, ახსენებდა რეგიონს ვინ იყო საბჭოთა დროს აქ ბატონ -პატრონი.
ახლა კი მოსკოვი ხმას არ იღებს და ამ დუმილის მიზეზი გაურკვეველია.
უქმეებზე პუტინმა ჩაატარა უშიშროების საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, ორშაბათს კი კრემლის ვებსაიტზე განთავსდა განცხადება ამ საკითხზე, რომელიც გაკეთდა პუტინის ტაჯიკეთის პრეზიდენტთან საუბრისას. ეს უკანასკნელი კი ნამდვილად არ არის ლიდერი იმ ქვეყნისა, რომელმაც შეიძლება ჩააქროს რეგიონული ხანძარი.
არსებობს არგუმენტები, რომ მოსკოვს თვალში არ მოსდის სომხეთის პრემიერ – მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს ხავერდოვანი რევოლუციის ტალღაზე მოვიდა და მოისურვა ქვეყანაში დასავლური ყაიდის რეფორმების გატარება. პაშინიანი ფრთხილად უახლოვდება ევროკავშირს და იმავდროულად ინარჩუნებს ღრმა ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა დასაჯოს სომხეთის ახალი მეთაური, ოფლში გაწუროს ან სულაც დასამარცხებლად გაიმეტოს ის ამ კონფლიქტში. ჩვენ გვახსოვს როგორ შეიჭრა ის 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე, როცა კიევმა ძალზე ღრმად შეტოპა ბრიუსელთან ურთიერთობაში.
სომხეთმა უდავოდ გაიგო ეს სიგნალი და მიხვდა, რომ რუსეთის არასაკმარისი ერთგულებისთვის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა გაცილებით ხმამაღლა ისმის რეგიონული სიგნალი: თურქეთის მოკავშირე, როგორც ჩანს, იმარჯვებს, რუსეთისთვის კი ეს ძალზე რისკიანი გათვლაა. ის ფიქრობს, რომ თუნდაც თანდათანობით დაახლოება სომხეთისა ევროკავშირთან ნაკლებად აღიზიანებს მოსახლეობას საკუთარ პროევროპელ პრემიერზე, ვიდრე რუსეთზე, რომელმაც ბედის ანაბარა მიატოვა ძველი მოკავშირე.
არსებობს სხვა არგუმენტიც: ყარაბაღის მთაგორიანი ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული, ანომალიას წარმოადგენს რუკაზე და მას არა აქვს საკმარისი სტრატეგიული ღირებულება მოსკოვისთვის. ამდენად, მოსკოვს არ სურს დახარჯოს თავისი სამხედრო და პოლიტიკური კაპიტალი ამ ანკლავზე. თუმცა სომხეთი დიდი ხანია იმდენად მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთისთვის, რომ აგვისტოში მოსკოვმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ ) ამ წევრს ფასდაკლებით მიჰყიდა დიდი რაოდენობით იარაღი, რითაც გამოიწვია გაცილებით მდიდარი აზერბაიჯანის აღშფოთება.
ამ კვირაში ОДКБ-ს ბელორუსში უნდა ჩაეტარებინა სწავლება სახელწოდებით ,,ურყევი ძმობა’’, მაგრამ სომხეთმა ორშაბათს მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა – მიმდინარე კონფლიქტის გამო. საეჭვოა პუტინს ის უყურადღებოდ დაეტოვებინა. პაშინიანი კრიზისის დაწყებიდან პუტინს რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა.
დასავლეთს ახასიათებს ფიქრი, რომ ყველაფერი რაც პუტინს უკავშირდება, მის ჩანაფიქრს ასახავს. ეს ერთობ მაღალი შეფასებაა რუსეთის ლიდერის, რომლის თანახმად ძიუდოში გამოწვრთნილი კრემლის მეთაური თავის მეტოქეებს ჯაბნის იშვიათი მოქნილობით, არ არის შეზღუდული შეკავებისა და წონასწორობის მექანიზმებით და ამდენად გეოპოლოტიკურ პერსპექტივას ჭვრეტს გაცილებით უკეთ, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე დემოკრატიები. დასავლეთს სჩვევია იფიქროს რომ პუტინი ახერხებს ამოიცნოს მოსალოდნელი კრიზისები, ფლანგებიდან აუაროს მათ გვერდი და მიიღოს გაბედული გადაწყვეტილებები მაშინ, როცა აშშ და ევროპა მხოლოდ აღშფოთებით შემოიფარგლებიან.
მაგრამ ბოლო დროს კრემლი სხვის საქმეებში ზედმეტად ხშირად ერევა. ამჟამად მოსკოვს თავისი (მარიონეტული) ძალები ჰყავს უკრაინაში, სირიაში და ლიბიაში (ასე ირწმუნებიან ამერიკის ოფიციალური პირები), მას მოუწია კუთხეში მიმწყვდეული ბელორუსი დიქტატორის ალექსანდრ ლუკაშენკოს მოულოდნელი დახმარება. ამ დახმარების მასშტაბები და შინაარსი არ ხმაურდება. ეს ოთხი სხვადასხვა კრიზისია და ყველა აქტიურ ფაზაშია შესული. აქვს კი კრემლს ძალა, საშუალებები და გამბედაობა რომ მეხუთე კრიზისს შეებას?
მთიან ყარაბაღში რუსეთის ჯარების შეყვანა და მათი კონფლიქტში ჩართვა არ იქნება ადვილი. რუსეთს აქვს სამხედრო ბაზები ერევანსა და გიუმრიში. მაგრამ მას მოუწევს საჰაერო გზით დამატებითი ძალებისა და საშუალებების გადასროლა, ან საქართველოს უნდა ეხვეწოს მისი შენაერთების ტრანზიტი ამ ქვეყნის ტერიტორიის გავლით. ამას გარდა, ახლა ძალიან გვიანია. აზერბაიჯანელები, როგორც ჩანს, უპირატესობას ფლობენ ტექნიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით. მართალია ანკარა უარყოფს საფრანგეთის ღია ბრალდებებს, რომ თურქეთი აზერბაიჯანს ამარაგებს სირიელი დაქირავებულებით, მაგრამ ისინი არსებითად ეხმარებიან შეტევაზე გადასულებს.
პუტინი ქვეყნის შიგნითაც არ გრძნობს თავს კომფორტულად. მისი რეიტინგი ბოლო დროს გამოსწორდა პანდემიისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური უკმაყოფილების შემდგომ, მაგრამ რუსეთის ეკონომიკა კვლავინდებურად პრობლემებს აწყდება. გერმანიამ პუტინი დაადანაშაულა მისი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ოპონენტის მოწამვლაში. პროტესტი იზრდება. ბელორუსში სიტუაცია არასტაბილურია და იქნებ ახლა უდროო იყოს ახალი სამხედრო ავანტურის წამოწყება, რომელიც შეიძლება გაჭიანურდეს?
გასაოცარია კიდევ ერთი გარემოება: აშშ-ს სრული უმოქმედობა. ჩვეულებრივ ვაშინგტონი ცდილობდა შფოთიანი კავკასიის დამშვიდებას. მთიან ყარაბაღში შეტევების დაწყებისთანავე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სტივენ ბიგანი დაელაპარაკა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. მაგრამ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოავლინა ამერიკის სრული გულგრილობა, როცა FOX NEWS-ს განუცხადა: ,,ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას. ჩვენ ვთვლით, რომ გარეშე ძალები მასში არ უნდა ჩაერიონ, მხარეებს მოვუწოდებთ შეწყვიტონ ცეცხლი.’’ არსებითად ამერიკას ეს დაპირისპირება არ აინტერესებს – ის სხვა საქმეებშია ჩაფლული.
თუ რუსეთსაც ასევე არ აინტერესებს ეს კონფლიქტი და ისიც სხვა რამითაა დაკავებული, მაშინ თურქეთის ბრავადა და მზარდი რეგიონული გავლენა, მართლაც მნიშვნელოვან მოვლენად გადაიქცევა.