BLOOMBERG აშშ
ჯეიმს სტავრიდისი
,,გაყინული კონფლიქტი’’ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცხელ დაპირისპირებად გადაიქცა. ის, რაც დასავლეთში შესაძლოა ჰგონიათ მცირე შეტაკება ჩვენი პლანეტის მივარდნილ კუთხეში, სინამდვილეში, მოახდენს არსებით გავლენას რეგიონული უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკულ ბაზრებზე და აისახება ორი ამბიციური ლიდერის – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოგანის – ქმედებებზე, რომლებიც არაერთ პრობლემას ქმნიან
საომარი დაპირისპირება, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან იწყება, ძირითადად მიმდინარეობს აზერბაიჯანის შიგნით, პატარა ანკლავ მთიან ყარაბაღში, სადაც სომხები ცხოვრობენ. ამ მთიან, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში (რომელიც ოფიციალურად მის მფარველ სომხეთსაც არ უცნია) ცხოვრობს 150 000 კაცი, მაგრამ ის უკიდურესად მილიტარიზებულია. აზერბაიჯანელებმა ამ ტერიტორიაზე კონტროლი 1990-იან წლებში დაკარგეს, და დაპირისპირებას 30 000 კაცი შეეწირა. მიუხედავად საომარი განცხადებებისა და იარაღის ჟღარუნისა, მათ ვერც დიპლომატიური და ვერც სამხედრო საშუალებებით ვერ შეძლეს დაკარგულის დაბრუნება.
როდესაც მე ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, მომიხდა ორივე ამ ქვეყნის მონახულება. მათი თავდაცვის მინისტრებს იმხანად ერთმანეთი სძულდათ და მართალია, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ნატოს პარტნიორები იყვნენ, ისე რომ არ იყვნენ ამ ორგანიზაციის წევრები (მათი მცირე სამხედრო კონტიგენტები ავღანეთშიც იმყოფებოდნენ), ორივე უწყების ხელმძღვანელი მხოლოდ ერთმანეთის ორპირობასა და მუხანათობაზე საუბრობდა. სამწუხაროდ, თითოეული თავისი ხალხის მოსაზრებას გამოხატავდა. არავის უნდოდა, თუნდაც ერთი ნაბიჯით უკან დახევა, ამ სიტყვის პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.
ჩემი ნატოში ოთხწლიანი ყოფნის განმავლობაში, აზერბაიჯანლებმა რამდენჯერმე წამოიწყეს გაუბედავი იერიში მთიან ყარაბაღზე, რომლებიც სომხებმა იოლად მოიგერიეს. ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, საქმე რომ სერიოზულ დაპირისპირებამდე მისულიყო, სომხები უთუოდ გაიმარჯვებდნენ. რუსეთის ფედერაცია ორივე მხარეს აწვდიდა იარაღს, წვრთნიდა მათ სამხედროებს და რუსების ყოფნას ადგილზე მართლაც ჰქონდა დამამშვიდებელი ეფექტი, მაგრამ ყველას მოეხსენება, როცა პუტინი მშვიდობისმყოფელს თამაშობს, აქედან კარგს არაფერს უნდა ელოდე.
ახლანდელი ესკალაციის დროს ორივე მხარე ირწმუნება, რომ შეტევა პირველად მოწინააღმდეგემ დაიწყო. ივლისში იყო რამდენიმე შეჯახება, როცა დაიღუპა ათამდე აზებაიჯანელი (ძირითადად სამხედროები). ახლა კი დანაკარგები ასეულებსს აღწევს. კვირას ორივე მხარემ მოახდინა მობილიზაცია და გამოაცხადა საომარი მდგომარეობა. სამშაბათს სომხეთი ირწმუნებოდა, რომ მისი ერთ-ერთი თვითმფრინავი თურქულმა F-16 -მა ჩამოაგდო. თურქეთი ამას უარყოფს.
სხვა ქვეყნები არც ცდილან ჩარეულიყვნენ და მხარეები მოლაპარაკებების გზით ცეცხლის შეწყვეტაზე დაეყოლიებინათ. წარსულში სწორედ ამგვარად ახერხებდნენ დაძაბულობის შენელებას, თუნდაც დროებით. ბოლო ასეთი მცდელობა ჰქონდა მინსკის ჯგუფს, საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ – ს თანათავმჯდომარეობით, მაგრამ 2010 წელს მათი წამოწყება უშედეგოდ დასრულდა.
ახალი აფეთქების პირობებში, უმთავრესი საფრთხე არის ის, რომ თურქეთი და რუსეთი მხარს უჭერენ საპირისპირო მხარეებს. თურქებს არ უყვართ სომხები და ეხმარებიან ერთმორწმუნე მუსულმანებს ( ოსმანთა საუკუნის წინ ჩადენილი სისასტიკე სომხების ეროვნულ ცნობიერებაშია ჩაბეჭდილი ), რუსეთს კი სომხეთთან აქვს ოფიციალური ხელშეკრულება თავდაცვის შესახებ და მათ მჭიდრო კავშირები აქვთ სამხედრო სფეროში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაპირისპირებული ქვეყნების მეზობლებს წარმოადგენენ მუდმივად არასტაბილური საქართველო და ამერიკის დაუძინებელი მტერი ირანი. ნავთობის მსხვილი მარაგების მქონე აზერბაიჯანის ( 7 მილიარდი ბარელის მოძიებული მარაგი, პლუს ბუნებრივი აირის დიდი რეზერვი) მილსადენები კი სომხეთის საზღვრიდან 16 კილომეტრში გადის.
მე ამ რეგიონში კონფლიქტის გამწვავების დროს რამდენჯერმე ვიყავი, მაგრამ ახლა ვითარება განსხვავებული და გაცილებით სახიფათოა. თურქეთი და რუსეთი ერთმანეთის პირისპირ დგანან ( არა მარტო კავკასიაში, არამედ სირიასა და ლიბიაშიც), ევროკავშირი კი ბრექსითით და თურქეთ – საბერძნეთის დაძაბული ურთიერთობის განმუხტვით არის დაკავებული. ნატო, რომელიც ინარჩუნებს პარტნიორობას სომხეთთან და აზერბაიჯანთან, აცხადებს, რომ ,,მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი ქმედებები’’, და რომ ,,კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლებლობა არ არსებობს ’’ – მაგრამ, ის კონკრეტულად არავის არაფერს სთავაზობს.
მშვიდობიანი მოგვარების შანსი მცირეა. მოლაპარაკებით მიღწეული შედეგებისადმი ნდობა გაიზრდებოდა, თუ მასში ჩაერთვებოდა თურქეთი. პუტინს კონფლიქტის ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა რუსეთი აშკარად იხრება ორთოდოქსულ-ქრისტიანული სომხეთისკენ. შეიძლება ითქვას, აშშ, თურქეთი და რუსეთი ერთობლივად მოახერხებენ, დაარწმუნონ დაპირისპირებული მხარეები გადაუხვიონ კატასტროფული გზიდან, რომელსაც ისინი ამჟამად ადგანან.
ამის დაწყება შესაძლებელია ტერიტორიის სიმბოლური გარკვეული ნაწილის დაბრუნებით აზერბაიჯანისთვის. ორივე ქვეყანას შეუძლია აიღოს ცეცხლის შეწყვეტისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოუყენებლობის ვალდებულება (როგორც ეს მოახერხეს ჩინეთმა და ინდოეთმა ამასწინანდელი კონფლიქტის დროს ჰიმალაებში – კონტროლის ხაზზე.) შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაიწყოს საზღვრების გახსნის პროცესი. საერთო მოსაზრებით, ამის განსაკუთრებული იმედი არ არსებობს.
2003 წელს თომას დე ვაალმა დაწერა შესანიშნავი წიგნი ,,შავი ბაღი’’, სადაც ის იკვლევს კონფლიქტის საწყისებს. ბოლოს ავტორი წერს: ,,მთიან ყარაბაღში დავის სამართლიანი მოგვარება მოითხოვს მტკივნეულ კომპრომისებს ორივე მხრიდან, მათ მოუწევთ მოარიგონ ურთიერთგამომრიცხავი პრინციპები.’’ ამჟამად ასეთი კომპრომისები უფრო ნაკლებსავარაუდოა, ვიდრე მცირე ომი მძიმე შედეგებით.